შინაარსზე გადასვლა

საქართველოს მევენახეობა და მეღვინეობა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მევენახეობა და მეღვინეობასაქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგი. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან. ჩვენი ერის შემოქმედებითი ბუნება და განსაკუთრებული სიყვარული ვაზისა და ღვინისადმი გამოიხატა ქართულ კულტურაში, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ორნამენტში, ჭედურობაში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დარგებში. ვინც იმოძრავებს ის ბოზია

საქართველო ითვლება მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერად და ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების ზონად მსოფლიოში, რასაც ადასტურებს, გარეული და კულტურული აბორიგენული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, აგრეთვე ამპელოგრაფიული, პალეობოტანიკური, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფილოლოგიური, ლინგვისტიკური და სხვა მეცნიერული გამოკვლევები, როგორც ქართველი ისე უცხოელი მკვლევარებისა.

ვაზი საქართველოში ფართოდ გამოიყენება. იყენებენ ყურძნისგან დაწურულ წვენს, ამზადებენ ბადაგს, თათარას და ჩურჩხელებს, გამოიყენება საჩამიჩედ, არსებობს დეკორატიული ჯიშები. იყენებენ სამკურნალოდ: გულსისხლძარღვთა დაავადებისა და სისხლის ნაკლებობის დროს.

ქართული ვაზის ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო ითვლება კულტურული ვაზის (Vitis vinifera) წარმოშობის ერთ-ერთ პირველ ცენტრად. სავარაუდოდ, ძვ. წ. აღ. 6000–4000 წლებიდან მომდინარეობს ვაზის სელექცია. აქედან, კულტურული ვაზი გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის აუზში, ახლო აღმოსავლეთში და ბოლოს ამერიკაში. ყურძნის წიპწები აღმოჩენილია ირანში, თურქეთში, სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში. თუმცა, ქართული მასალების ასაკი და სახეობათა სრულყოფილება ნათლად მოწმობს, რომ საქართველოში ვაზის მოშენებისა და ღვინის დამზადება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000 წლის წინ ან უფრო ადრე იყო. საქართველოში ვაზის ხანგრძლივი კულტივირების დამადასტურებელ ფაქტს წარმოადგენს თესლების არქეოლოგიური ნარჩენები. 1965 წელს სიმონ ჯანაშიას ისტორიის სახელმწიფო მუზეუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივმა ექსპედიაციამ შულავერის მდელოზე (ქვემო ქართლი) აღმოაჩინა უძველესი დასახლება და მისი ნანგრევები, სადაც დიდი ოდენობით ბოტანიკური მასალა იპოვნეს. აღმოჩენილ მასალებს შორის განსაკუთრებით საყურადღებო იყო ყურძნის წიპწა. ანალიზის შემდეგ, მორფოლოგიური და ამპელომეტრული მონაცემების მიხედვით ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის არის მოშინაურებელი ყურძნის ნაირსახეობის წიპწა. ნახშირწყლების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ წიპწები თარიღდება ძვ. წ. აღ. 5000–7000 წლებით და არის უძველესი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. გვიანი ქვის ხანის, ნეოლითის მონაცემების მიხედვით, კაცობრიობის კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ღვინის კულტურა სწორედ საქართველოდან მკვიდრდება. შულავერში აღმოჩენელი უძველესი მოშინაურებული ყურძნის წიპწები ადასტურებს, რომ იმ დროისთვის მტკვრის ხეობაში, სამხრეთ და ცენტრალურ საქართველოში უკვე არსებობდა კარგად განვითარებული მეღვინეობის კულტურა.

ლეგენდის მიხედვით, როდესაც განმანათლებელი წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა, მას ხელში ეჭირა ვაზისგან დამზადებული, საკუთარი თმით შეკრული ჯვარი. მას შემდეგ ვაზი ახალი რელიგიის სიმბოლოა. ასევე, ქართული ეკლესიის კარები ხშირად ვაზის ფიცრებისაგან კეთდებოდა. გავრცელებული იყო ვაზის ჩუქურთმის გამოყენება ტაძარ-მონასტრების მშენებლობის დროს. ქართველი ხალხი შორეულ წარსულში ვაზს „წმინდა“ მცენარედ თვლიდა. ამიტომაც, ბუნებრივია ქართველი ადამიანის განსაკუთრებული ყურადღება ვაზის მოვლა-გაშენებისთვის. ძველ დროში, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი მევენახეობა იყო. საქართველოდან ღვინის ექსპორტს აწარმოებდნენ მეზობელი ქვეყნები. უცხო დამპყრობლების მხრიდან (თემურ-ლენგი, შაჰ-აბასი), ვენახების გაჩეხვის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის ეკონომიკურად დაქვეითება და შემოსავლის შემცირება.

ქართული მევენახეობის მწვერვალი XIX საუკუნის მეორე ნახევარში იყო. ქართული მეღვინეობის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ, რომელიც ფლობდა თელიანის მამულს. სწორედ იქ დაიწყო ადგილობრივი, სხვადასხვა სახის ღვინოების (რქაწითელი, მწვანე, საფერავი) დამზადება.

1850 წლიდან დაიწყო ნაცარას ეპიდემია, მაგრამ იგი მალევე დამარცხდა გოგირდის მეშვეობით. 1881 წწლიდან გავრცელდა ფილოქსერა, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა ქართული ვაზის ჯიშებს ავადმყოფობათა მოქმედების შედეგად ვენახების საერთო ფართობი მკვეთრად შემცირდა.

მსოფლიოში ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში. საქართველოში ვაზის 450-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის. ივანე ჯავახიშვილს თავის წიგნში „საქართველოს ეკონომიური ისტორია“ ვაზის 413 ჯიში აქვს აღნიშნული.

გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, საფერავი, თავკვერი, შავკაპიტო, ალექსანდროული, მუჯურეთული, ძველშავი, უსახელოური, ოცხანური საფერე, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.

საქართველოში, კერძოდ მცხეთის, თრიალეთის, კახეთის, შიდა ქართლის, ვანისა და სხვა არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნია მარნები მიწაში ჩაფლული ქვევრებით, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, თიხის სასმისებით, რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებით თარიღდება.

ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შექმნა ვაზისა და ღვინის მოხმარების კულტურა და ტრადიცია, შეიმუშავა სუფრის მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და ნახევრად ტკბილი, სადესერტო და ცქრიალა, კახური და იმერული ტიპის ღვინოების დამზადების ტექნოლოგიური ხერხები.

ქრისტიანული რელიგიის გავრცელების შემდეგ, როდესაც იესო ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს საქართველოში, ღვინო საეკლესიო რიტუალებშიც იღებდა და ამჟამადაც იღებს მონაწილეობას, რაზეც მიუთითებს ეკლესია-მონასტრების გარშემო ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი საღვინე ჭურჭელი.

გარდა აბორიგენული ვაზის ჯიშებისა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული შემოტანილი ვაზის ჯიშები, რომლებმაც თითქმის მეორე სამშობლო ჰპოვეს უძველეს ქართულ მიწაზე, ესენია: ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე სოვინიონი, შასლა, ხალილი.

ვაზის ფორმირების მეთოდები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ვაზის ფორმირების მეთოდები მრავალფეროვანი იყო: მაღლარი — ხეზე მზარდი ვაზი; დაბლარი — სარზე ან მავთულზე მზარდი ვაზი; ბაბილო — დიდი დიამეტრის მქონე ვაზი.

ეკოლოგიური პირობების გამო ძველთაგანვე ტენიან ადგილებში გავრცელებული იყო მაღლარი ან ხეივნისებური ფორმები. ხოლო მშრალ ადგილებში დაბლარი ვაზი. ტენიანობის მიხედვით გარდამავალ ზონებში დაბალი ხეივანია გავრცელებული. ტენიან ადგილებში ვაზის მაღლარად გაშენება მევენახეობის განვითარების ადრეულ ეტაპზე დადებითი იყო, განსაკუთრებით სოკოვან ავადმყოფობათა გავრცელებაზე. ნიადაგის ზედაპირიდან ვეგეტაციური ნაწილების მნიშვნელოვნად დაცილების შედეგად ყურძნის გვიან დამწიფების გამო, დაგვიანებით კრეფდნენ და მაღალი ხარისხის პროდუქციას იღებდნენ ხარისხიანი ღვინოების დასამზადებლად. მაგრამ, სოკოვან ავადმყოფობათა გავრცელების შემდეგ ვაზის მაღლარად გაშენებამ თითქმის დაკარგა თავისი მნიშვნელობა. რადგან მაღლარ ვაზებზე გაძნელდა სამუშაო ოპერაციების წარმოება და სოკოვან ავადმყოფობათა წინააღმდეგ ბრძოლა. ამის გამო, მევენახეობის შემდგომ განვითარებას საფუძვლად დაედო ვაზის დაბლარად გაშენება.

სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობა გარკვეულწილად დამოკიდებულია ცალკეული წლების მეტეოროლოგიურ პირობებზე. ამავე დროს ზოგიერთი ვაზის ჯიში და მათი ჯგუფები ყველა წლებში ამჟღავნებენ შედარებით კარგ გამძლეობას სოკოვანი დაავადებების მიმართ. აღნიშნული თვისება მნიშვნელოვნად ცვალებადობს აგრეთვე ზრდა-განვითარების განსხვავებულ პირობებში. დასავლეთ საქართველოს ტენიანი კლიმატის პირობებში ყველა ჯიში ზიანდება უფრო მეტად. ამ პირობებში ჭრაქის მიმართ ყველაზე ნაკლებად გამძლენი აღმოჩნდნენ აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშები. უფრო გამძლენი იმერეთის ჯიშები. ამგვარად, სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გამძლეობა, მემკვიდრულად განპირობებული თვისებაა, რომელიც ამავე დროს განიცდის მნიშვნელოვან მოდიფიკაციურ ცვალებადობას.[1]

საქართველოს მევენახეობის გეოგრაფიული მდებარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, შავი და კასპიის ზღვებს შორის. მევენახეობა-მეღვინეობა მოქცეულია ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთის განედის 410 07‘ — 430 35‘-სა და აღმოსავლეთ გრძედის 400 05‘ — 460 44‘-ს შორის, კავკასიონის მთათა სისტემის შუა და დასავლეთ ნაწილში, შავი და კასპიის ზღვის აუზთა შორის, რომელთა ზემოქმედება განსაზღვრავს აქაური ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებას და საუკეთესო გარემოს ქმნის ორიგინალური, ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისათვის.

მევენახეობა-მეღვინეობის მკვეთრად განსხვავებულ თავისებურებათა საფუძველზე ქვეყნის ტერიტორია ორ მაკროზონად არის დაყოფილი: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო.

აღმოსავლეთ საქართველო დაქანებულია კასპიის ზღვისაკენ და ხასიათდება ზომიერი კონტინენტალური, მშრალი, სუბტროპიკულში გარდამავალი ჰავით.

დასავლეთ საქართველო მოქცეულია შავი ზღვის გავლენის ქვეშ და ხასიათდება ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატით.

აღმოსავლეთ საქართველო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიგნიკახეთი და გარეკახეთი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კახეთი — უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. იგი იყოფა ორ ზონად: შიდა და გარე კახეთად. კახეთში გამოყოფილია 25-ზე მეტი მიკროზონა, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჯაანი, კარდენახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი და სხვა.

საქართველოს ვენახების 65-70 % კახეთშია კონცენტრირებული. საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები გაშენებულია მდინარეების — ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ტყის ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა, მდელოს შავმიწისებრ და ალუვიურ ნიადაგებზე.

კახეთში ჰავა ზომიერად თბილია, საშუალოდ წელიწადში აქტიური ტემპერატურის ჟამი 3500-42 000–ს შორის მერყეობს, ატმოსფერული ნალექების ჟამი 400-800 მმ ფარგლებში, მზის ნათების ხანგრძივობა კი 2000-2200 საათს შეადგენს.

კახეთის მევენახეობის ძირითადი მიმართულებაა მაღალხარისხოვანი და ხარისხოვანი სუფრის თეთრი და წითელი, მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და სადესერტო ღვინოების წარმოება.

ევროპული ტიპის სუფრის თეთრი, მაღალხარისხოვანი, საუკეთესო საგემოვნო თვისებების მქონე ღვინოები მზადდება წინანდლის, ნაფარეულის, თელიანის, გურჯაანის, მანავის, საგარეჯოს და სხვა მიკროზონებში, ადგილობრივი უნიკალური თეთრყურძნიანი ვაზის: რქაწითელის, მწვანე კახურის, ხიხვის, ქისის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან.

წინანდლის მიკროზონა მდებარეობს შიგნიკახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაქანებებზე. დამახასიათებელი რელიეფი, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მომართული ჰაერის მასების ზემოქმედებით წარმოქმნილი სპეციფიკური მიკროკლიმატი, მდელოს ყავისფერი და ყავისფერ-კარბონატული ნიადაგები, ვაზის ჯიშების — რქაწითლის და კახური მწვანის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლები, მათი ჰარმონიზაცია განსაზღვრავენ ღვინო „წინანდლის“ განსაკუთრებულ ღირსებას. ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი მშრალი თეთრი ღვინო „წინანდალი“ მზადდება რქაწითლის (85 %) და კახური მწვანისაგან (15 %). ღვინო ჩალისფერია, სრული, დახვეწილი, ხასიათდება განვითარებული ბუკეტით და ჯიშური არომატით.[2]

ნაფარეულის მიკროზონა მდებარეობს შიგნიკახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის ზემო წელში, მარცხენა სანაპიროზე. მდინარეების — სტორისა და დიდხევ-ლოპოტას ხეობების ზეგავლენით ჩამოყალიბებული მიკროკლიმატი, ნიადაგის სახესხვაობები, სტრუქტურა, ვაზის ჯიშებისსაფერავისა და რქაწითელის განსაკუთრებული საგემოვნო მაჩვენებლები განაპირობებენ ღვინო „ნაფარეულის“ ღირსებას. ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო „ნაფარეული“ მზადდება საფერავისაგან დურდოზე ბოლომდე დადუღებით. ღვინო მუქი წითელია, ხასიათდება ჯიშური არომატით, ექსტრაქტულობით, განვითარებული ბუკეტით. ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის მშრალი თეთრი ღვინო „ნაფარეული“ მზადდება რქაწითელისაგან. ღვინო ღია ჩალისფერია, გემოთი სასიამოვნო, ხალისიანი, ხასიათდება ჯიშური არომატით, კარგად გამოხატული ბუკეტითა და მინდვრის ყვავილების ნაზი ტონებით.[3]

თელიანის მიკროზონა მდებარეობს შიგნიკახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადების — კისისხევსა და ვანთისხევს შორის. ზომიერად ნოტიო კლიმატი და მდელოს ყავისფერი ალუვიური ნიადაგები, ფრანგული ვაზის ჯიშის კაბერნე სოვინიონისათვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს, ღვინო „თელიანის“ დასამზადებლად. ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი მშრალი წითელი ღვინო „თელიანი“ მზადდება კაბერნე სოვინიონიდან დურდოზე სრული დადუღებით. ღვინო მუქი წითელია, ხასიათდება ჯიშური არომატით, პიკანტურობით, ჰარმონიულობით და განვითარებული ბუკეტით.[4]

მანავის მიკროზონა მდებარეობს გარეკახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდ. ივრის მარცხენა სანაპიროზე. ივრის ზეგნის შემაღლებული — სუსტად დანაწევრებული რელიეფი, ზომიერად ნოტიო კლიმატი, ზომიერად ცივი ზამთარი და თბილი ხანგრძლივი ზაფხული, ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, ვაზის უნიკალური ჯიშის, კახური მწვანის, არომატულობა და გამორჩეული სინაზე განაპირობებენ ღვინო „მანავის“ განსაკუთრებულ ღირსებას. ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი მშრალი თეთრი ღვინო „მანავი“ მზადდება ვაზის ჯიშებისკახური მწვანისა და რქაწითლისაგან (15 %-მდე). ღვინო — ღია ჩალისფერია, მომწვანო ელფერით, ნაზი გემოთი, ჰარმონიული, დახვეწილი, ხალისიანი, ხილის ტონებით, ხასიათდება ჯიშური არომატით, განვითარებული ბუკეტით.[5]

გურჯაანის მიკროზონა მდებარეობს შიგნიკახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე. სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან გადმონაცვლებული ჰაერის მასები, ყავისფერი, მდელოს ყავისფერი, ალუვიური და დელუვიური ნიადაგები; ვაზის ჯიშებისკახური მწვანისა და რქაწითელის განსაკუთრებული თვისებები განსაზღვრავენ ღვინო „გურჯაანის“ ორიგინალობას და მაღალ ხარისხს. ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი კახური ტიპის მშრალი თეთრი ღვინო „გურჯაანი“ მზადდება ვაზის ჯიშებისკახური მწვანისა და რქაწითლისაგან. ღვინო ღია ჩალისფერია, ჰარმონიული, ხასიათდება ჯიშური არომატით და სრული დახვეწილი განვითარებული ბუკეტით.[6]

სუფრის წითელი მშრალი, მაღალხარისხოვანი, სასიამოვნო ჯიშური არომატის მქონე ღვინოები მზადდება ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჟიშის საფერავისაგან, ქინძმარაულის, თელიანის, ახაშენის, მუკუზნის, ხაშმის, საგარეჯოს და კახეთის სხვა მიკროზონებში.

კახეთში მზადდება წარმოშობის ადგილის დასახელების, ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინოები, მხოლოდ ახაშენის, ქინძმარაულის და მუკუზნის მიკროზონებში. აქაური მიკროკლიმატი, ნიადაგები და ქართული ვაზის ჯიშის — საფერავის მაღალი შაქრის და მჟავების დაგროვების უნარი განაპირობებს ამ ღვინოებისათვის დამახასიათებელ ჰარმონიულ, რბილ, ხავერდოვან, ხალისიან ტონებს და მაღალ საგემოვნო სპეციფიკურ თვისებებს.

კახეთმა საუკუნეთა მანძილზე შექმნა და ჩამოაყალიბა სუფრის ღვინის მშობლიური ტიპი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ღვინოების არსებული ტიპებისაგან. იგი ერთადერთი მშრალი ორიგინალური ღვინოა მსოფლიოში. ამ წესით მიღებული ღვინო გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ფენოლური ნაერთების და ტანინის მაღალი შემცველობით, სასიამოვნო ბუკეტით, ჯიშური არომატითა და გემოთი; და რაც მთავარია კახური ტიპის ღვინო მდიდარია ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.

ქვემო, შუა და ზემო ქართლი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლი — უძველესი ქართული კულტურის აკვანი. იგი ცნობილია კლასიკური ევროპული ტიპის ხარისხოვანი სუფრისა და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოებით. ქართლი იყოფა სამ ზონად: ქვემო, შუა და ზემო ქართლი ანუ მესხეთი. ვენახები გაშენებულია მდინარეების — მტკვრისა და მისი შენაკადების, ლიახვისა და ქსნის ვრცელ აუზებში, ზღვის დონიდან 450-700 მეტრ სიმაღლეზე, მდელოს ყავისფერ, მდელოს ალუვიურ, რუხ ყავისფერ (წაბლა) და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე.

ჰავა ზომიერად თბილია, საშუალოდ წელიწადში აქტიური ტემპერატურის ჟამი 3030-41 000–ს შორის მერყეობს, ატმოსფერული ნალექების ჟამი 370-700 მმ ფარგლებში, მზის ნათების ხანგრძივობა კი 2100-2500 საათს შეადგენს.

ქვემო ქართლი წარმოადგენს საუკეთესო ზონას სასუფრე ყურძნის და ქიშმიშების წარმოებისათვის.

შუა ქართლი — ქართლის სხვა ქვეზონებს შორის მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით საინტერესოა. იგი განეკუთვნება ხარისხოვანი კლასიკური ევროპული ტიპის სუფრისა და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოების წარმოების ზონას. აქ, ატენის ხეობაში უძველესი დროიდან ამზადებდნენ ტრადიციული ტექნოლოგიით წარმოშობის ადგილის დასახელების ცქრიალა ღვინოს „ატენური“-ს სახელწოდებით, ადგილობრივი ვაზის გორული მწვანის და ჩინურის ყურძნისაგან. აღნიშნულ ქვეზონაში აწარმოებენ მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ და ვარდისფერ ღვინოებს, როგორც გორული მწვანის და ჩინურის, ასევე ბუდეშურის, თავკვერის და სხვა ადგილობრივი ჯიშების ყურძნისაგან.

ამ ქვეზონიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქსნის ხეობა (მუხრანის ველი), სადაც ფრანგული ვაზის ჯიში ალიგოტე დიდი მასივების სახით არის წარმოდგენილი და იძლევა ევროპული ტიპის სუფრისა და ცქრიალა ღვინოების წარმოებისათვის საჭირო მაღალხარისხოვან ღვინომასალას.

ზემო ქართლის — მესხეთის ტერიტორიაზე ამჟამად მევენახეობა-მეღვინეობას არ აქვს სამრეწველო ხასიათი. წარსულში, როგორც ამას მოწმობენ მატერიალური კულტურის ძეგლები (მარნები, ქვევრები, საწნახელები, სასმისები და სხვა), რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დროს იქნა აღმოჩენილი, ადასტურებენ, რომ მევენახეობა-მეღვინეობა მესხეთში ფართოდ ყოფილა განვითარებული, ეს მხარე დიდი ხნის განმავლობაში (ორნახევარი საუკუნე) ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და აქ იძულებით იყო გავრცელებული ისლამი, რომელიც ღვინის მოხმარებას კრძალავდა, რამაც გამოიწვია ვენახების განადგურება, რომლის გაშენებაზეც რუსეთის იმპერიის პერიოდში არავის უზრუნია.

XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი ამ მხარეში სისტემატურად აწარმოებს სპეციალურ გამოკვლევებს, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ პერსპექტიულია ევროპული ტიპისა და ცქრიალა ღვინოების წარმოება: გორული მწვანეს, ჩინურის, ხიხვისა და სხვა ქართული ვაზის ჯიშების ყურძნიდან. საუკეთესო შედეგები გამოავლინა აგრეთვე ისეთმა ფრანგულმა ვაზის ჯიშებმა, როგორებიცაა პინო და ალიგოტე.

დასავლეთ საქართველო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემო, შუა და ზემო იმერეთი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმერეთი — საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი და უმთავრესი რეგიონია, პროდუქციის როგორც რაოდენობის ისე ხარისხის მხრივ. იგი იყოფა სამ ზონად: ზემო, შუა და ქვემო იმერეთი. ვენახები გაშენებულია მდინარეების — რიონის, ყვირილას, ჩხერიმელას, ძირულას და მათი შენაკადების ხეობებში, ზღვის დონიდან 50-500 მეტრ სიმაღლემდე, ნეშომპალა-კარბონატულ, ყომრალ, ყვითელ მიწა და ეწერ ნიადაგებზე.

ჰავა საკმაოდ ნოტიოა, ზომიერად ცივი, თოვლიანი ზამთრითა და მშრალი, ზოგჯერ გვალვიანი, ცხელი ზაფხულით. საშუალოდ წელიწადში აქტიური ტემპერატურის ჟამი 3200-41 000-ს შორის მერყეობს, ატმოსფერული ნალექების ჟამი 1200-1500 მმ ფარგლებში, მზის ნათების ხანგრძივობა კი 1200-2100 საათს შეადგენს.

იმერეთის მევენახეობა-მეღვინეობა ხასიათდება ვაზის აბორიგენული ჯიშებისა და მათგან წარმოებული მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოების მრავალფეროვნებით.

ზემო იმერეთში უმთავრესად მზადდება ნაზი, ხალისიანი ცქრიალა ტიპის ღვინომასალები, აგრეთვე მსუბუქი ევროპული ტიპის თეთრი და წითელი სუფრის ღვინოები, ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ძველშავის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან.

შუა იმერეთი მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად ზონად ითვლება დასაველეთ საქართველოში. ვენახები ამ მიკრორაიონში გაშენებულია ზღვის დონიდან 140-470 მეტრ სიმაღლეზე. ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, ალადასტურის, კრახუნას, ძველშავის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან მზადდება წარმოშობის ადგილის და ჯიშობრივი დასახელების, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალური, სუფრის თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოები.

იმერეთში მრავალსაუკუნოვანი ხალხური ტრადიციების საფუძველზე შექმნილია იმერული ტიპის ღვინის დაყენების ორიგინალური ტექნოლოგია, რომლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ყურძნის ტკბილის ალკოჰოლური დუღილი წარმოებს მიწაში ჩაფლულ ჭურებში დურდოზე (ჭაჭა — კლერტის გარეშე), რომელიც მთელი მადუღარი მასის 4-6 %-ს შეადგენს. დადუღების შემდეგ ღვინომასალას ჭურში აყოვნებენ 1,5-2 თვით, შემდეგ ხსნიან დურდოდან, გადააქვთ კასრებში და შემდგომი მოვლა-დამუშავება არსებული ინსტრუქციით გრძელდება. ასეთი წესით დაყენებული ღვინო ევროპული ტიპის ღვინოსთან შედარებით უფრო ექსტრაქტულია და სხეულიანი, ამავე დროს მსუბუქია, ჰარმონიული და ხასიათდება სასიამოვნო გემოთი და ყურძნის ჯიშური არომატით.

ქვემო იმერეთი მოქცეულია იმერეთის დასავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის აუზში. აქ ვენახები გაშენებულია 40-420 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მეღვინეობის თვალსაზრისით ეს ზონა ორდინალური ღვინოების ზონაა, სადაც ცალკეული უბნებში მზადდება ხარისხოვანი ღვინოები ადგილობრივი ვაზის ჯიშებისაგან.

სვირის მიკროზონა მდებარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდ. ყვირილას მარცხენა სანაპიროზე. ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი რბილი, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით, ალუვიურ-დელუვიური ნიადაგების ნაირსახეობები, სამხრეთის ექსპოზიცია, ვაზის ჯიშების ცოლიკოურისა და ციცქას ჯიშური არომატი, შაქრის დაგროვების მაღალი უნარი უზრუნველყოფს ღვინო „სვირის“ ღირსებას. ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო „სვირი“ მზადდება ვაზის ჯიშების — ცოლიკოურისა და ციცქასაგან (რეკომენდებულია ჯიში კრახუნა) ფერმენტირებულ ჭაჭაზე ტკბილის დადუღებით (ჭაჭის რაოდენობა შეადგენს ტკბილის მოცულობის 5-6%). ღვინო მუქი ჩალისფერია, მოყვითალო ელფერით, ხასიათდება ხილის ტონებით, განვითარებული ბუკეტით, ექსტრაქტულობითა და ჰარმონიულობით.[7]

ხვანჭკარას ვენახები

რაჭა-ლეჩხუმი თავისი უნიკალური და ორიგინალური ღვინოებით გამოირჩევა დასავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ზონებისა და მიკროზონებისაგან.

იგი ისტორიულად წარმოადგენს ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინოების აკვანს. ის მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთით, მდინარეების — რიონის, ცხენისწყლის და ლაჯანურის ხეობებში — ვიწრო ზოლად. მისი ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც ყოველი მხრიდან შემოფარგლულია კლდოვანი ქედებით, რაც ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს, რომელიც განსაზღვრავს აქაური ღვინოებისათვის დამახასიათებელ ორიგინალურ თვისებებს. ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 600-800 მეტრ სიმაღლეზე.

ჰავა ზომიერად ტენიანია. ნიადაგებიდან აქ გვხვდება ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, რომლებიც უმეტესად განვითარებულია კირქვებზე, მერგელებსა და კარბონატულ ქვიშაქვებზე.

ხვანჭკარის მიკროზონა მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდ. რიონის ხეობაში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებებზე. კლდეებით დაცული ქვაბული, ნეშომპალა-კვარცითა და კირქვებით მდიდარი ხირხატიანი ნიადაგები, სითბოს შთანთქმისა და გაცივების მაღალი უნარი, ფერდობებზე შექმნილი მიკროკლიმატი, აბორიგენული ვაზის ჯიშების — ალექსანდროულის და მუჯურეთულის უნიკალურობა, ღვინის დამზადების ორიგინალური ტექნოლოგია, განსაზღვრავს წარმოებული პროდუქციის განსაკუთრებულ ღირსებას. ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი ბუნებრივად ნახვრადტკბილი წითელი ღვინო „ხვანჭკარა“ მზადდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულისაგან. ღვინო მუქი ლალისფერია, გემოთი ჰარმონიული, ხავერდოვანი, ჟოლოს ტონებით, ხასიათდება სპეციფიკური ბუკეტით და არომატით.[8]

ტვიშის მიკროზონა მდებარეობს ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე. მდინარე რიონის ხეობაში შექმნილი მიკროკლიმატი, ნიადაგების სიჭრელე, ცოლიკოურის ჯიშური არომატი, სასიამოვნო სიტკბო და დამზადების ორიგინალური წესი, განსაზღვრავს ღვინო „ტვიშის“ განსაკუთრებულ ღირსებას. ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო „ტვიში“ მზადდება ცოლიკოურისაგან ტკბილის არასრული დადუღებით. ღვინო — ღია ჩალისფერია, ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხასიათდება ხილის ტონებით, ჯიშური არომატითა და სასიამოვნო სიტკბოთი.[9]

ლეჩხუმში, ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში ადგილობრივი ვაზის ჯიშის უსახელოურის ყურძნისაგან მზადდება უნიკალური, სასიამოვნო საგემოვნო თვისებების მქონე, ჯიშური დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო „უსახელოური“, ხოლო ორბელის მიკროზონაში ორბელური ოჯალეშის ჯიშისაგან მიიღება წარმოშობის ადგილის დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო ორბელური „ოჯალეში“.

შავი ზღვის სანაპირო ზოლის ტენიანი სუბტროპიკული ზონა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურია, აჭარა, სამეგრელო და აფხაზეთი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჭარის, აფხაზეთის, გურიის, სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობა მოქცეულია შავი ზღვის ახლო სანაპირო ზოლში, სადაც ვენახები (აფხაზეთი) გაშენებულია 2-4 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან და ვრცელდება 500 მეტრ სიმაღლემდე (ზემო აჭარა).

ჰავა სუბტროპიკული, ტენიანია, ზოგიერთ ადგილებში ჭარბტენიანიც და ამიტომ ვაზი ხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით (ნოემბრის ბოლომდე).

ზღვისპირეთში გავრცელებულია ნეშომპალა კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა, წითელმიწა და ეწერი ნიადაგები.

გურიაში (ბახვი-ასკანის, ფარცხმა-საჭამიასერის), აჭარაში (ქედა), აფხაზეთში (გუდაუთა) მიკროზონებში, გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშის ჩხავერისაგან მიიღება განუმეორებელი, საგემოვნო თვისებების ჯიშური დასახელების ცქრიალა ღვინო „ჩხავერი“.

სამეგრელოში, სალხინო-თარგამეულის და ბანძის მიკროზონებში აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში ოჯალეშისაგან მზადდება ბუნებრივად ტკბილი და მშრალი, ჯიშური დასახელების უნიკალური ღვინო „ოჯალეში“.

ცნობილია, რომ სამეგრელოს მთავრის სიძეს, ფრანგ მიურატს სოფელ სალხინოში დამზადებული ღვინო „ოჯალეში“ გაუგზავნია პარიზში საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსზე, სადაც იგი უმაღლესი ჯილდოთი გრან-პრით დაუჯილდოებიათ.

აფხაზეთში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს კუთხეში ვაზის: ცოლიკოურის, ჩხავერის, ოჯალეშის, კაჭიჭის, იზაბელას და სხვა ჯიშებიდან მზადდებოდა წარმოშობის ადგილის დასახელების ორიგინალური ღვინოები: „აფსნი“, „ლიხნი“, „აჩანდარა“, „ანაკოპია“ და სხვა ღვინოები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ მომხმარებელთა შორის.

თანამედროვე ქართული მეღვინეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველოში მევენახეობის და მეღვინეობის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. გაშენდა ახალი ვენახები, ღვინის დამზადებამ მძლავრი სამრეწველო ხასიათი მიიღო, ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-პრაქტიკული მუშაობა, რამაც საფუძველი შექმნა დარგის შემდგომი აღორძინებისა და განვითარებისათვის.

1980-იან წლებში ვენახების ფართობი 150 ათას ჰექტარზე მეტი იყო, ღვინის ქარხნები წლიურად 500-700 ათას ტონა ყურძენს ამზადებდნენ, მიღებული ღვინოპროდუქცია ძირითადად ყოფილი სსრ კავშირისა და გარკვეული ნაწილი კი საექსპორტოდ საზღვარგარეთის ბაზრებზე იყიდებოდა.

1990-იანი წლებიდან წლებიდან ქვეყანაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა, აგრეთვე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებმა, მევენახეობა-მეღვინეობას სერიოზული ზიანი მიაყენა, რამაც დარგის სამრეწველო-ეკონომიური პოტენციალი მნიშვნელოვნად შეამცირა.

უკანასკნელ პერიოდში დარგის განვითარებისათვის ქვეყანაში შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, რამაც ხელი შეუწყო ქართული და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. დაიწყო ვენახების გაშენება, ღვინის მრეწველობა აღიჭურვა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, განახლდა უნიკალური ქართული ღვინოების წარმოება, მაგრამ გასაკეთებლი ჯერ კიდევ ბევრია, რათა ქვეყანაში შეიქმნას ხელსაყრელი გარემო ბიზნესის განვითარებისათვის.

საქართველოში დღეისათვის ღვინოების მსხვილი მწარმოებლებიდან აღსანიშნავია შემდეგი კომპანიები: „თელიანი ველი“, საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია — GWS, თელავის ღვინის მარანი — TWC, „სამება“, „თბილღვინო“, „ვაზიანი“ და სხვა კომპანიები, რომელთაც გააჩნიათ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც მათი პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს. აქ ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციები შეხამებულია თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებთან. ეს კომპანიები თავიანთ პროდუქციას ძირითადად რუსეთის ბაზარზე ჰყიდიან, მაგრამ გარდა რუსეთისა, წარმატებით იყიდება აგრეთვე უკრაინაში, ბალტიისპირეთში, იაპონიაში, აშშ-ში, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებში.

საქართველოში საფუძველი ეყრება ქართული ღვინოების მწარმოებელთა ისეთ ფენას, რომელთაც აქვთ მცირე სიმძლავრის, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე ღვინის ქარხნები, შესაბამისი სანედლეულო ბაზით. ამჟამად ასეთი მცირე საწარმოების რაოდენობა 20-ზე მეტია და უახლოეს მომავალში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. მათ მიერ დამზადებული ღვინოები გამოირჩევა მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით, მათ წარმატებით ჰყიდიან როგორც ადგილობრივ ისე რუსეთის და სხვა ქვეყნების ბაზრებზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]