კუნძა თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუნძა თეთრი

კუნძა, კუმსი ყურძენი, კუმსაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

სახელწოდება „კუნძა“ და დამატებით „კუმსა“ ჯიშს მიღებული აქვს ძალიან კუმსი მტევნების გამო. ქვემო იმერეთსა და აფხაზეთში მას „მწვანეს“ ეძახიან.

მცირედ გავრცელებულია ხონის, ბაღდათის, წყალტუბოს, ტყიბულის, ქუთაისის, თერჯოლისა და ვანის სოფლებში. შერეული სახით გვხვდება რაჭა-ლეჩხუმის ვენახებშიც.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალოა ან ოდნავ ოვალური ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. მხოლოდ ძარღვების გასწვრივ გასდევს ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, განივკონუსური და ფრთიანი, კუმსია ან ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომის და მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია, ღია მბვანე, მოყვითალო ელფერით. კანი საშუალო სისქის აქვს, ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია, ტკბილი გემოთი, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

ჯიში საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 165-185 დღეა. იმერეთში სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 140-180 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-9.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5-9 გ/ლ-ს.

კუნძას ღვინო მოყვითალო ჩალისფერია, საკმაოდ სხეულიანი, კარგად გამოხატული ჯიშური არომატითა და სასიამოვნო მჟავიანობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 204-205
  • კეცხოველი ნ, რამიშვილი მ, ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, თბ., 1960. — გვ. 269–270.