კლდის წითელი
კლდის წითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.
ამ ვაზის სახელწოდება ადგილმდებარეობის მაუწყებელია, რადგან ოდითგანვე გავრცელებუ-ლი იყო მესხეთში, სოფელ კლდეში.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, ოვალური ან კვერცხისებური ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია და მხოლოდ ძარღვების გასწვრივ გასდევს მოკლე ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, ოდნავ შებრტყელებული, მუქი წიოელი. კანი თხელი და მკვრივი აქვს, თხელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი წვნიანია, მდნარი, სასიამოვნო, ჰარმონიული გემოთი. წვენი შეუფერავია.
კლდის წითელი საშუალო ზრდისაა, სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 185 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 120-180 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 6.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის კარგი ხარისხის მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 192