შინაარსზე გადასვლა

საფერავი გურიის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურიის საფერავი
ვაზი (Vitis)
ყურძნის ფერი შავი
სახეობა Vitis vinifera
გავრცელების რეგიონები გურია

საფერავი გურიის, საფერავი მცვივანი, მცვინარა, მცვივანი გურული — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან. ადგილობრივი მოსახლეობა მას მცვივანსაც უწოდებს და „საფერავსაც“, რადგანაც მას ძირითადად სხვა ღვინოებისთვის ფერის მისაცემად იყენებდნენ. გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. XX საუკუნის დასაწყისში გავრცელების არეალი იყო სოფლები ამაღლება, აკეთი, ძიმითი და სხვა.[1]

ზრდასრული ფოთოლი მცირე ან საშუალო ზომისაა, ოვალური ან მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საკმაოდ სქელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრული ფორმის, თხელი. მარცვალი წვრილია, მომრგვალო, შავი ფერის. თხელკანიანია. რბილობი ხორციანი და წვნიანია, მომჟავო გემოთი. წვენი უმნიშვნელოდ შეიცავს შემფერავ ნივთიერებას.

საფერავი გურიის საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 15,8-16%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10,0-10,9 გ/ლ-ს.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 340
  1. ნაკაშიძე ე., მევენახეობა-მეღვინეობა, თბ: სახელგამი, 1929.  გვ. 27.