სხალთური
სხალთური — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.
როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, ეს ვაზი თავდაპირველად მდინარე სხალთის მიდამოებში უნდა ყოფილიყო გავრცელებული და ნაპოვნი. ამიტომ სახელი წარმომავლობის მიხედვით აქვს შერქმეული.
სხალთური აჭარის ვაზთა ადგილობრივ ჯიშებს განეკუთვნება, იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული, მაგრამ აჭარაში ისლამის გავრცელებასთან ერთად მისი ნარგავებიც შემცირებულა.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლად ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი, იშვიათად თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, თეთრი, ცვილისებრი ფიფქით სუსტად დაფარული. კანი სქელი და საკმაოდ მკვრივი აქვს. რბილობი — წვნიანი, გემო — სასიამოვნო.
სხალთურის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 197 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა 19.5-20%-ია, ხოლო მჟავიანობა — 8.7-9.0 გ/ლ.
სხალთური გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 353