შინაარსზე გადასვლა

ვაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაზი

Vitis vinifera
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  მაგნოლიასებრნი
ოჯახი:  ვაზისებრნი
ლათინური სახელი
Vitis
ვაზის გავრცელების არეალი

ვაზი (ლათ. Vitis) — მცენარის გვარი ვაზისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 70-მდე სახეობას, რომლებიც უმთავრესად დედამიწის თბილი და ზომიერი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. ბუნებრივად მოზარდი ვაზი მხვიარაა, საყრდენს ულვაშებით ანუ პწკლით ემაგრება, აქვს ყავისფერი ქერქი, რომელიც ზოლ-ზოლად სცილდება.

ვაზის ფესვი წიპწით (თესლით) გამრავლებისას მთავარღერძიანია, მთავარი ფესვი შემდეგ ივითარებს დამატებით ფესვებს. რქით გამრავლებისას მუხლის არეში მრავალი ფესვი წარმოიქმნება. ვაზი შეიძლება იყოს ბუჩქისებრი ანუ უშტამბო და შტამბიანი. შტამზე განლაგებულია მრავალწლიანი ტოტები ანუ მხრები და ერთწლიანი რქები და ყლორტები. ვაზის რქაზე, ფოთლის ყუნწის იღლიაში, მოთავსებულია რთული აგებულების კვირტი, რომელიც ძირითადი და შემცვლელი კვირტებისაგან შედგება. მრავალწლიან ღეროზე ვითარდება მძინარე კვირტი.

ვეგეტაციის პერიოდში ვაზის ყლორტზე წარმოიქმნება დამატებითი ყლორტი ანუ ნამხარი, რომელიც შედარებით სუსტად იზრდება. პწკალი ვაზის დასამაგრებელი საშუალებაა. იგი ყლორტზე, ფოთლის მოპირდაპირე მხარეს მე-3–მე-5 მუხლიდან ვითარდება. ვაზის ფოთოლი მომრგვალო, ოვალური, გულისმაგვარი ან კვერცხისებრია; დაუნაკვთავია ან 3–5-ნაკვთიანი, იშვიათად მრავალნაკვთიანია (შასლა ოხრახუშისებრი), ფოთლის ფირფიტისა და ყუნწის ამონაკვთები ღია ან დახურულია და მრავალი გარდამავალი ფორმა აქვს. ფირფიტის ნაპირებზე სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის კბილებია. ჯიშის მიხედვით შეიძლება ფოთოლი იყოს ბრტყელი, ღარისებრი, ძაბრისებრი, ქვემოთ ან ზემოთ ნაპირებშეკეცილი და სხვა. ფირფიტა შეუბუსავი ან შებუსულია, ხშირად სქელი, ქეჩისებრი ბუსუსით, ფერად ღია ან მუქი მწვანეა, მოწითალო ან მოყვითალო ელფერი და ლაქები აქვს. ყვავილი წვრილია შეკრებილი საგველა ყვავილედად, ორსქესიანი ან ფუნქციურად ცალსქესიანი (ქვევით დახრილი უნაყოფო მტვრიანებით ან განუვითარებელი ბუტკოთი).

ყვავილის ნაწილებია: ჯამი, გვირგვინის ფურცლების, მტვრიანები და ბუტკო. ჯამი განუვითარებელია, გვირგვინი — ხუთფურცლიანი. მტვრიანები ძირითადად ხუთია. ვაზის ნაყოფი ორბუდიანი, წვნიანი, სხვადასხვა ფერის მარცვალია. მტევანი შეიძლება იყოს პატარა, საშუალო ან დიდი; ცილინდრული, ცილინდრულ-კონუსური, კონუსური, ფრთიანი, უფორმო ან განტოტვილი; ძალიან თხელი, საშუალო სიკუმსის, კუმსი და ძლიერ კუმსი; მარცვალი მრგვალი, მომრგვალო, ოვალური, კვერცხისებრი, მოგრძო ან გრძელია, ფერად ღია მწვანე, მწვანე, ღია ვარდისფერი, მუქი ვარდისფერი, მოყვითალო-ქარვისფერი, მოწითალო-ქარვისფერი, მოწითალო-ღვინისფერი, მონაცრისფრო ან შავ ფერში გარდამავალი მუქი ლურჯი. წიპწა მარცვლის შუაშია (1-4 ცალი). წიპწის ნაწილებია: ნისკარტი, ქალაძა და მუცლის ღარები. წიპწა შეიცავს ცილოვან ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა მცენარის ჩანასახის განვითარებისათვის.

ვაზის ვეგეტაცია

ვაზი ყვავილობს მაის-ივნისში; ნაყოფი აგვისტო-ოქტომბერში მწიფდება. თბილი, ზომიერი და კონტინენტური ჰავის პირობებში ვაზის სასიცოცხლო ციკლი პასიურ და აქტიურ ხანად იყოფა. პასიური ხანა ფოთლების დაცვენით იწყება და ადრე გაზაფხულზე ვაზის გაღვიძებით მთავრდება. აქტიურ ხანად ითვლება მცენარეში წვენის მოძრაობის დაწყება, რომელიც შემოდგომაზე ფოთოლცვენით მთავრდება. აქტიური ხანა ანუ ვეგეტაციის პერიოდი მოიცავს 6 ფაზას:

  • ვაზის ტირილიდან კვირტის გაშლამდე;
  • კვირტის გაშლიდან ყვავილობამდე;
  • ვაზის ყვავილობა;
  • ნაყოფის გამოხორბლიდან მომწიფებამდე;
  • სიმწიფე;
  • ფოთოლცვენა.

საქართველოში ვაზის კვირტის გაშლა მარტის ბოლოს იწყება და 45-55 დღე გრძელდება. ვაზის ყვავილობა 15°C-ზე იწყება (მაისის ბოლოს ან ივნისის პირველ დეკადაში) და 25-30°C-ის დროს ინტესიურად მიმდინარეობს. მისი ხანგრძლივობა 10-12 დღეა. ვაზის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა საქართველოში 225-260 დღემდე აღწევს. ვაზზე მოქმედი ბუნებრივი ფაქტორებიდან აღსანიშნავია: ტემპერატურა, ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური შედგენილობა, სიმაღლე ზღვის დონიდან, ნაკვეთის ექსპოზიცია და სხვა. ვაზის ზრდა-განვითარება 8°C-ის ქვევით ჩერდება, 25-30°C-ზე ნორმალურად მიმდინარეობს, ხოლო 40°C-ის ზევით კვლავ წყდება. ვაზის ჯიშების უმრავლესობა - 14-15°C ყინვას იტანს, ზოგი - 40°C-ის პირობებშიც კარგად ვითარდება (ამურის ვაზი).

საქართველოში ვაზის სამრეწველო ნარგავები ზღვის დონიდან 600-700 მ-მდეა გავრცელებული. მაღლობ ადგილებში ვაზის საადრეო ჯიშებს აშენებენ (ქართული საადრეო, ხალილი, პინო), დაბალ ზონაში - სიმწიფის საშუალო პერიოდის ან საგვიანო ჯიშებს (რქაწითელი, საფერავი, ცოლიკოური). ვაზის საერთო განვითარება, მოსავლის რაოდენობა და ხარისხი დიდად არის დამოკიდებული ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ შედგენილობაზე.

ვაზი

ამიტომ ნიადაგისა და ჯიშების შერჩევა-გაშენება პროდუქციის სპეციფიკის მიხედვით ხდება. ვაზისთვის კარგია კორდიან-კარბონატული, ალუვიური, ქვაღორღიანი და ქვიშნარი ნიადაგები. ვაზი მაღალხარისხოვან ყურძენს სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთის ექსპოზიციის ფერდობზე იძლევა. ვაზს ამრავლებენ თესლით (ახალი სელექციური ჯიშების მისაღებად) და ვეგეტატიურად - კვირტით, რქით, გადაწიდვნით, მყნობით. ფილოქსერისაგან დასაცავად ვაზს ამყნობენ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეზე. ნამყენი სპეციალურ სანერგეში გამოჰყავთ, სამუშაო პროცესების რაციონალურად ჩასატარებლად და ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად ვაზს შპალერული წესით აფორმებენ. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს აგროტექნიკურ ღონისძიებების დროულ ჩატარებას, კერძოდ, ინტენსიური ზრდის შესაჩერებლად ვაზს სისტემატურად უნდა აცლიდნენ ნამხარს, თავს და სხვა; ნიადაგის მოვლის ღონისძიებებიდან აღსანიშნავია სარეველეების მოსპობა, გაფხვიერება, რწყვა და სხვა.

ვაზის ძირითადი დაავადებებია: ჭრაქი (მილდიუ), ნაცარი (ოიდიუმი), ურძნისთეთრი, ნაცრისფერი და შავი სიდამპლე; მავნებლები: ფილოქსერა, ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა, ბალიშა ცრუფარიანები, იმერულა ჭიჭინობელა, კვირტის ჭია (ბუკნა), ვაზის ფოთოლხვევია, ხვატარები, ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა, ქართული ტკაცუნა (მავთულა ჭია), მახრა, აბლაბუდიანი ტკიპა და სხვა, რომელთაგან ნაწილი მევენახეობის თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული, ნაწილი - ზოგიერთში. ისინი აზიანებენ ვაზის ფესვს, ყლორტს, კვირტს, ყურძნის მარცვალს და კლერტს. ზოგიერთი დაავადება და მავნებელი მასობრივადაა გავრცელებული, ამიტომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა სისტემატურად უნდა ტარდებოდეს; ზოგიერთი კი ცალკეულ წლებში იჩენს ხოლმე თავს და მოითხოვს რადიკალური ღონისძიებების ჩატარებას.

ყურძენი, გერმანული ჯიში

ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბოტანიკური, აგრონომიული და სამეურნეო ნიშან-თვისებებით. მათი კლასიფიკაციის დროს ითვალისწინებენ ზრდის სიძლიერეს (სუსტი, საშუალო, ძლიერი და მეტად ძლიერი), ყურძნის შეფერილობას (თეთრი, ვარდისფერი, წითელი და სხვა), სიმწიფის პერიოდს (საადრეო, საშუალო, საგვიანო და ძლიერ საგვიანო), მოსავლიანობის (მცირე-, საშუალო-, უხვმოსავლიანი) და სამეურნეო მიმართულებას (სასუფრე, საღვინე, საკონიაკე, საშამპანო, ყურძნის წვენის, კონცენტრატების, საქიშმიჭე, ფილოქსერაგამძლე საძირე, დეკორატიული).

საქართველოში 500-მდე ადგილობრივი ჯიშია. მათგან ყველაზე გავრცელებულია: საღვინე ჯიშებიდან - საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, წულუკიძის თეთრა, ოჯალეში. ჩხავერი, ალადასტური და სხვა; სუფრის ჯიშებიდან: გორულა, წითელი ბუდეშური, თითა, კლარჯული; ახალგამოყვანილი ჰიბრალდული ჯიშებიდან - ქართული საადრეო, ივერია, თბილისური, სახალხო თეთრი, ვარძია, მუსკატური რქაწითელი, კოლხური და სხვა. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე შემოტანილი ჯიშები - ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე, კიროვაბადული სუფრისა, შასლა თეთრი, ყარაბურნუ (ბულგარული), ხალილი. ფილოქსერაგამძლე ვაზის ჯიშებიდან - რიპარიაxრეპესტრის 3309, რიპარიაxრუპესტრის 3306, რიპარიაxრუპესტრის 101-14, ბერლანდიერიxრიპარია 420, ბერლანდიერიxრიპარია 5ბბ, შასლსxბერლანდიერი 41, რეპესტრის დულო და სხვა. ყურადღება ექცევა ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების - ხიხვის, კრახუნას, ალადასტურის, უსახელოურის, ქისის, ოცხანური საფერეს, გრძელმტევანას, ჩხავერის და სხვების ფართოდ გავრცელებას. დიდი მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე, სადაც გამოჰყავთ ვაზის ყინვაგამძლე, მავნებლებისა და დაავადებათა მიმართ იმუნური და სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის ახალი ჯიშები.

საქართველოში საერთაშორისო ჯიშებიცაა გავრცელებული. ყველაზე მეტად ეს ითქმის ფრანგულ კაბერნე სოვინიონზე. თელიანის მიკროზონიდან მიღებული კაბერნედან ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო თელიანიც კი მზადდება კახეთში. საქართველოში ასევე გავრცელებულია შარდონე, სოვინიონ ბლანი, ალიგოტე, მუსკატი, კაბერნე ფრანი, მალბეკი, პინო ნუარი და მერლო, სირა, რისლინგი და სხვა.

ვენახი მონტონში, საფრანგეთი
  • კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, თბ., 1960;
  • რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, თბ., 1970;
  • ქანთარია ვ., რამიშვილი მ., მევენახეობა, გამოც. მე-4, თბ., 1965

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვაზი&oldid=4652588“-დან