საბატონო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბატონო, მსხვილთვალა, დიღმურიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში ქართლიდან.

საბატონოს სახელით ქართლში ორი სხვადასხვა ჯიშია გავრცელებული. ერთ-ერთს დამატებით სახელად დაკიდულას ეძახიან, ხოლო მეორე, შეცდომით „ყვითელი კუმსის“ სახელითაა ცნობილი. სახელწოდება საბატონო ამ ყურძნის თვისებებიდან გამომდინარე წარმოიშვა. მტევანი კუმსია, ლამაზი, მოყვითალო, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული, კნატუნა და სასიამოვნო გემოთი. შესაძლებელია ამ თვისებების გამო მოსახლეობა მას ბატონებისთვის მისართმევად იყენებდა და აქედან შეერქვა ეს სახელწოდებაც. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, სახელწოდება „საბატონო“ საუკუნით უნდა თარიღდებოდეს, რადგანაც მანამდე საქართველოში ტერმინი „ბატონი“ არ არსებობდა. უფრო ძველად კი ეს ვაზი სხვა სახელით იქნებოდა ცნობილი.

წარსულში საბატონო შედარებით უფრო ფართოდ ყოფილა გავრცელებული. მისი ნარგავები შემცირებულია და ერთეული ძირებია დარჩენილი ქსნისა და ლიახვის ხეობებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო. ძაბრისებური ფორმის ან გაურკვევლად დაზნექილი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სიხშირის ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრული ფორმის. გვხვდება ფრთიანი მტევნებიც. კუმსია, იშვიათად საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალოზე დიდია, ოდნავ ოვალური ფორმის. სიკუმსის გამო დეფორმირებული მარცვლებიც გვხვდება. შეფერილია ქარვისფრად, აქვს მუქი ხალები. კანი საკმაოდ სქელი და უხეშია, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი მკვრივი და კნატუნაა, სასიამოვნო მოტკბო-მომჟაო გემოთი. ზოგ შემთხვევაში ახასიათებს წვრილმარცვლიანობა.

საბატონო სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ვაზი საშუალო ზრდით ხასიათდება. აავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 166 დღეა. მტევნის საშუალო წონა 150-170 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 15-17.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-7 გ/ლ-ს.

საბატონოსგან დამზადებული ღვინო სუსტია, ნაკლებსხეულიანი და დუნე. საბატონო საშუალო ხარისხის სასუფრე ყურძენს იძლევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 321