იმერეთის სუფრის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იმერეთის სუფრის, სასუფრე ყურძენი, საჭმელი ყურძენი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

1958 წელს მკვლევარმა პ. ბაბილაშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში, ილიკო წივწივაძის ეზოში აღმოაჩინა ვაზი, რომელიც მაღალი მოსავლიანობით, ძლიერი ზრდით, დიდი მტევნებით, მსხვილი მარცვლებით, გვიანი სიმწიფითა და შენახვის კარგი უნარით გამოირჩეოდა. ამ ჯიშის ნამდვილი სახელი ყველას დავიწყებოდა და ადგილობრივები მას „საჭმელ ყურძენს“ ან „შესანახ ყურძენს“ ეძახდნენ. მოგვიანებით ეს ჯიში შეისწავლეს, გაამრავლეს და სახელად უწოდეს „იმერეთის სუფრის“.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ძალიან თხელი ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზო-მისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი მსხვილია, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მომწვანო-მოყვითალო ფერის.

ვაზი ძლიერი ზრდისაა. იმერეთის სუფრის სრულ სიმწიფეში ნოემბრის შუა რიცხვებში შედის. ერთი ძირიდან 4-8 კილოგრამი ყურძნის მოკრეფა შეიძლება, ხეივნად გაშენებული კი უფრო მოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.5-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 4.2-5.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 165