ბუზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუზა, საბუზე, ბუზის ყურძენი, ჭანჭუდოღიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ქართლის სხვა ჯიშებთან შედარებით ბუზა ადრე მწიფდება, კანი უსკდება, წვენი გადმოსდის და ბუზები ეხვევიან. ამ თვისების გამო მისთვის „ბუზა“ ანუ „ბუზის ყურძენი“ დაურქმევიათ. ქვემო ქართლში მოსახლე გერმანელებმა მას „ფოგელორაუბე“ (Vogel — ჩიტის, Traube — მტევანი), ხოლო აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ „აღა ყირმიზი“ (Ağa — ბატონი, Kirmiz — წითელი) შეარქვა.

ამპელოგრაფიული მახასიათებლებით ბუზა ძალიან ახლოს დგას ღარიბა შავთან, შავყურძენასთან, შავ კუმსთან, ქველოურთან, წვრილ კაპისტონთან და ამ ჯგუფში შემავალ სხვა ჯიშებთან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, წაგრძელებული, იშვიათ-ად მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრად მებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ან საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მხრიანი, საკმაოდ კუმსი, გვხვდება მეჩხერიც. მარცვალი მცირე ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური, მუქი ლურჯი. კანი თხელი და უხეში აქვს, რბილობი — წვნიანი, გემო — სასიამოვნო, ოდნავ მომწკლარტო, მაგრამ ტკბილი.

ბუზა ვაზი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 155 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 100-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 4.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.8 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო. აგრეთვე გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 84
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბუზა&oldid=4474321“-დან