ჩეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩეში, საადრეო ჩეშიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ქართულად „თეთრისა“-ს ნიშნავს.

წარსულში ჩეში ფართოდ ყოფილა გავრცელებული სამეგრელოს როგორც მთიან, ისე ვაკე ადგილებში. მოსახლეობა მას ღვინის დასამზადებლად იყენებდა და საკმაოდ მაღალხარისხიანი ჩეშის ღვინო კარგად იყო ცნობილი როგორც სამეგრელოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე მცირე ზომისაა, მცირედ ოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხშირქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, იშვიათად ფართოკონუსური, საშუალო სიკუმსის, გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალოზე დიდია, მომრგვალო, ღია მწვანე, მზის მხარეს მოქარვისფრო ელფერით. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ჩეში ყველაზე საადრეო ჯიშია. მისი ყურძენი ივლისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში იკრიფება. სამეგრელოში რთველი ამ ყურძნით იწყება და დეკემბერში ოჯალეშით მთავრდება.

ჩეში საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 202 დღეა. მტევნის საშუალო წონა 98 გრამამდეა, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.1 გ/ლ-ს.

ჩეში კარგ შედეგებს იძლევა კალციუმის კარბონატებით მდიდარ ნიადაგებზე შესაბამისი ააძირის შერჩევისას. მისგან მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი ღვინო მზადდება. ღვინო საკმაოდ ჰარმონიულია, სასიამოვნო, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობითა და საშუალო მჟავიანობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 424-425
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩეში&oldid=4473536“-დან