ქიშური შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქიშური შავი, ქიშური წითელიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ქიშური შავი ახლოს დგას ჯიშ შავკაპიტოსთან. ამ ჯიშის ფოთლები უფრო შესამჩნევადაა დანაკვთული, ვიდრე შავკაპიტოსი. ამ მხრივ იგი თეთრი ქიშურის ფოთლებს უფრო ჰგავს, რის გამოც დიმიტრი ტაბიძემ მას „ქიშური შავი“ უწოდა.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო-გულისებრი ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია სუსტ აბლაბუდისებრად, მის ქვემოთ მოფენილია ხშირი ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ხშირად დატოტვილი, საშუალო სიკუმსის, იშვიათად თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან მცირედ ოვალური, სუსტად დაფარული ცვილისებრი ფიფქით. მუქი ლურჯია. კანი სქელი და მკვრივი აქვს. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი შეუფერავია, სასიამოვნო გემოთი.

ქიშური შავი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 152-160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 140-160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 4.0-6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-6 გ/ლ-ს.

მიიღება საშუალო ღირსების სუფრის წითელი, მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 387-388