შინაარსზე გადასვლა

ჩხავერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩხავერი
ვაზი (Vitis)

საქართველოს საფოსტო მარკა 2009 წ.
ყურძნის ფერი მუქი ვარდისფერი
სახეობა Vitis vinifera
გავრცელების რეგიონები გურია
საფრთხეები ვაზის ჭრაქი, ნაცარი, ფილოქსერა
ყვავილის სქესი ორსქესიანი

ჩხავერი, ჩხაველი — ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან. ჩხავერიდან იწარმოება მაღალხარისხოვანი წითელი, ვარდისფერი და თეთრი ღვინოები.

„ჩხა“ ვაზზე აჭრილ რამდენიმემტევნიან რქას ეწოდება. რადგანაც ჩხავერის ყურძენს მოსახლეობა საზამთროდ ასეთი აჭრილი რქებით ინახავდა, გამორიცხული არ არის, რომ ვაზს სახელწოდებაც აქედან მიეღო.

გურიის ჯიშებს შორის ჩხავერი ძველთაგანვე იყოცნობილი, როგორც მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიში. წარსულში ჩხავერი ფართოდ იყო გავრცელებული მაღლარების სახით მთელ გურიაში, გარდა საჯავახოსი, განსაკუთრებით კი გურიის სამხრეთ ნაწილში, აჭარა-გურიის მთების კალთების სოფლებში. ჩხავრის ღვინო ცნობილი იყო გურიის ფარგლებს გარეთაც. XIX საუკუნეში სოკოვანი დაავადებების ა ფილოქსერას გავრცელების შემდეგ ჩხავერი მაღლარების სახთ შემორჩა მხოლოდ გურიის მთისწინა სოფლებში (ლიხაური, მაკვანეთი, შემოქმედი, ბაღდადი, ბახვი, ასკანა, ოცხანა, დაბლაციხე, ფარცხმა, კოხნარი და სხვა.)

1929 წელს შეიქმნა ჩხავერის საბჭოთა მეურნეობა სოფელ ზედა ბახვში 14 ჰექტარზე და 1935 წელს ის გაშენდა ქედაში საკოლექციო ნაკვეთში 0,25 ჰექტარზე.

ამჟაამად ჩხავერი დაბლარის სახით მცირედაა გავრცელებული სოფლებში ბუკისციხე, დაბლაციხე, ქვემო ერკეთი, ამაღლება, [[მთისპირი,, ფამფალეთი, ბახვი, შემოქმედი. გურიის გარეთ ჩხავერი მცირედ გავრცელებულია ქედის, ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.

ზრდასრული ფოთოლი ღია მწვანეა, საშუალო ზომის და მომრგვალო ფორმისაა, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ქეჩისებრია. ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით. ჩხავრის მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ცალფრთიანი, თხელი, გვხვდება საშუალო სიმკვრივის მტევნებიც. მარცვალი მუქი წითელ-ვარდისფერია, საშუალო ზომის ან საშუალოზე მცირე, თითქმის მრგვალი. კანი სქელი არ აქვს, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია, ტკბილი და სასიამოვნო გემოთი.

აგრობიოლოგიური დახასიათება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 201-222 დღეა, ვაზის გაღვიძება იწყება მარტის ბოლოდან, კვირტის გაფურჩქვნა — აპრილის პირველი რიცხვებიდან, ყვავილობა მიდინარეობს ივნისის პირველ ნახევარში, ყურძენი შეთვალებას სექტემბრის პირველ ნახევარში იწყებს და სრულ სიმწიფეში ნოემბრის პირველი რიცხვებიდან შედის. რთველი შუა ნოემბრის შემდეგაა. ფოთოლცვენა ნოემბრის მეორე ნახევარში მიმდნინარეობს. ვაზზე დატოვებული ყურძენი დაუჭკნობლად ძლებს დეკემბრამდე. დაკრეფილი ინახება ადრე გაზაფხულამდე.

ჩხავერი საშუალო ზრდისაა. მოსავლის პირველი ნიშნები მესამე წელს აქვს, სრულ მოსავლიანობაში კი შედის 4-5 წლიდან. ჯიში ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით ვაზის ჭრაქით, ასევე, ფილოქსერის მიმართ სუსტად გამძლეა. მასზე საკმაოდ მოქმედებს ეკოლოგიური პირობებიც. ჩხავერი კარგად ხარობს მზით განათებულ, კირის შემცველ ფერდობ ნიადაგებზე.

მტევნის საშუალო წონა 135 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5-5,5 ტონა. ახასიათებს წვენის დიდი გამოსავლიანობა 74-80%. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19,5-21.0%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8,1-9,6 გ/ლ-ს.

ჩხავერი მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. მისი ყურძნისგან დამზადებული ღვინო შესაძლოა იყოს თეთრიდან და ღია ქარვისფერიდან ღია, მკრთალ ვარდისფერამდე, არის ნაზი და ჰარმონიული, დამახასიათებელი ჯიშური არომატით, ალკოჰოლის საკმაო შემცველობით და ოდნავ მომეტებული, მაგრამ სასიამოვნო სიმჟავით. ტკბილის ჭაჭაზე დადუღებით მიიღება ტანინებით მნდიდარი ღვინო. ჩხავრის და თეთრიშას შერევით და უჭაჭოდ დადუღებით მიიღება მაღალხარისხოვანი თეთრი მშრალი ღვინო.

ჩხავერისგან, გარდა მშრალი ღვინისა, შეიძლება დაყენდეს ნახევრდატკბილი ღვინო. ჩხავერის ნახევრადტკბილი ღვინო 1934 წლიდან იწარმოებოდა საქართველოს სსრ-ში. მას სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალებზე მიღებული აქვს 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი.

ჩხავერს ასევე იყენებენ, როგორც საკუპაჟე მასალას სუფრის ცქრიალა ღვინოების დასაყენებლადაც.