შინაარსზე გადასვლა

ხაფშირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხაფშირა (აფხ. Аҳаԥшьыражь[1] [აჰაფშჷრაჟ]) — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა დაფარული აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის. კუმსია ან მეტად კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო. კანი საშუალო სიმკვრივის აქვს, ადვილად სცილდება რბილობს და საშუალოდაა დაფარული ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი წვნიანია და ლორწოვანი, სასიამოვნო და ტკბილი გემოთი.

ხაფშირა ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 195-205 დღეს შორის მერყეობს. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 235 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 15.0-18.0 ტონა. ყურძნის სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10 გ/ლ-ს.

გამოიყენება სხვა ჯიშებთან ერთად სუფრის თეთრი, მშრალი ღვინისა და საბრენდე სპირტის მისაღებად.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 517
  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015