შაბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაბა, ადრეულა, ადრიანი, ცანცქატაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

სახელწოდება შაბა წარმოშობილი უნდა იყოს სიტყვა შაბიდან, რადგანაც ამ ჯიშის ყურძენს სრულ სიმწიფეში შაბივით მომწკლარტო გემო აქვს.

შაბა სხვა ჯიშებთან შედარებით ადრე მწიფდება და ამიტომ კასპში მას ადრეულა და ადრიანი შეარქვეს. ქვემო ქართლის მოსახლეობამ მას „ჩაკალ ბოგან“-ი უწოდა (çakal — ტურა, boğan — მახრჩობელა).

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალო ან გულისებური ფორმისაა, ხუთ-სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხშირ აბლაბუდისებრადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრული ან უფორმო, თხელია, იშვიათად საშუალო სიკუმსის. ხშირად წვრილმარცვლიანობა 80%-ს აჭარბებს. მარცვალი საშუალო ზომისა და ოდნავ ოვალურია. მოყვითალო-მომწვანო ფერის, მზის მხარეს თამბაქოსფერი ლაქებით. კანი სქელი და საკმაოდ უხეში აქვს, მომწკლარტო გემოთი. დაფარულია სქელი ცვილისებრი ფიფქით, რაც მონაცრისფრო ელფერს აძლევს. რბილობი წვნიანია, გემო — მომწკლარტო.

შაბა საშუალო ზრდისა და მცირემოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან არულ სიმწიფემდე 154 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევრიდან შედის. ვაზი ააშუალო ზრდისა და მცირემოსავლიანია. მტევნის წონა 80-130 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22-24%-ს, მჟავიანობა — 6.5-7.5 გ/ლ-ს.

შაბას წვენის გამოსავლიანობა შედარებით ნაკლები აქვს, მისგან მიღებული თეთრი, მშრალი ღვინო სხეულიანი და ენერგიულია. გემოთი ძელგი და საკმაოდ ხარისხიანია. შეიძლება შაბას ყურძნის დაწურვა სხვა ჯიშებთან ერთად, რაც ღვინის ხარისხზე დადებითად იმოქმედებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 409
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შაბა&oldid=4474381“-დან