ოქროულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოქროულაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში კახეთიდან.

სახელწოდება მიღებული აქვს მოზრდილი ყლორტების ფერის გამო, რომლებსაც ოქროსფერი გადაჰკრავს.

საკმაოდ ძველი ჯიშია. იგი ძალიან ახლოს დგას აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან, განსაკუთრებით ჩინურთან. ოქროულა მცირე მინარევის სახით გავრცელებულია გურჯაანის, თელავის, სიღნაღისა და საგარეჯოს ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალოა, ოდნავ შებრუნებულ-ოვალური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია ან დაფარულია თხელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, გვხვდება მხრიანი მტევნებიც. საშუალო სიკუმსის, ზოგჯერ თხელი ან კუმსია. მარცვალი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, ხანდახან ოდნავ ოვალური, მოქარვისფრო-მოყვითალო ელფერით. კანი საკმაოდ თხელი და მკვრივია. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, მდნარი, სასიამოვნო ჰარმონიული გემოთი.

ოქროულა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 155 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 100-დან 400 გრამამდეა, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-8 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად. აქვს სასიამოვნო, ჰარმონიული გემო და სუსტად გამოხატული ჯიშური არომატი, მაგრამ ცუდად ინახება და ვერ იტანს ტრანსპორტირებას. მისგან ხარისხიანი ყურძნის წვენი მზადდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 288-289
  • გაზ. „ჩვენი სოფელი“, №6 (56), 1 სექტემბერი 2020, გვ. 11.