სირგულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სირგულაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ძალიან ახლოს დგას აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან და მათთან ერთ მთლიან ჯგუფს შეადგენს. კახეთის გარდა თითქმის არსად მოიპოვება, გავრცელებულია ტალავერების სახით გურჯაანის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ზოგჯერ ოვალური, ხუთი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია და დაფარულია ძალიან თხელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის, ხშირად მხრიანი. არის დატოტვილი მტევნებიც. საშუალო სიკუმსის, იშვიათად კუმსი მტევნებიც გვხვდება. მარცვალი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, ოვალური, იშვიათად მომრგვალო ფორმის, ღია ყვითელი ფერის, ზოგჯერ ყავისფერი ლაქებითაა დაფარული. კანი თხელი და საკ-მაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი მკვრივია, ოდნავ კრახუნა. გემო სასიამოვნო და პარმონიულია, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

სირგულა საშუალო ზრდისაა, სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180-დან 171 დღემდეა. მტევნის წონა 120-დან 150 გრამამდეა, საჰექტარო მოსავლიაობა კი 5.0-6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.8-20.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 4.5-6.5 გ/ლ-ს.

იძლევა ხარისხიან სასუფრე ყურძენს. მაგრამ მოკლებულია შენახვის უნარს და ვერ იტანს ტრანსპორტირებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 350