ჟღია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟღია, ხიტერი, ბჟღია (იმერეთი), აქლემისთვალა (ჰერეთი), მჟღრია (კახეთი), დევისთვალა (ჰერეთი) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდია, მომრგვალო ან მოოვალურო ფორმისკენ გადახრილი, სამ-ხუთნაკვთიანი, ზოგჯერ მთლიანი (დაუნაკვთავი). ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სუსტი აბლაბუდისებრი და მის ქვეშ მოფენილი თხელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მხრიანი, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი, თითქმის შავი, მაგრამ მარცვლების არათანაბრად დამწიფების გამო მტევანი ჭრელია. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარია. წვენი უფერულია, გემო — ოდნავ მომჟავო.

ჟღია საშუალო ან საშუალოზე ნაკლები ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 150-160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევრიდან შედის. მტევნის წონა 150-200 გრამს შორის მერყეობს. საჰექტარო მოსავლიანობა 9.4-დან 16.5 ტონამდეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

ჟღია, როგორც მაღალმოსავლიანი და საკმაოდ მაღალმჟავიანი ჯიში, ძირითადად გამოიყენება საკუპაჟე მასალად და საბრენდე სპირტის დასამზადებლად. მისგან დამზადებული სუფრის მშრალი ღვინო ხასიათდება ვარდისფერი შეფერილობით, ალკოჰოლის დაბალი შემცველობით და სასიამოვნო გემოთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 305
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჟღია&oldid=4466345“-დან