ნოშრიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნოშრიო, ნოშვრიოქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. წარმოშობილია რაჭაში. წარსულში წმინდა ნარგავებად იყო გავრცელებული ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სხვა ჯიშებთანაა შერეული სოფელ ბუგეულში, საკეციასა და აბანოეთში. იყენებენ სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.[1]

საშუალო ზრდის ვაზია. ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომის, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, თითქმის მთლიანია. ფოთლის ქვედა მხარე ძალიან სუსტადაა შებუსული აბლაბუდისებრად და ჯაგრისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, გვხვდება ცილინდრული ფორმისაც. კუმსია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი წითელი ან შავი, აქვს თხელი კანი, უხვადაა დაფარული ცვილისებრი ფიფქით. რბილობი წვნიანია.[1]

ნოშრიოს სავეგეტაციო პერიოდი 151 დღეს შეადგენს. სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. მტევანი საშუალოდ იწონის 142 გრამს. ყურძნის სრულ სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა 22,8–23,6%-ია, მჟავიანობა 6,1–7,9 /-ს აღწევს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ვაზის ჯიშები // ჩვენი სოფელი : გაზეთი, თბილისი, 2020, № 8(58), გვ. 9.