უსახელოური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უსახელოური, ოყურეშულიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

ვაზის სახელწოდება მდინარე ლაჯანურასთან მდებარე სოფელ უსახელოს უკავშირდება.

გავრცელებულია ცაგერის რაიონში, ძირითადად ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში. ონისა და ამბროლაურის მოსახლეობა მას ოყურეშულის სახელწოდებითაც მოიხსენიებს.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირეა, მომრგვალო ან განივოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი, გვხვდება სრულიად დაუნაკვთავიც. ფოთოლი ქვედა მხრიდან დაფარულია საკმაოდ თხელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის. იშვიათად განივკონუსური ან ცილინდრული. ახასიათებს ერთი ან ორი ფრთა, რომელიც ძირითადი მტევნის ნახევრამდე აღწევს. კუმსია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო სიდიდისაა, მომრგვალო ან ოდნავ შეზნექილი ფორმის. სრულ სიმწიფეში მუქი ლურჯია, შავში გარდამავალი. თხელკანიანია, უხვადაა დაფარული ცვ-ილისებრი ფიფქით. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია. წვენი უფერულია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. მარცვალს ახასიათებს არათანაბარი განვითარება.

უსახელოური საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. რაჭა-ლეჩხუმში ყურძენი სექტემბრის ბოლოს მწიფდება. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 165-180 დღეა. მტევნის წონა 40-დან 120 გრამამდე მერყეობს, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.0-7.5 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-26%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-9 გ/ლ-ს.

უსახელოური მაღალხარისხიანი ჯიშია. იგი გამოიყენება ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და სუფრის წიოელი, მშრალი ღვინოების დასამზადებლად. მისი ღვინო გამოირჩევა ინტენსიური შეფერვით — ლამაზი ლალისფერი და მწიფე ბროწეულის ფერით, მაღალი ალკოპოლით, ჯიშური არომატით, საკმაო სხეულით და მდიდარი ჰარმონიული გემოთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 364