რქაწითელი
რქაწითელი, კუკურა, დედალი რქაწითელი, კახურა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
სახელწოდება მიღებული აქვს რქის შეფერილობის მიხედვით, რომელიც შემოდგომაზე მოწითალო-წაბლისფერია.
წარსულში რქაწითელს კუკურას უწოდებდნენ, უფრო ზუსტად, კაკურას. ეს კახის პროვინციის სახელია, რომელიც ისტორიულ პერეთში მდებარეობს. სწორედ ამ სახელით იცნობენ რქაწითელს დღემდე პერეთში (საინგილო). რაჭაში „კახურას“ ეძახიან. ბორჩალოს მაზრის გერმანელმა კოლონისტებმა კი რქაწითელს Blauhölzer (ლურჯრქიანი) და Zveiabazen (ორი აბაზი) დაარქვეს. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი ყურძნის საბაზრო ღირებულებას აღნიშნავდა. რუსეთის სხვადასხვა ოლქში მას „გრუზინსკი“, „ტოპოლიოკ“, „კოროლიოკ“ და ბუდაშური შეარქვეს.
ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, რქაწითელის წარმოშობა ახალი წელთაღრიცხვის პირველი ხუთი საუკუნით უნდა თარიღდებოდეს.
გამოვლენილია რქაწითელის რამდენიმე კლონი: კლონი №48, კლონი №65, კლონი №66, კლონი №67, კლონი №71, კლონი №320, რომლებიც განსხვავდებიან როგორც ძირითადი ფორმისგან, ასევე ერთმანეთისგან.
გავრცელების მიხედვით რქაწითელის ვენახებს საქართველოში პირველი ადგილი უჭირავს. ძირითადად გვხვდება კახეთსა და ქართლში.
რქაწითელს ასევე პირველი ადგილი ეჭირა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, ყოფილი საბჭოთა კავშირის ვაზის ჯიშებს შორის. რქაწითელის შეჯვარებით სხვა ჯიშებთან გამოყვანილია მრავალი საღვინე და სასუფრე მიმართულების სელექციური ჯიში.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი არის საშუალო ზომისა და მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრადაა შებუსული, ძარღვების გასწვრივ გასდევს თხელი ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მხრიანი, მხრის სიგრძე ხშირად მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. საშუალო სიკუმსისაა ან კუმსი. გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური. მტევანში განუვითარებელი მარცვლებიც გვხვდება. სრულ სიმწიფეში მოვარდისფრო-ბრინჯაოსფერი ხდება. აქვს თხელი და მკვრივი კანი. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია, ძალიან სასიამოვნო ჰარმონიული გემოთი.
რქაწითელი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. კახეთში სრულ სიმწიფეს სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, ხოლო ქართლში ოქტომბრის დასაწყისში აღწევს. სავეგეტაციო პერიოდიც შესაბამისად 154-161 დღეა. მტევნის საშუალო წონა 160-250 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა 6.0-20.0 ტონა. საკმაოდ გამძლეა გვალვების მიმართ. ზამთრის ყინვებს კი საუკეთესოდ იტანს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-24%-ს (ზოგჯერ 31%), ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.
რქაწითელი „უნივერსალური“ ვაზის ჯიშია არა მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად ეგუება გარემო პირობებს, არამედ იმითაც, რომ მისი ყურძნისგან მიიღება როგორც მაღალხარისხიანი ქვევრის თეთრი, მშრალი ღვინოები, ასევე ევროპული ტიპის, იშვიათი ღირსების კახური, მაღალი ღირსების ცქრიალა და სადესერტო ღვინოები. ღვინოს ახასიათებს თავისებური ხილის ბუკეტი, სინაზე, ჰარმონიულობა და სასიამოვნო გემო. კახეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში რქაწითელისგან მიიღება სხვადასხვა ტიპის ღვინო: ევროპული ტიპის ღვინოებიდან გამორჩეულია კონდოლის, წინანდლის, კისისხევის, ქვემო ხოდაშნის, ვაზისუბნის და მუკუზნის სუფრის თეთრი ღვინოები. ცნობილი ღვინოა ადგილწარმოშობის კონტროლირებადი დასახელების „წინანდალი“, „ვაზისუბანი“, სადაც რქაწითელი კახურ მწვანესთან ერთად მონაწილეობს. რქაწითელისგან მზადდება საუკეთესო ღირსების საბრენდე სპირტი, ჭაჭა, ბადაგი, ჩამიჩი, თათარა, ჩურჩხელა. გარდა ამისა, საუკეთესოა სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 314
- რამიშვილი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 520.
- ხარბედია მ., „ქართული ღვინის გზამკვლევი“, გვ. 49, თბ., 2013
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რქაწითლი - ყურძნის ჯიში
- Ркацители (რქაწითლი) - თეთრი ყურძნის ჯიში დაარქივებული 2010-11-29 საიტზე Wayback Machine.
- Все о вине и винограде - Ркацители დაარქივებული 2012-03-08 საიტზე Wayback Machine.