ჭყაპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭყაპა, ჭყარტალა, ჭყარტანაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

სახელწოდება მისი მარცვლის თვისებების გამო შეერქვა. ჭყაპას მარცვალი ძალიან წვნიანია და ადვილად სკდება.

სამაჩაბლოს სოფლებში მას შეცდომით „შაბას“ და „თეთრ თქელაფას“ ეძახიან.

მცირედაა გავრცელებული ქართლის ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო. ზოგჯერ ოვალური, სუსტად დანაკვთულ, ხშირად მთლიანი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრ-აბლაბუდისებრად საშუალოდ ან სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო და საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრული, ხშირად ფრთიანი ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, იშვიათად თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო მოყვითალო-მომწვანო ელფერის. თხელკანიანია და ადვილად ზიანდება. რბილობი წვნიანი და უხვგამოსავლიანია. გემო სასიამოვნო აქვს, ხილის სუსტი არომატით.

ჭყაპა საშუალო ზრდისა და საშუალოზე მაღალმოსავლიანია. შესაბამისი საძირის შერჩევისას კარგად ვითარდება ყველანაირ ნიადაგზე. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 151 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 100-260 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-21.8%-ს, მჟავიანობა — 5.9-8.0 გ/ლ-ს.

ჭყაპას ჯიშური ღვინო დუნეა და მდარე ხარისხის, ამიტომ ძირითადად გამოიყენება საკუპაჟე მასალად სუფრის თეთრი ღვინის მისაღებად. მოსახლეობა ჭყაპას ყურძენს სასუფრედაც იყენება და აკიდოების სახით ზამთარშიც ინახავს. ზედმეტი წვნიანობის მიუხედავად ამგვარად შენახული ყურძენი 4-5 თვეს ძლებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 504