წმინდა თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმინდა თეთრი, ძველი თეთრი, ძველი თეთრაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

უძველეს დროში რაჭაში ყოფილა გავრცელებული. გასული საუკუნის 30-იან წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბუგეულსა და აბანოეთში მისი ნარგავებიც არსებობდა. ამ ჯიშის მხოლოდ თითო-ოროლა ვაზია შემორჩენილი ამავე სოფლებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი პატარა ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მცირედ დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად ძლიერაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი პატარა ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ფრთიანი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. ზოგჯერ თხელი. მარცვალი საშუალო ან პატარა ზომისაა, თითქმის მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ელფერით. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი საკმაოდ წვნიანია. გემო — სასიამოვნო და ტკბილი.

წმინდა თეთრა სუსტი ზრდა-განვითარებისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 145 დღეა. სრულ სიმწიფეში დაახლოებით სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 80-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5-9 გ/ლ-ს.

მიიღება ხარისხიანი და ჰარმონიული სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 481