შინაარსზე გადასვლა

ჭიპაკური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიპაკური — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

წარსულში იგი ფართოდ ყოფილა მაღლარების სახით გავრცელებული შუა აჭარის სოფლებში. ადგილობრივი მოსახლეობა მას ძირითადად სასუფრე ყურძნად იყენებდა, საზამთროდ კი ყურძნის წვენს და ბაქმაზს ამზადებდა. XX საუკუნის შუა წლებში ჭიპაკურის ერთეული ხნოვანი ძირები იყო შემორჩენილი ვაიოში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამ, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდ შებუსულია მონაცრისფრო აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი პატარა ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი ან ოდნავ ოვალური ფორმის. მუქი წითელია, თხელი და მკვრივკანიანი, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ნაკლებ ხორციანი და მეტად წვნიანი აქვს, წვენი — შეუფერავი.

ჭიპაკური საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 188 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან შედის. მტევნის საშუალო წონა 133 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.5-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.6%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.9 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად და სასუფრე ყურძნად.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 496
  • რამიშვილი მ., „გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები“, თბ.: სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1948.  გვ. 249-251.