შინაარსზე გადასვლა

სამარხი (ვაზის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამარხი (მრავალმნიშვნელოვანი).
სამარხი
ვაზი (Vitis)
ყურძნის ფერი ღია მწვანე
სახეობა ევროპული ვაზი
გავრცელების რეგიონები გურია
საფრთხეები სოკოვანი დაავადებები, ფილოქსერა
ყვავილის სქესი ორსქესიანი

სამარხი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში გურიიდან. გარეგნული სილამაზით და გემური თვისებებით სამარხი ხარისხიან სასუფრე ყურძნის ჯიშად ითვლება. გააჩნია შენახვისა და ტრანსპორტირების კარგი უნარი, საიდანაც მოდის მისი სახელწოდება, როგორც შესანახავად განკუთვნილი ყურძნისა.

სამარხი გურიის უძველესი ჯიშია, ივანე ჯავახიშვილის მიხედვით ის არაუგვიანეს X საუკუნისა უნდა იყოს, სახელწოდება სამარხი VIII-IX საუკუნეებში ქართლიდან და მესხეთიდან გურიაში გახიზნული მოსახლეობის მიერაა გადატანილი.

სოკოვანი დაავადებებისა და ფილოქსერას გამოჩენამდე სამარხი ფართოდ იყო გავრცელებული გურიაში და ადგილობრივი მოსახლეობა სასუფრე ყურძნად იყენებდა. დაავადებებმა მისი გავრცელების მასშტაბები მნიშვნელოვნად შეამცირა გურიის ზეგნების სოფლებამდე. XX საუკუნის შუა წლებში თითქმის გადაშენებული იყო ძალიან მცირე რაოდენობით იყო შემორჩენილი დასავლეთ გურიაში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად საშუალოდაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განითარებული [[ბუტკო]თი და მტვრიანებით. სამარხის მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი ან საშუალო სიმკვრივს. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური, ღია მწვანე, მზის მხრიდან მუქი ქარვისფერი, საკმაოდ სქელი და მკვრივკანიანი, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია. გემო — სასიამოვნო და ტკბილი.

აგრობიოლოგიური დახასიათება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამარხი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 192 დღეა. ყვავილობა მიმდინარეობს ივნისში, შეთვალვა იწყება სექტემბრის დასაწყისში და სრულად მწიფდება ნოემბრის დასაწყისში. მტევნის წონა 100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6-6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19,5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8,8 გ/ლ-ს.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 327
  • რამიშვილი, მ., „გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები“, თბ.: სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1948.  გვ. 61-62.
  • ნაკაშიძე ე., მევენახეობა-მეღვინეობა, თბ: სახელგამი, 1929.  გვ. 30.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]