ხიხვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხიხვი, ჯანანურა — ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ეკუთვნის კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ამ სახელის ჯიში საქართველოს მეღვინეობის თითქმის ყველა კუთხეში არსებობდა, კახეთში ხიხვის გარდა ეს ჯიში ცნობილი იყო ჯანანურას სახელითაც.

ჯიშის ჩამოყალიბებას დ. ტაბიძე დაახლოებით ჩვ. წ. III-IV საუკუნეში ვარაუდობდა. მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებში და შედარებით მცირემოსავლიანია. აქვს შაქრის დაგროვების დიდი უნარი, განსაკუთრებით კარდენახის ზონაში გაშენებულ ხიხვს. ხიხვიდან მზადდება ძალიან გამორჩეული კლასიკური (ევროპული) და კახური ტიპის (ქვევრის) ღვინოები. ევროპულად დაყენებულ ხიხვში პირველ რიგში ეკზოტიკური მცენარეული, კერძოდ მინდვრის ყვავილების სურნელები და სხვა. იქცევს ყურადღებას (მაგ. ბზის), ქვევრში დაყენებულ ხიხვში კი მწიფე ხილისა და ყვითელი ჩირის არომატები. ევროპული წესით დაყენებული ხიხვის ღვინო ღია ჩალისფერია, შინაარსით მდიდარი, ჰარმონიული და სასიამოვნო, ნაზი, ჯიშური არომატით. კახური წესით დაყენებული ღვინო მუქი ჩალისფერია, მეტი სხეულიანი, შინაარსით მდიდარი და მაღალი გემური თვისებების, მწიფე ხილისა და ყვითელი ჩირის არომატებით. ხიხვისაგან დამზადებული სადესერტო ღვინო განსაკუთრებით მაღალი ხარისხისაა. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა, კახეთის ძირითად რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 23,0-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6,5 გ/ლ-ს. ხიხვისგან რქაწითელსა და კახურ მწვანესთან ერთად, მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი შემაგრებული ღვინო „კარდენახი“. ათწლეულების მანძილზე საქართველოში ხიხვიდან აყენებდნენ უმაღლესი ხარისხის სადესერტო ღვინოს. გარკვეული რაოდენობის ხიხვს უმატებენ ასევე სხვა ჯიშებიდან დაყენებულ ღვინოებს, გასაუმჯობესებლად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ხარბედია, „ქართული ღვინის გზამკვლევი“, თბ., 2013, გვ. 50-51

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]