რქაწითელი ვარდისფერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რქაწითელი ვარდისფერი — ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

რქაწითელი ვარდისფერი არის რქაწითელის ბიოტიპი, კვირტული ვარიაცია. გამოავლინა მეცნიერმა ვასილ ლოლაძემ 1948 წელს. გავრცელებულია. გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდია, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად თხლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია, მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ან დიდი ზომისაა, ოვალური, იშვიათად მომრგვალო, ვარდისფერი. კანი საშუალო სისქის აქვს. რბილობი ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო ჰარმონიული გემოთი.

რქაწითელი ვარდისფერი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 155-165 დღეა. ერთი მტევნის წონა 240-350 გრამია, საჰექტარო მოსავლიაობა კი 7.0-12.0 ტონა. ვაზს შაქრის დაგროვების დიდი უნარი გააჩნია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-7 გ/ლ-ს.

ვარდისფერი რქაწითელი მაღალხარისხიანი სუფრის, მშრალი თეთრი და ვარდისფერი სადესერტო ღვინის მომცემი ჯიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 316

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაზის ჯიშები // „ჩვენი სოფელი“ : გაზეთი, თბილისი, აგვისტო, 2021, № 65, გვ. 7.