შინაარსზე გადასვლა

ოჯალეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოჯალეში
ვაზი (Vitis)
ყურძნის ფერი მუქი ლურჯი
სახეობა Vitis vinifera
გავრცელების რეგიონები სამეგრელო

ოჯალეში — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ოჯალეში სამეგრელოს ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. „ჯა“ მეგრულად ხეს ნიშნავს, ხოლო „ოჯა-ლეში“ ხეზე ასაშვებ ანუ სახეივნო ვაზს. ერმილე ნაკაშიძის მიხედვით „ბჟა“ ნიშნავს მზეს, ხოლო ბჟალეში გაცხელებულს, გახურებულს, მზისგან დამწვარს. ხოლო ოჯალეში არის ობჟალეშის სახეცვლილი ფორმა. სამეგრელოშო ოჯალეშს „შონურს“ ანუ „სვანურს“ უწოდებენ, მაგრამ შონური, ოჯალეშთან დიდი მსგავსების მიუხედავად, დამოუკიდებელი ჯიშია. ოჯალეშის ნარგავები ძირითადად მარტვილის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებშია გავრცელებული.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ განივოვალური ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა დაფარული მონაცრისფრო აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი. ფრთის სიგრძე ზოგჯერ მტევნის ნახევარს აღწევს, საშუალო სიკუმსისაა. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ოდნავ ოვალური, მუქი ლურჯი, თითქმის შავი. სქელკანიანია. რბილობი ხორციანია, სასიამოვნო ჯიშური არომატითა და მდიდარი გემოთი.

ოჯალეში საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 175-215 დღეა. სამეგრელოში ყურძენი ნოემბრის შუა რიცხვებში მწიფდება. მტევნის საშუალო წონა 112 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 20-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.

ოჯალეშის ღვინოს სამეგრელოს ღვინოთა შორის უპირველესი ადგილი უჭირავს. ის მიიჩნეოდა ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ მთლიანად საქართველოში. ოჯალეშის ღვინოს მაღალ შეფასებას აძლევდა ჟან შარდენი. ოჯალეში გამოიყენება ინტენსიურად შეფერილი, მეტად მაღალხარისხიანი სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. მისი ღვინო გამოირჩევა მუქი წითელი ფერით, ალკოპოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, ხავერდოვნებით, დიდი სხეულით, სრული ჰარმონიულობით და მდიდარი ჯიშური არომატით. სიძველეში ღვინო ივითარებს სასიამოვნო ბუკეტს. ის ახლოს დგას ბურგუნიის და პორტუს ღვინოებთან, ინახება დიდხანს და კარგად უძლებს ტრანსპორტირებას.

მდინარე ტეხურის ხეობის მიკროზონაში მოყვანილი ოჯალეშიგან დგება ადგილწარმოშობის დასახლების წითელი მშრალი ღვინო სალხინოს ოჯალეში.

ოდიშის მთავრების ვენახებში სალხინოს ბაღში ოჯალეშის ღვინოს აყენებდნენ შონურის ჯიშისგან.

საქართველოს სსრ-ში ოჯალეშისგან ძირითადად ამზადებდნენ წითელ ნახევრადტკბილ ღვინოს.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • გოცირიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984.  გვ. 626.
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 294
  • რამიშვილი მ., „გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები“, თბ.: სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1948.  გვ. 134-138.
  • ნაკაშიძე ე., მევენახეობა-მეღვინეობა, თბ: სახელგამი, 1929.  გვ. 42-44.