მისკიეთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მისკიეთაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აჭარიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია, მხოლოდ ძარღვების გასწვრივ აქვს მცირეოდენი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი პატარა ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, საკმაოდ მკვრივი, გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, მომწვანო-მოყვითალო ელფერით. საკმაოდ სქელი და მკვრივკანიანია, ცვილისებრი ფიფქით სუსტად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო მოტკბო გემოთი.

მისკიეთა საშუალო ზრდის ვაზია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 192 დღეა. მტევნის საშუალო წონა 108 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.5-6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.8 გ/ლ-ს.

მისკიეთა ხარისხიანი სასუფრე ყურძნის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. აქვს ლამაზი მტევანი, მარცვალი, სასიამოვნო გემო და კარგად იტანს ტრანსპორტირებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 242