ცხენისძუძუ კახური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცხენისძუძუ კახური, გრძელმარცვალა ქისი, ყვითელი ცხენისძუძუქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ განივოვალურისკენ გადახრილი. სამნაკვთიანია, იშვიათად კი ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სისქის აბლაბუდისებრი შებუსვით, რომელთაც ერთვის სქელი ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის დატოტვილი და მხრიანი მტევნებიც გვხვდება. საშუალო სიკუმსისაა, ზოგჯერ მეჩხერიც. მარცვალი მსხვილია, ოვალური, იშვიათად მოგრძო მომწვანო-მოყვითალო ელფერით, მზის მხარეზე მოყავისფრო ლაქებით. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, კრახუნა. სასიამოვნო და ჰარმონიული გემოთი და საკმაო ჯიშური არომატით.

ცხენისძუძუ კახური საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 140-156 დღეა. მტევნის წონა 160-180 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-14 გ/ლ-ს.

ცხენისძუძუ კახურს ძირითადად სასუფრე ყურძნად იყენებენ. გარდა ამისა, გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად, რომელიც საკმაოდ კარგი ღირსებისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 458-459