საფერავი ატენის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საფერავი ატენის — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე საშუალოდაა შებუსული ქეჩისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი პატარა ან საშუალო ზომისაა, ოვალური, შავი, იისფერი ელფერით. კანი თხელი აქვს, საკმაოდ მკვრივია, სქელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი წვნიანი და ხორციანია. წვენი — შეუფერავი. გემო — სასიამოვნო, მომჟავო-მოტკბო.

საფერავი ატენის საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 171 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 115 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.1 ტონამდე. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-10 გ/ლ-ს.

მიიღება სუსტად შეფერილი, არასაკმარისად სხეულიანი სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 337