ნაადრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაადრევიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად სუსტადაა დაფარული. ძარღვების გასწვრივ გასდევს ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, ზოგჯერ კონუსური ფორმის, კუმსი, იშვიათად მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, თეთრი ფერის, მოყავისფრო ლაქებითა და წვრილი ყავისფერი წერტილებით. თხელი და მკვრივკანიანია, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო გემოთი და ხილის არომატით.

ნაადრევის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 140 დღეა. სრულ სიმწიფეში აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში შედის. ვაზი ძლიერი ზრდისაა, მტევნის საშუალო წონა 100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა 4.2 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-8 გ/ლ-ს.

აქვს ლამაზი მტევნები, ჰარმონიული გემო და კარგად იტანს ტრანსპორტირებას. მისი ღვინო კი ხასიათდება მუქი ჩალისფერი ელფერით, ხილის არომატითა და სასიამოვნო გემოთი. გამოიყენება სასუფრე ყურძნად და საკმაოდ ხარისხიანი სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 277