ნაცარა (ვაზის ჯიში)
ნაცარა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.
სახელწოდება მიღებული აქვს უხვი ცვილისებრი ფიფქის გამო, რომელიც სრულ სიმწიფეში მესულ მტევამს ნაცრისფერ ელფერს აძლევს.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი კვერცხისებური ფორმის და საშუალო ან პატარა ზომისაა. ყვავილი ორსქესიანია. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შეუბუსავია ან სუსტი ჯაგრისებრი შებუსვითაა. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, მკვრივი ან საშუალო სიმკვრივის, ზოგჯერ ფრთიანი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ან მუქი წითელი. თხელკანიანია. რბილობი წვნიანი აქვს, წვენი — შეუფერავი.
ნაცარას სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 159 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველი ნახევრიდან შედის. ვაზი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. მტევნის წონა საშუალოდ 77 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-28%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-9 გ/ლ-ს.
ნაცარას ყურძენი გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 278