დიდმტევანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდმტევანაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში ჰერეთიდან.

ისტორიულ ჰერეთში ადგილობრივ მოსახლეობას ამ ჯიშისათვის „დიდმტევანა თეთრი“ შეურქმევია, რაც მისი მტევნის ზომის მანიშნებელია.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან გულისმაგვარი ფორმის, ხუთნაკვთიანი, იშვიათად გვხვდება დაუნაკვთავიც. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია, მხოლოდ ფუძესთან ძარღვები სუსტადაა ჯაგრისებურად შებუსული. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, ღია მწვანე შეფერვის, ცვილისებრი ფიფქით სუსტად დაფარული. მარცვლის კანი საკმაოდ მკვრივია, რბილობი ხორციანი და წვნიანია. წვენი უფერულია, სასიამოვნო გემოთი და ჯიშური არომატით.

დიდმტევანა ხასიათდება საშუალოზე ძლიერი ზრდით. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 176 დღეა. მტევნის საშუალო წონა 685 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 16.5 ტონა. სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 15.6-16.6%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.6-7 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად. დიდმტევანა გამოირჩევა საუკეთესო გემური თვისებებით, მტევნისა და მარცვლის სილამაზით, შენახვისა და ტრანსპორტირების უნარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 103-104