საქართველო (ვაზის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.

გამოყვანილია 1963 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე. ავტორები: მაქსიმე და რევაზ რამიშვილები. მშობელ წყვილებად გამოყენებულია განჯური და ალექსანდრიული მუსკატი.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი, ქვედა მხრიდან სუსტი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, ცილინდრული, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ან დიდი ზომისაა, მომრგვალო, მოყვითალო-მომწვანო. კანი საშუალო სისქისაა, ცვილისებრი ფიფქით მცირედ დაფარული. რბილობი ხორციან-წვნიანია, სასიამოვნო გემოთი, შაქარ-მჟავიანობის ჰარმონიული შემცველობით.

მიეკუთვნება სიმწიფის საშუალო-საგვიანო სასუფრე ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა საშუალოდ 163 დღეა. მტევნის საშუალო წონა 250 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 13.0-16.0 ტონა.

ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5-6.8 გ/ლ-ს.

საქართველო მაღალხარისხიანი სასუფრე ყურძნის ჯიშია. კარგად ინახება და უძლებს ტრანსპორტირებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 554-555