შინაარსზე გადასვლა

იორდანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იორდანიის ჰაშიმიდური სამეფო
არაბ. المملكة الأردنية الهاشمية
იორდანია
იორდანიის
დევიზი: არაბ. الله، الوطن، الملك
Allāh, al-Waṭan, al-Malik
"ღმერთი, სამშობლო, მეფე"
ჰიმნი: არაბ. السلام الملكي الأردني
"Al-Salām al-Malakī al-Urdunī"
"იორდანიის სამეფო ჰიმნი"
დედაქალაქი
და
ამანი
31°57′ ჩ. გ. 35°56′ ა. გ. / 31.950° ჩ. გ. 35.933° ა. გ. / 31.950; 35.933
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე აბდულა II
 -  პრემიერ-მინისტრი ჯაფარ ჰასანი
ფართობი
 -  სულ 89 342 კმ2 (112-ე)
 -  წყალი (%) ~0,01
მოსახლეობა
 -  2023 შეფასება 11 484 805[1] (84-ე)
 -  2015 აღწერა 9 531 712[2]
 -  სიმჭიდროვე 114 კაცი/კმ2 (70-ე)
მშპ (მუპ) 2023 შეფასება
 -  სულ $132.092 მილიონი[3] (91-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $12 809[3] (112-ე)
აგი (2023)0.754[4]
მაღალი · 100-ე
ვალუტა დინარი (JOD)
სასაათო სარტყელი UTC+02:00
 -  ზაფხული (DST) UTC+03:00 (UTC)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი 962
ISO 3166 კოდი JOR
ინტერნეტ-დომენი .jo

იორდანია (არაბ. الأردن‎‎, ალ-ურდუნი), ოფიციალური სახელწოდებაა იორდანიის ჰაშემიტური სამეფო (არაბ. المملكة الأردنية الهاشمية‎‎) — არაბული სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება სირია, ჩრდილო-აღმოსავლეთით ერაყი, სამხრეთით და აღმოსავლეთით საუდის არაბეთი, ხოლო დასავლეთით ისრაელი და პალესტინა. იორდანია ისრაელს და პალესტინას ესაზღვრება მკვდარი ზღვის სანაპიროთი, ხოლო აკაბის ყურით ისრაელს, ეგვიპტეს და საუდის არაბეთს.

ოფიციალური სახელწოდებაა იორდანიის ჰაშემიტური სამეფო. ტერიტორიის 99 % უდაბნოებს და ნახევარუდაბნოებს უკავია. ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს ყველაზე მეტად იზიდავს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი - პეტრა.[5][6][7][8]

იორდანიის თანამედროვე ტერიტორია ძველად დასახლებული იყო სემიტური ტომებით – ქანაანელებით. ძვ.წ. III-II ათასწლეულებში ქვეყანას თავს ესხმოდნენ ფინიკიელები, ხეთები და სხვა ხალხები. ძვ. წ. პირველ ათასწლეულში ამ ტერიტორიის ისტორიული ნაწილი შედიოდა ისრაელისა და იუდეველთა სამეფოების შემადგენლობაში. ძვ. წ. III ს. დასასრული – II ს. დასაწყისში აქ არაბეთის ნახევარკუნძულიდან გამოსულმა ტომებმა შექმნეს ნაბატეველთა სახელმწიფო, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით II საუკუნის დასაწყისში რომის იმპერიამ დაიპყრო. IV საუკუნეში იორდანიის ტერიტორია ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

VII საუკუნის 30-იან წლებში ქვეყანა დაიპყრეს არაბებმა და არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში შევიდა. ამ პერიოდში გავრცელდა არაბული ენა და ისლამი. XI-XV საუკუნეებში იორდანიაში გაბატონდნენ თურქ-სელჩუკები, ჯვაროსნები და ეგვიპტის მამლუქები. XVI საუკუნის დასაწყისიდან 1918 წლამდე იორდანია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. 1918 წელს ქვეყანა დაიკავეს ბრიტანელებმა და აჯანყებული არაბების სამხედრო შენაერთებმა. 1920 წლის აპრილის სან-რემოს კონფერენციაზე დიდმა ბრიტანეთმა პალესტინის (რომლის შემადგენლობაშიც იორდანია შედიოდა) მანდატი მიიღო. 1921 წლის მარტში მას ცალკე სამანდატო ტერიტორიად გამოეყო იორდანიის საამირო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ამირა აბდ ალ-ლაჰი (ჰაშიმიტთა საგვარეულო). მანდატის სახით საამიროში დიდ ბრიტანეთს მიენიჭა მთელი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ძალაუფლება, სასამართლო სისტემის კონტროლის, საკუთარი ჯარის ნაწილების ყოლის და სხვა უფლებები. 1923 წლის მაისში გამოცხადდა ტრანსიორდანიის საამიროს დამოუკიდებლობა, 1925 წელს მას შეუერთდა მაანისა და აკაბის რეგიონები. 1928 წლის თებერვალში დიდმა ბრიტანეთმა ხელშეკრულება დადო ტრანსიორდანიასთან, რომელმაც კიდევ უფრო განამტკიცა მისი ბატონობა ქვეყანაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ტრანსიორდანიის საამიროს ტერიტორია დიდი ბრიტანეთის სამხედრო პლაცდარმს წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთში.

1946 წლის მარტში დაიდო ახალი ხელშეკრულება დიდ ბრიტანეთსა და ტრანსიორდანიას შორის, რომლის საფუძველზეც 1946 წლის 25 მაისს ტრანსიორდანია დამოუკიდებელ სამეფოდ გამოცხადდა. მეფე გახდა ამირა აბდ ალ-ლაჰი. ქვეყანას ეწოდა იორდანიის ჰაშიმიტთა სამეფო. დამოუკიდებლობის მიუხედავად ქვეყანაში დიდი ბრიტანეთის ჯარები მაინც დარჩნენ.

1955 წელს ქვეყანა გაეროს წევრი გახდა.

1948 წლის 15 მარტს დიდ ბრიტანეთსა და იორდანიას შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება. 1948-1949 წლებში იორდანიამ 6 არაბულ ქვეყანასთან ერთად მონაწილეობა მიიღო პალესტინის ომში ისრაელის წინააღმდეგ. არაბული ქვეყნები დამარცხდნენ. იორდანიამ დაიკავა პალესტინის ცენტრალური რაიონები (მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი, ქალაქები: ნაბლუსი, ბეთლემი, იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილი). ეს ტერიტორიები 1950 წლის აპრილში ოფიციალურად შევიდა მის შემადგენლობაში. იორდანიის ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია პალესტინის ომმა. ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იორდანიაში 500 ათასი ლტოლვილი გადავიდა, რამაც მკვეთრი სირთულეები გამოიწვია ეკონომიკასა და მრეწველობაში. 1951 წლის თებერვალში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იორდანიის დახმარებას. 1957 წელს დაიდო ხელშეკრულება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ეკონომიკური და ტექნიკური დახმარების გაწევის შესახებ.

1951 წელს ტერორისტული ორგანიზაციის წევრმა მეფე აბდ ალ-ლაჰი მოკლა. ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ტალალი. იგი 1952 წლის აგვისტოში შეცვალა მისმა ძემ – ჰუსეინმა. 50-იანი წლების დასაწყისიდან იორდანიაში პოლიტიკური ცხოვრება გამოცოცხლდა. 1952 წლის იანვარში მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა მთავრობის პასუხისმგებლობას პარლამენტის წინაშე. 1956 წლის არჩევნებში ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-სოციალისტური პარტიის ლიდერი ს. ნაბულსი. 1957 წლის იანვარში კაიროში ხელი მოაწერეს სოლიდარობის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა სირიის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის მიერ იორდანიისათვის დახმარების გაწევას ყოველწლიურად. 1957 წლის თებერვალში დიდმა ბრიტანეთმა გააუქმა 1948 წლის ინგლის-იორდანიის ხელშეკრულება და დაიწყო თავისი ჯარების ქვეყნიდან გაყვანა, რაც 1958 წლის ნოემბერში დასრულდა.

1957 წლის აპრილში რეაქციულმა ჯარებმა გადააყენეს ნაბულსის მთავრობა და სამხედრო მდგომარეობა შემოიღეს. დააპატიმრეს მინისტრები, დეპუტატები, აიკრძალა პოლიტიკური პარტიების საქმიანობა. 60-იანი წლებიდან იორდანიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები მოხდა.

1967 წლის ივნისში არაბული ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიული მოქმედების შედეგად ისრაელის ჯარებმა დაიკავეს ქვეყნის ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ნაწილი – მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო. მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ ნაპირზე 300 ათასი ლტოლვილი გადავიდა. 60-70 წლებში იორდანიის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის (პგო) სამხედრო რაზმები. გამწვავდა შინაპოლიტიკური ვითარება, რაც შემდგომში გადაიზარდა შეტაკებებში პგო-სა და იორდანიის არმიას შორის. 1971 წლის ივლისში იორდანიის არმიამ მოახდინა პალესტინელთა სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია. პგო-ს რაზმები სხვა არაბულ ქვეყნებში გადავიდნენ. ამაან განაპირობა ქვეყნის იზოლაცია არაბულ სამყაროში. 1972 წლის მარტში მეფე ჰუსეინმა წამოაყენა „გაერთიანებული არაბული სამეფოს“ შექმნის გეგმა, სადაც შედიოდა იორდანიის რეგიონი (მდ. იორდანეს აღმოსავლეთ ნაპირი), პალესტინის რეგიონი (მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი და იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილი, მაგრამ ბევრმა არაბულმა სახელმწიფომ ეს გეგმა დაგმო.

1973 წელს მეფე ჰუსეინმა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებისაგან დიდი დახმარება ქვეყნის განვითარებისა და არმიის მოდერნიზაციისათვის.

1974 წლის ოქტომბერში რაბატში არაბული სახელმწიფოების მეთაურების თათბირზე მეფე ჰუსეინმა სხვა არაბული სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია სცნო პალესტინელი ხალხის ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლად. ამის შედეგად გაუმჯობესდა იორდანიის ურთიერთობა არაბულ ქვეყნებთან. იორდანიამ სცნო კემპ-დევიდში (აშშ) ეგვიპტე-ისრაელს შორის დადებული შეთანხმებები.

1991 წლის მადრიდის კონფერენციაზე იორდანიამ თანხმობა განაცხადა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას, რომელსაც აფინანსებენ ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი. სამშვიდობო ხელშეკრულება ისრაელსა და იორდანიას შორის გაფორმდა 1994 წლის 26 ოქტომბერს. 1997 წელს, დაბომბვის საპასუხოდ სამაგიეროს გადახდის მიზნით, ისრაელის აგენტებმა კანადური პასპორტების გამოყენებით შეაღწიეს იორდანიაში და მოწამლეს ხალედ მაშალი, ჰამასის მაღალჩინოსანი ლიდერი, რომელიც ცხოვრობდა იორდანიაში. ინტენსიური საერთაშორისო ზეწოლის გავლენით, ისრაელმა წარმოადგინა საწამლავის ანტიდოტი და გაათავისუფლა ათობით პოლიტპატიმარი, მათ შორის შეიხ აჰმედ იასინი, მას შემდეგ რაც მეფე ჰუსეინი სამშვიდობო ხელშეკრულების გაუქმებით დაიმუქრა.

1999 წლის 7 თებერვალს ტახტზე ავიდა აბდულა II მისი მამის ჰუსეინის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. როდესაც ტახტზე ავიდა, აბდულამ წამოიწყო ეკონომიკის ლიბერალიზაცია, მისმა რეფორმებმა გამოიწვია ეკონომიკური ბუმი, რომელიც გაგრძელდა 2008 წლამდე. აბდულა II-მ მიანიჭა დიდი მნიშვნელობა უცხოური ინვესტიციების ზრდას, საზოგადოებრივ – კერძო პარტნიორობის გაუმჯობესებას, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის აყვავებას. მან ასევე შექმნა ხუთი სხვა სპეციალური ეკონომიკური ზონა, თუმცა მომდევნო წლებში იორდანიის ეკონომიკაში შეიქმნა სირთულეები, რაც გამოწვეული იყო დიდი რეცესიისა და არაბული გაზაფხულის მეორადი გავლენის შედეგებით.

2005 წლის 9 ნოემბერს ალ-კაიდამ, აბუ მუსაბ ალ-ზარქაუის მეთაურობით, მოახდინა ბომბების კორდინაციული აფეთქებები ამანის სამ სასტუმროში, რის შედეგადაც 60 ადამიანი დაიღუპა და 115 დაშავდა. სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულმა აფეთქებებმა იორდანელებში მასიური აღშფოთება გამოიწვია. თავდასხმა ქვეყანაში იშვიათ მოვლენად ითვლება და მას შემდეგ იორდანიის შიდა უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მას შემდეგ არანაირი ტერორისტული თავდასხმა არ მომხდარა. ისლამისტი ექსტრემისტები მეფე აბდულას მიმართ გამოხატავენ ანტიპატიას იორდანიის მიერ ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების და დასავლეთთან ურთიერთობის გამო.

„არაბულმა გაზაფხულმა“, რომელიც არაბულ სამყაროში 2011 წელს აღმოცენდა, გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები. მოითხოვდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს. ამ პროტესტების შედეგად ბევრ არაბულ ქვეყანაში არსებული რეჟიმები დამარცხდა, რამაც გამოიწვია არასტაბილურობა და დასრულდა ძალადობრივი სამოქალაქო ომებით. იორდანიაში, შიდა არეულობის საპასუხოდ, აბდულამ შეცვალა პრემიერ-მინისტრი და განახორციელა მთელი რიგი რეფორმები, მათ შორის კონსტიტუციის რეფორმა და მიიღო საზოგადოებრივი თავისუფლებების და არჩევნების მარეგულირებელი კანონები. პროპორციული წარმომადგენლობა დაუბრუნდა იორდანიის პარლამენტს.

იორდანიას უმეტესწილად არ შეეხო რეგიონში არსებული ძალადობა მიუხედავად 1,4 მილიონი სირიელი ლტოლვილის შესვლისა და ბუნებრივი რესურსების დეფიციტისა, ასევე ერაყის ისლამური სახელმწიფოს და ლევანტის (ISIL) შექმნისა.

იორდანიის ტოპოგრაფიული რუკა

ბუნებრივი პირობების მიხედვით იორდანია წარმოადგენს უდაბნოსებრ ზეგანს, რომელიც ზღვის დონიდან 800-დან 1300 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება. რელიეფის მიხედვით იგი იყოფა სამ ძირითად ნაწილად: დასავლეთ იორდანიის მთიანეთი, მდინარე იორდანეს ხეობა და მკვდარი ზღვის ქვაბული და ტრანსიორდანიის მთიანეთი, რომელიც არაბეთის ვრცელ პლატოს წარმოადგენს. დასავლეთ იორდანიის მთიანეთი ხმელთაშუა ზღვის ნაპირზეა. მასში მკვეთრად გამოიყოფა სამი გეოგრაფიული და ისტორიული ერთეული სამხრეთით – იუდეა, ცენტრში – სამარია, ჩრდილოეთით – გალილეა, ტრანსიორდანიის მთიანეთი აღმოსავლეთით გადადის სირია-არაბეთის უდაბნოში, მის სამხრეთით არის მსოფლიოში ყველაზე ღრმა დეპრესია, დაბალი ადგილი (780 მეტრი ზღვის დონიდან, მკვდარ ზღვასთან).

კლიმატი სუბტროპიკულია, მშრალი ცხელი ზაფხულით. კონტინენტური წვიმების სეზონი გრძელდება ოქტომბრიდან მაისამდე, შემდეგ იწყება მშრალი ზაფხული, აგვისტოში მაქსიმალური ტემპერატურა გჰორის დაბლობში 50 °C აღწევს, ხეობებში 40 °C, მინიმალური 10 °C. ნალექების წლიური რაოდენობა დასავლეთ ნაწილში 500-800 მმ-ია, აღმოსავლეთით უფრო ნაკლები და 100 მმ-მდე ეცემა. მდინარეთა ქსელს სეზონური წყალნაკადები ქმნის. დიდი წვიმების დროს მშრალი ხევები (უადი) წყლით ივსება, ხოლო ზაფხულობით თითქმის მთლიანად შრება. მუდმივი მდინარეა იორდანე, რომელიც გამოედინება ტიბერიადის ტბიდან და მკვდარ ზღვაში ჩაედინება. იორდანე ერთადერთი მდინარეა, რომელიც სასმელად და სარწყავად გამოიყენება. უდაბნოებსა და ნახევრად უდაბნოებში ბევრია არტეზიული ჭა, ამიტომ იორდანიაში საკმაოდ განვითარებულია საირიგაციო მშენებლობა.

მცენარეთა საფარს უმთავრესად ნახევრადუდაბნოსა და უდაბნოს ხასიათი აქვს. იშვიათად გვხვდება ოაზისები, ტყე ცოტაა, ძირითადად დასავლეთ ნაწილში, გავრცელებულია ფინიკის პალმა.

სახელმწიფო მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იორდანია არის კონსტიტუციური მონარქია, რაც გამყარებულია კონსტიტუციით, რომელიც მიიღეს 1952 წლის 8 იანვარს. მართვის სადავეები ხელთ უპყრია მეფეს და მის მინისტრთა საბჭოს. მეფე იღებს კანონებს, მისი დაბლოკვა შესაძლებელია მხოლოდ ნაციონალური ასამბლეის ზედა და ქვედა პალატის წევრთა 2/3 ხმების რაოდენობის მოგროვებით.

კონსტიტუცია ითვალისწინებს რელიგიურ, სამოქალაქო და სპეციალურ სასამართლოს.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა დაყოფილია 12 მუჰაფაზად.

იორდანიის ადმინისტრაციული რუკა
იორდანიის მუჰაფაზები
მუჰაფაზა
(ქართ.)
მუჰაფაზა
(ინგ.)
ფართობი[9]
(კმ²)
მოსახლეობა
(2022 წ.)[10]
სიმჭიდროვე[9]
ად./კმ²
ადმ. ცენტრი
ჩრდილოეთის რეგიონი
1 ირბიდი Irbid 1572 2 050 300 1304,0 ირბიდი
2 აჯლუნი Ajlun 420 204 000 485,7 აჯლუნი
3 ჯარაში Jerash 410 274 500 669,5 ჯარაში
4 ელ-მაფრაკი Mafraq 26 551 637 000 23,99 ელ-მაფრაკი
ცენტრალური რეგიონი
5 ელ-ბალკა Balqa 1120 569 500 508,5 ეს-სალტი
6 ამანი Amman 7579 4 642 000 612,5 ამანი
7 ეზ-ზარკა Zarqa 4761 1 581 000 332,1 ეზ-ზარკა
8 მადაბა Madaba 940 219 100 233,1 მადაბა
სამხრეთი რეგიონი
9 ელ-კარაკი Kerak 3495 366 700 104,9 ელ-კარაკი
10 ეტ-ტაფილა Tafilah 2209 111 500 50,48 ეტ-ტაფილა
11 მაანი Ma’an 32 832 183 500 5,589 მაანი
12 აკაბა Aqaba 6905 217 900 31,56 აკაბა
ჯამი 88 794 11 057 000 124,5 ამანი

2007 წლის მონაცემებით იორდანიის მოსახლეობა 5,9 მილიონი ადამიანია. მოსახლეობის 95 % - არაბია. იორდანელი არაბები მოსახლეობის 35 %-ს შეადგენენ, 55 % — პალესტინელები[11], რომლებიც აქ ისრაელ-არაბეთის ომის შემდგომ გადმოსახლდნენ 1948 და 1967 წლებში. სხვა ეთნიკური წარმომადგენლები: ადიღელები, ჩეჩნები, სომხები და ქურთები.

2003 წელს ერაყთან ომის შემდგომ ქვეყანაში ბევრი ერაყელი დასახლდა. მათი რაოდენობა იორდანიაში 150-300 ათ. აღწევს.[12]

დასაქმების სამინისტროს მონაცემებით ქვეყანაში დაახლოებით 300 000 მუშა იმყოფება, მათი უმრავლესობა ეგვიპტელები არიან (227 000), დანარჩენები ძირითადად არიან ბანგლადეშიდან, ჩინეთიდან, ფილიპინებიდან, შრი-ლანკიდან და ინდოეთიდან.

ოფიციალური ენაა — არაბული, ბიზნესში და სამთავრობო სტრუქტურებში ასევე გავრცელებულია ინგლისური ენა. არაბული და ინგლისური არის აუცილებელი ენები, რომლებიც სკოლებში ისწავლება. ასევე არის ფრანგული ენაც. ქვეყანაში რადიო გადაიცემა არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

მოსახლეობის უმეტესობა ისლამის მიმდევრები არიან. ქრისტიანები ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 6 %-ს შეადგენენ, პარლამენტში კი ადგილების 20 % უკავიათ. ძირითადში ქვეყნის ქრისტიანული მოსახლეობა მართლმადიდებლები არიან, ხოლო ნაწილი კი კათოლიკე.

ტურიზმი იორდანიის სამეფოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია: იგი მშპ-ს 10 %-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემების თანახმად 2017 წელს იორდანიაში 1,1 მილიონი ვიზიტორი დარეგისტრირდა უცხოელი ტურისტების სახით. ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს თანახმად, იორდანიაში მდებარეობს 100 000 არქეოლოგიური და ტურისტული ადგილი. მათგან ზოგიერთი საკმაოდ ძალიან კარგადაა შემონახული. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობებია ისტორიული ქალაქები: კლდეში ნაკვეთი  პეტრა, რომელიც წარმოადგენს იორდანიის სამეფოს სიმბოლოს და ჯერაში. იორდანია არის წმინდა მიწის ნაწილი და აქვს მრავალი ბიბლიური ღირსშესანიშნაობა, რომლებიც ყოველწლიურად იზიდავს უამრავ მომლოცველს.  ბიბლიური ადგილებია: ალ-მაგთასი – ტრადიციული ადგილი იესოს ნათლობისა, მთა ნებო, უმ-არ-რასასი, მადაბა და მაქაერუსი. ტურისტებში აგრეთვე პოპულარობით სარგებლობს მუსლიმთა სალოცავები.

მნახველთა თითქმის მეოთხედი სამკურნალო მიზნებით ჩადის. საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის (International Trade Association), სტატისტიკის თანახმად, სამედიცინო ტურიზმის განვითარებით იორდანია მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. სამედიცინო სექტორს ქვეყნისათვის ყოველწლიურად 1 მილიარდი დოლარი მოაქვს, რაც იორდანიის მშპ-ს 3,5 %-ს შეადგენს. წელიწადში საზღვარგარეთიდან ყოველწლიურად 250 000 პაციენტი ჩადის იორდანიაში, მთავრობა კი გეგმავს ამ რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას მომდევნო წლებისათვის.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 199.
  • საზღვარგარეთის აზიის ქვეყნები/გეოგრაფიული, პოლიტიკური ცნობარი. იორდანია, გვ.96., თბილისი, 1978.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Population clock. Jordan Department of Statistics. ციტირების თარიღი: 1 October 2023
  2. Ghazal, Mohammad. (22 January 2016) Population stands at around 9.5 million, including 2.9 million guests. The Jordan Times. ციტირების თარიღი: 12 June 2018
  3. 3.0 3.1 World Economic Outlook Database, October 2023 Edition. (Jordan). International Monetary Fund (10 October 2023). ციტირების თარიღი: 14 October 2023
  4. Human Development Report 2025 en. United Nations Development Programme (6 May 2025). ციტირების თარიღი: 6 May 2025
  5. Population by Country (2025). ციტირების თარიღი: 2025-08-09
  6. GDP by Country. ციტირების თარიღი: 2025-08-09
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-10. ციტირების თარიღი: 2020-10-04.
  8. Data Commons. ციტირების თარიღი: 2025-08-09
  9. 9.0 9.1 Estimated Population of the Kingdom, Area (Km2) and Population Density by Governorate, at End-year 2012. Department of Statistics - Jordan (2012). ციტირების თარიღი: 17 October 2021
  10. Estimated Population of the Kingdom by Urban* and Rural, at End-year 2012. Department of Statistics - Jordan (2012). ციტირების თარიღი: 27 December 2013
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-05. ციტირების თარიღი: 2009-09-29.
  12. Doors closing on fleeing Iraqis