თავკვერი საფერავისებური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თავკვერი საფერავისებურიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ფოთლის საერთო ნიშნებით თავკვერს ჰგავს, მარცვლების ფორმითა და ფერით კი — საფერავს. სწორედ ამ ნიშნების გამო მიიღო სახელწოდება თავკვერი საფერავისებური. ეს ჯიში ძალიან მცირე რაოდენობითაა გავრცელებული გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ განივოვალური ფორმის, ხუთ-სამნაკვთიანი, იშვიათად სრულიად დაუნაკვთავი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია, ოდნავაა შებუსული აბლაბუდისებრად, მათ ქვეშ თხლადაა მოფენილი ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე დიდი და გრძელია, ვიწრო კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ უფორმო მტევნებიც გამოერევა. მტევნები თხელია, იშვიათად ძალიან თხელიც. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ოვალური ფორმის, მაგრამ მომრგვალო და მოგრძო მარცვლებიც შეინიშნება. მუქი იისფერია, კანი ოდნავ მკვრივია და უხვადაა დაფარული ცვილისებრი ფიფქით. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, მდნარი. წვენი ღია ვარდისფრადაა შეფერილი, გემო სასიამოვნო და ჰარმონიული აქვს, ოდნავ ეტყობა ჯიშური არომატი.

ჯიში საშუალო ზრდისა და დაბალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 138 დღიდან 160 დღემდე მერყეობს. მტევნის წონა 150-დან 400 გრამამდეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 10-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.6-12 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო და გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 141