აკომშტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკომშტალი (აფხ. Акамшәҭал[1]) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ან გულისებრი ფორმის, სამ-ხუთნაკვეთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი მდედრობითი სქესისაა, მტევანი საშუალო ზომის, კონუსური ფორმის, მხრიანი, თხელი ან მეჩხერი, იშვიათად საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო. მოწითალო-ყავისფერი. დაფარული მოიასამნისფრო-მოლურჯო სქელი ცვილისებრი ფიფქით. რბილობი წვნიანია, წვენი — უფერული, გემო — სასიამოვნო.

აკომშტალი ძლიერი ზრდისა და დაბალმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180-210 დღეს შორის მერყეობს. მტევნის წონა 60-70 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 1.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 13 გ/ლ-ს.

მიიღება კაგი ხარისხის სუფრის წითელი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 24

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015