იაპონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაპონია
日本国
იაპონია
იაპონიის
დროშა გერბი
ჰიმნი: 

კიმი გა იო (იაპონ. 君が代?)
იაპონიის პრემიერ მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ბეჭედი
იაპონიის პრემიერ მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ბეჭედი
პავლოვნია (იაპონ. 五七桐 'გო-სიჩი ნო კირი'?)
იაპონიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ტოკიო
35°41′ ჩ. გ. 139°46′ ა. გ. / 35.683° ჩ. გ. 139.767° ა. გ. / 35.683; 139.767
ოფიციალური ენა იაპონური (დე-ფაქტო)
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქია
 -  იმპერატორი ნარუჰიტო
 -  პრ.-მინისტრი ფუმიო კიშიდა
ფართობი
 -  სულ 377 944[1] კმ2 (62-ე)
 -  წყალი (%) 0.8
მოსახლეობა
 -  2015 შეფასებით 126 880 000[2] (მე-10)
 -  2010 აღწერა 128 056 026[3] 
 -  სიმჭიდროვე 337,1 კაცი/კმ2 (36-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $4.346 ტრილიონი (მე-3)
 -  ერთ მოსახლეზე $33 800 (34-ე)
აგი (2007) 0.953 (მაღალი) (მე-8)
ვალუტა იენი (¥) (JPY)
დროის სარტყელი UTC +09:00
ქვეყნის კოდი JPN
Internet TLD .jp
სატელეფონო კოდი 81

იაპონია (日本 ნიჰონ ), ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო (日本国 ნიპონ-კოკუ  ან ნიჰონ-კოკუ) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში[4]. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთ. იაპონიის ტერიტორიული წყლები ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო[5].

იაპონია 6852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია[6]. იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძულია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად ქვეყნის ტერიტორიის 97 %–ს შეადგენენ. იაპონიის ლანდშაფტი მკაცრია, 4/5-ზე მეტი მთებს უკავია. გვხვდება ბევრი მოქმედი და მიძინებული ვულკანი. მთა ფუძი, რომლის სიმაღლე 3776 მეტრა, წარმოადგენს იაპონიის ყველაზე მაღალ მთასა და ერთ-ერთ მიძინებულ ვულკანს. ნალექებმა და ზოგადად, რბილმა ტემპერატურამ ქვეყნის უდიდეს ნაწილში წარმოქმნა აყვავებული მცენარეული საფარი და, მთიანი რელიეფისა და არასახარბიელო ნიადაგების მიუხედავად, შესაძლებელი გახადა სხვადასხვა მრავალფეროვანი კულტურების მოყვანა. მოსახლეობის მიხედვით იაპონიას მსოფლიოში მეათე ადგილი უკავია.

იაპონიაში 127 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დიდი ტოკიო, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ქვეყნის დე ფაქტო დედაქაალაქი ტოკიო და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე პრეფექტურა, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დედამიწის უდიდესი ქალაქია[5].

არქეოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ადამიანებმა იაპოონიის ტერიტორია ათობით ათასი წლის განმავლობაში დაიკავეს. ტერმინი იაპონია პირველად მოხსენიებულია ჩ. წ. I საუკუნით დათარიღებულ ჩინურ ტექსტში. ადრეულ საუკუნეებში ჩინეთთან და კორეასთან კონტაქტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა კუნძულებზე. მათ შორისაა: ჩინური დამწერლობის სისტემა, ბუდიზმი და მრავალი მხატვრული ფორმა კონტინენტიდან. ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანების პირველი ნაბიჯები დაახ. IV საუკუნის ბოოსა და V საუკუნის დასაწყისში გადაიდგა იამატოს მმართველობის პერიოდში. იაპონიის კონსტიტუციამ, რომელიც 1947 წელს მიიღეს, იაპონია უნიტარულ კონსტიტუციური მონარქიად გამოაცხადა, იმპერატორითა და არჩევითი პარლამენტით[5].

მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ ძალას,[7] იაპონიას მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და მესამე — მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. გარდა ამისა, იაპონია არის ერთადერთი აზიური ქვეყანა დიდ შვიდეულში და გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი[5]. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ ოფიციალურად უარყო ომის წარმოების შესაძლებლობა, მას გააჩნია ძლიერი და თანამედროვე ჯარი, რომელიც გამოიყენება თავდაცვისა და სამშვიდობო ოპერაციებისათვის. ამომავალი მზის ქვეყანა არის განვითარებული სახელმწიფო ცხოვრების მაღალი სტანდარტით. იაპონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე გრძელია[8].

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ქართული სახელწოდება „იაპონია“ არის ეგზონიმი, რომელიც ქართულში რუსული ენის გავლენითაა დამკვიდრებული (თვითონ რუსული სიტყვა Япония გერმანული ენიდან მომდინარეობს - გერმ. Japan), თუმცა ვოკალურად უფრო ფრანგულ Japon-ს ჰგავს[9].

იაპონელები საკუთარ ქვეყანას „ნიპონს“ ან „ნიჰონს“ უწოდებენ. ორივე ვარიანტი იწერება კანძის მეშვეობით — 日本. პირველი ვარიანტი ქვეყნის სახელწოდების ოფიციალური ფორმაა, სახელწოდება „ნიჰონ“ კი - უფრო სახალხო ტერმინია. თვითონ იაპონელები საკუთარ თავს ნიჰონძინ–ს (იაპონ. 日本人?) უწოდებენ, ხოლო ენას — ნიჰონგო–ს (იაპონ. 日本語?). სახელმწიფოს ოფიციალური სახელია „ნიჰონ კოკუ“ ან „ნიპონ კოკუ“ (იაპონ. 日本国?)[5].

სიტყვა „ნიჰონ“-ის პირდაპირი თარგმანი ნიშნავს „მზის სამშობლოს“, თუმცა უფრო გავრცელებულია სხვა თარგმანი - „ამომავალი მზის ქვეყანა“. ასე იხსენიებენ იაპონიას ჩინელები იაპონიის იმპერატორისა და ჩინური დინასტია სუისთან მიმოწერაში, რადგანაც იაპონია ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. მანამ, სანამ იაპონელებმა საკუთარ ქვეყანას „ნიჰონ“ უწოდეს, გავრცელებული იყო სახელწოდებები ვა (იაპონ. ?) ან ვაგოკუ (იაპონ. 倭国?)[10].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონიის არქიპელაგის ტოპოგრაფიული რუკა

იაპონია მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ოხოტის ზღვა, აღმოსავლეთიდან — წყნარი ოკეანე, სამხრეთიდან — აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, ხოლო დასავლეთიდან კორეის სრუტე და იაპონიის ზღვა. იაპონია, სულ, წყნარი ოკეანის აღმოსავლეთაზიური სანაპიროს გასწვრივ მდებარე 6852 კუნძულისაგან შედგება. ქვეყანა, მის მიერ კონტროლირებადი ყველა კუნძულის ჩათვლით, მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 24 º და 46°-სა და აღმოსავლეთ გრძედის 122 º-სა და 146 °-ს შორის. ძირითადი კუნძულებია, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, ჰოკაიდო, ჰონსიუ, სიკოკუ და კიუსიუ. რიუკიუს კუნძულები, რომლებიც ოკინავას მოიცავს, კიუსიუს სამხრეთ ჯაჭვს წარმოადგენს. ერთად, მათ იაპონიის არქიპელაგის სახელითაც იცნობენ.[11] ქვეყნის საერთო ფართობია 377 944 კმ².

ტერიტორიის დაახლოებით 73 % ტყიანი, მთიანი და სასოფლო-სამეურნეო თუ საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოუსადეგარია,[12][13] შედეგად, საცხოვრებელ არეალს, რომელიც, ძირითადად, სანაპირო ზოლში მდებარე დაბლობებს მოიცავს, მოსახლეობის უაღრესად მაღალი სიმჭიდროვე ახასიათებს. იაპონია ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა მსოფლიოში.[14]

იაპონიის კუნძულები ვულკანური წყნაროკეანური ცეცხლოვანი რკალის ზონაში მდებარეობენ და უპირველესად, დიდი ოკეანური მოძრაობების შედეგს წარმოადგენენ, რომლებიც ასეულობით მილიონი წლის წინ ხდებოდა შუასილურული პერიოდიდან პლეისტოცენამდე, როგორც კონტინენტური ამურისა და ოკინავას ფილების ქვეშ ფილიპინების ზღვის ფილის სამხრეთისაკენ და ოხოტის ფილის ქვეშ წყნაროკეანური ფილის ჩრდილოეთისაკენ სუბდუქციის შედეგი. იაპონია, თავდაპირველად, ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროს ერთვოდა, თუმცა სუბდუქციურმა ფილებმა დღევანდელი იაპონიის ტერიტორია აღმოსავლეთისაკენ განაცალკევეს და ადგილი დაუთმეს იაპონიის ზღვას დაახლოებით 15 მილიონი წლის წინ.[15]

იაპონიაში 108 აქტიური ვულკანია. მეოცე საუკუნეში გაჩნდა რამდენიმე ახალი ვულკანი, მათ შორისაა ჰოკაიდოზე მდებარე შოვა-სინზანი და მიოჯინ-შო ბაიონეზის კლდეებისაგან წყნარ ოკეანეში. ხშირად ცუნამის გამომწვევი დამანგრეველი მიწისძვრები ყოველ საუკუნეში რამდენიმეჯერ ხდება.[16] 1923 წლის ტოკიოს მიწისძვრამ 140 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.[17] ბოლოდროინდელ მიწისძვრათაგან აღსანიშნავია 1995 წლის კობეს მიწისძვრა და 2011 წლის ტოჰოკუს 9 ბალიანი [18] მიწისძვრა, რომელიც იაპონიას 2011 წლის 11 მარტს დაატყდა თავს და დიდი ცუნამი გამოიწვია.[19] წყნაროკეანურ ცეცხლოვან რკალში მდებარეობის გამო, იაპონიისათვი უმნიშვნელოვანეს საფრთხეს წარმოადგენს მიწისძვრა და ცუნამი, რის გამოც იგი განვითარებულ მსოფლიოში ბუნებრივი კატასტროფების ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყანაა.[20]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის კლიმატი მუსონურ-სუბტროპიკულია, გარკვეული სხვაობებით რაიონების მიხედვით, რაც მისი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მნიშვნელოვანი განფენითაა განპირობებული. გამოყოფენ 4 კლიმატურ ზონას:

  • ზომიერი ოკეანური კლიმატის ზონა ცივი ზაფხულით კუნძული ჰოკაიდო.
  • ზომიერად ოკეანური კლიმატის ზონა თბილი ზაფხულით კუნძულ ჰონშიუს ნაწილი.
  • ტენიანი სუბტროპიკული კლიმატის ზონა კუნძულ ჰონშიუს სამხრეთი ნაწილი, კუნძული შიკოკუ, კიუშიუ და რიუკიუს არქიპელაგის ჩრდილოეთი ნაწილი.
  • ტროპიკული კლიმატის ზონა რიუკიუს არქიპელაგის სამხრეთი ნაწილი და კუნძული ოკინავა.

ზამთარი ჩრდილოეთ იაპონიაში ცივია. კუნძულ ჰოკაიდოზე საშუალო ტემპერატურა ზაფხულში 17-დან 22 °C-მდეა, ხოლო ზამთარში, იანვარში 12-დან 40 °C-მდე. სამხრეთ იაპონიაში ზამთარი თბილი და მშრალია, იანვრის ტემპერატურა +17 °C-ა. ზაფხული იაპონიაში ღრუბლიანი, დახუთული და წვიმიანია. ივლისის საშუალო ტემპერატურა +27 °C-ა.

ნალექები იაპონიაში მოდის უფრო მეტი, ვიდრე კონტინენტის მეზობელ ნაწილებში. მუსონური ცირკულაცია კლიმატურ განსხვავებას ქმნის ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს შორის. ნალექების საშუალო ოდენობა 1700-2000 მმ, სამხრეთში კი 4000 მმ-ს აღწევს.

მდინარეები და ტბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონია გამოირჩევა პატარა მდინარეების ხშირი ქსელით. ისინი, ძირითადად, სულ მთის მდინარეებია, რომლებიც სწრაფი და შედეგად, ნაოსნობისთვის გამოუსადეგარია.

იაპონიის უდიდესი მდინარეა იშიკარი (სიგრძე 650 კმ), რომელიც კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარეობს. სხვა მდინარეებია: შინანო ჰონსიუზე (320კმ), ტაკატი, ურიუ, კიტაკამი, ომონო, მოგამი, აგანო, კისო, ასაჰი და სხვა. კუნძულ სიკოკუს მთავარი მდინარეა იოშიკო. მდინარეთა ჩამონადენი განსხვავდება სეზონების მიხედვით. ჩამონადენის მაქსიმუმი წყნარი ოკეანისკენ მიქცეული ფერდობების მდინარეებზე ზაფხულში მოდის, დასავლეთის ფერდობებისაზე კი ზამთარში. წვიმიან სეზონზე ზღვისპირა დაბლობებზე ხშირია წყალდიდობები.

იაპონიაში საკმაოდ ბევრი მცირე ზომის ტბაა,. ტბები, ძირითადად, ვულკანურია, ზღვის სანაპირო დაბლობებზე კი ლაგუნური ტბები მარილიანი წყლით. ყველაზე დიდია ტექტონიკური წარმოშობის ტბა ბივა (კუნძულ ჰონსიუზე), რომელიც არც ისე ღრმაა.

იაპონიაში მტკნარი წყლის დეფიციტია. განსაკუთრებით იაპონიის ზღვის სანაპიროზე, კუნძულ ჰონსიუს სამხრეთით და კუნძულ კიუსიუს ჩრდილოეთში. მრავლად მოიპოვება თერმული და მინერალური წყარო, რომელთა ტემპერატურა +500 °C-ს აღემატება.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ტერიტორიის 2/3-ზე მეტი ტყეებსა და ბუჩქნარებს უკავია. იაპონიის ფლორაში 700 სახეობის ხესა და 300 სახეობის ბალახს ითვლიან. აქ გავრცელებულია წიწვოვანი მცენარეები, ისინი შეადგენენ ტყის ფართობის 40 %.

ჰოკაიდო მდიდარია წიწვოვანი ტყეებით. სამხრეთ რაიონში კი წიწვოვანი ტყეები ფართოფოთლოვანი ტყეებით იცვლება, რომელიც შედგება: მუხის, წაბლის, ბამბუკის, ცაცხვის, ადგილობრივი კაკლის და სხვა ხეებისგან. კუნძულ კიუშიუს სამხრეთ და რიუკიუს კუნძულებზე გავრცელებულია მუსონური ტყეები, სადაც ვხვდებით: პალმებს, ფიკუსებს, ბამბუკებს და ორქიდეებს.

იაპონიაში 800 სახეობის ფრინველი, 600 თევზი, 270 სახის ძუძუმწოვარა ცხოველია, კუნძულ ჰოკაიდოზე და ჰონსიუზე გვხვდება: მელა, მაჩვი, მგელი და სხვ. მურა დათვი მხოლოდ ჰოკაიდოზე ბინადრობს.

სახელმწიფო მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორი აკიჰიტო და დედოფალი მიტიკო

იაპონია კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფოა, რომელშიც იმპერატორის ძალაუფლება ძალზედ შეზღუდულია. იაპონიის კონსტიტუციის თანახმად იმპერატორი არის „ქვეყნისა და ერის ერთიანობის სიმბოლო“.[5] ძალაუფლებას სახელმწიფოში ფლობს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი, ხოლო სუვერენიტეტს — იაპონელი ერი.[21] იმპერატორი ეფექტურად მოქმედებს, როგორც სახელმწიფოს მეთაური დიპლომატიური საკითხების დროს.[22].

იაპონიის საკონონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი. პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა პალატისგან და მრჩეველთა საბჭოსგან. წარმომადგენელთა პალატაში მსახურობს 480 დეპუტატი, ახლად არჩეული ყოველ ოთხ წელიწადში, ხოლო მრჩეველთა საბჭო შედგება 242 ადამიანისგან, რომლის წევრები ექვსი წლის ვადით ირჩევიან. ხმის მიცემაში და პარლამენტის არჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20 წელზე უფროს ნებისმიერ ადამიანს.[7]

იაპონიის პრემიერ-მინისტრი არის ასევე მთავრობის ხელმძღვანელი. თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება იაპონიის იმპერატორის მიერ პარლამენტის მიერ პიროვნების დამტკიცების შემდეგ. იაპონიის პრემიერ-მინისტრი დღევანდელ დღეს არის ნაოტო კანი, რომელიც ამ პოსტზე 2010 წლის 2 ივნისს აირჩა და გახდა იაპონიის 94–ე პრემიერ-მინისტრი.[23] მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პრემიერ-მინისტრს იმპერატორი ნიშნავს, კონსტიტუციის თანახმად იმპერატორმა უნდა დაამტკიცოს ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც პარლამენტი წარადგენს.[5]

იაპონიის საკანონმდებლო სისტემა განვითარდა ედოს პერიოდის დროს ტექსტ კუძიკატა ოსადამეგაკის მეშვეობით. XIX საუკუნეში იაპონიის კანონმდებლობამ განიცადა ევროპული კანონების ზეგავლენა.[22] 1896 წელს იაპონიის მთავრობამ შექმნა ახალი სამოქალაქო კოდექსი გერმანული „Bürgerliches Gesetzbuch-ის“ ბაზაზე. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის შესწორებებით თანამედროვე იაპონია სწორედ ამ კოდექსს იყენებს.[24] იაპონიის სასამართლო სისტემა დაფუძნებულია ოთხ სასამართლო კიბეზე — უმაღლესსა და სამ უფრო დაბალ სასამართლოზე.[25]

კონსტიტუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონიის კონსტიტუციის პრეამბულა

იაპონიის კონსტიტუცია, ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფოს კონსტიტუცია (იაპონ. 日本國憲法, 日本国憲法, ნიჰონ-კოკუ კემპო:/ნიპონ-კოკუ კემპო:) იაპონიის სახელმწიფოს უმაღლესი კანონი. მიღებული იქნა 1947 წელს.[26]

კონსტიტუციის თანახმად, იაპონიაში არის მთავრობის პარლამენტური სისტემა, და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების პატივისცემა და უზრუნველყოფა. კონსტიტუციის თანახმად იაპონიის იმპერატორია არის „სახელმწიფოს სიმბოლო და ხალხის ერთიანობის სიმბოლო“, თუმცა მას აკისრია სუფთა ცერომონიული და ნომინალური როლი.[26] კონსტიტუცია ცნობილია რამდენიმე სხვადასხვა სახელით – მათ შორის „ომის შემდგომი კონსტიტუცია“ (სენგო-კენპო) და „მშვიდობის კონსტიტუცია“ (ჰეივა-კენპო). კონსტიტუციის მეცხრე მუხლი უკრძალავს იაპონიას საკუთარი ჯარის ყოლასა და ომის გამოცხადებას. გარდა ამისა, იაპონიის კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის დე-იურე მმართველი არის იმპერატორი.[26]

კონსტიტუცია შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეების მიერ იაპონიის ოკუპაციისას და შეცვალა მილიტარისტების აბსოლუტური მონარქიული წყობა ლიბერალური დემოკრატიით. დღეისათვის იაპონიის კონსტიტუციაში არ იყო შეტანილი არც ერთი დამატება ან შესწორება.[26]

საგარეო ურთიერთობები და თავდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონია არის დიდი რვიანის, აპეკისა და „ასეანს პლიუს სამის“ წევრი და აღმოსავლეთ აზიის სამიტის მონაწილე. 2007 წლის მარტში იაპონიამ ავსტრალიასთან ხელი მოაწერა უსაფრთხოების ხელშეკრულებას,[27] 2008 წლის ოქტომბერში კი ინდოეთთან.[28] ქვეყანა არის ოფიციალური განვითარების დახმარების სიდიდით მესამე დონორი მსოფლიოში აშშ-სა და საფრანგეთის შემდეგ, 2009 წელს მისმა შემოწირულობამ 9,48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.[29]

იაპონიას მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო ურთიერთობები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკა-იაპონიის უსაფრთხოების ალიანსი მოქმედებს, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი.[30] იაპონია გაეროს წევრია 1956 წლიდან. ქვეყანა უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი იყო, საერთო ჯამში, 20 წლის განმავლობაში, უკანასკნელად 2009 და 2010 წლებში. იაპონია ერთ-ერთია G4 ქვეყნებიდან, რომლებიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობის მოპოვებას ცდილობენ.[31]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონია შედგება 47 პრეფექტურისაგან, რომელთაგან თითოეული არჩეული გუბერნატორის, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ბიუროკრატიული აპარატის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. თითოეული პრეფექტურა, თავის მხრივ, იყოფა დიდ ქალაქებად, ქალაქებად და სოფლებად.[32] ქვეყანა, ამჟამად, ადმინისტრაციული რეორგანიზაციის პროცესშია, რაც მრავალი ქალაქისა და სოფლის ერთმანეთთან შრწყმაში გამოიხატება, რაც შეამცირებს სუბ-პრეფექტურების ადმინისტრაციულ რეგიონებს და სავარაუდოდ, შეამცირებს ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობას.[33]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი მამორუ შიგემიცუ ხელს აწერს იაპონიის კაპიტულაციის აქტს USS მისურის ბორტზე, რასაც გენერალი რიჩარდ კ. საზერლენდი უყურებს, 1945 წლის 2 სექტემბერი.
USS იაპონიის იმპერიის წარმომადგენლები მისურის ბაქანზე გადაცემის აქტის ხელმოწერამდე.

იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ იაპონიის იმპერიის კაპიტულაცია გამოაცხადა 15 აგვისტოს და ოფიციალურად ხელი მოაწერა 1945 წლის 2 სექტემბერს, რითაც დაასრულა მეორე მსოფლიო ომის საომარი მოქმედებები. 1945 წლის ივლისის ბოლოს იაპონიის საიმპერატორო საზღვაო ფლოტს (IJN) უნარი აღარ შესწევდა ჩაეტარებინა სამხედრო ოპერაციები და მოკავშირეთა შეჭრა იაპონიაში გარდაუვალი იყო. დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა იაპონიის შეიარაღებული ძალების უპირობო კაპიტულაცია მოითხოვა პოტსდამის დეკლარაციაში 1945 წლის 26 ივლისს — ალტერნატივა იყო „სწრაფი და სრული განადგურება“. „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“ ბრძოლის საჯარო დაპირებების მიუხედავად, იაპონიის ლიდერებმა (ომის ხელმძღვანელობის უმაღლესი საბჭო, ასევე ცნობილი, როგორც „დიდი ექვსეული“) ფარულად მიმართეს ფორმალურად ნეიტრალურ საბჭოთა კავშირს იაპონელებისთვის უფრო ხელსაყრელი სამშვიდობო პირობების თხოვნით. იაპონელებთან დიპლომატიური ურთიერთობის საკმარისი დონის შენარჩუნების მიუხედავად, სსრკ ფარულად ემზადებოდა თავდასხმისთვის იაპონურ ძალებზე მანჯურიასა და კორეაში (სამხრეთ სახალინსა და კურილის კუნძულებთან ერთად) იმ პირობის შესასრულებლად, რომელიც მან ფარულად მისცა შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს თეირანისა და იალტის კონფერენციებზე.

1945 წლის 6 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დილის 8:15 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ატომური ბომბი გამოიყენეს. 16:00 საათის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ს. ტრუმენმა კვლავ მოუწოდა იაპონიას კაპიტულაციისკენ და გააფრთხილა, რომ „ჰაერიდან უნდა მოელოდნენ ნგრევის წვიმას, რომლის მსგავსი არასოდეს უნახავთ დედამიწაზე“. 1945 წლის 8 აგვისტოს გვიან საღამოს, იალტის შეთანხმებების შესაბამისად, მაგრამ საბჭოთა-იაპონიის ნეიტრალიტეტის პაქტის დარღვევით, საბჭოთა კავშირმა ომი გამოუცხადა იაპონიას და 1945 წლის 9 აგვისტოს შუაღამის შემდეგ შეიჭრა იაპონიის იმპერიის მარიონეტულ მანჯოუ-გოში. რამდენიმე საათში შეერთებულმა შტატებმა მეორე ატომური ბომბი ჩამოაგდო, ამჯერად იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში. ამ მოვლენების შემდეგ, იმპერატორი ჰიროჰიტო ჩაერია და უბრძანა ომის ხელმძღვანელობის უმაღლეს საბჭოს, მიეღო პირობები, რომლებიც მოკავშირეებმა დააწესეს პოტსდამის დეკლარაციაში ომის დასრულებისთვის. კულისებს მიღმა რამდენიმედღიანი მოლაპარაკებებისა და წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, იმპერატორმა ჰიროჰიტომ 15 აგვისტოს იმპერიის მასშტაბით გაავრცელა ჩაწერილი რადიო-მიმართვა და იაპონიის კაპიტულაცია გამოაცხადა.

28 აგვისტოს დაიწყო იაპონიის ოკუპაცია მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლის ხელმძღვანელობით. კაპიტულაციის ცერემონია გაიმართა 2 სექტემბერს, შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საბრძოლო ხომალდ USS მისურიზე, სადაც იაპონიის მთავრობის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს იაპონიის კაპიტულაციის აქტს, რითაც დასრულდა საომარი მოქმედებები. მოკავშირეთა მოქალაქეები და სამხედრო პერსონალი ერთნაირად აღნიშნავდნენ „იაპონიაზე გამარჯვების დღეს“ - ომის დასრულებას; თუმცა, კაპიტულაციის მიუხედავად, ცალკეული ჯარისკაცები და აზიასა და წყნარ ოკეანეში მიმოფანტული იაპონიის შორეული ძალების პერსონალი თვეებისა და წლების შემდეგაც უარს ამბობდნენ კაპიტულაციაზე, ზოგი 1970-იან წლებშიც კი უარზე იყო. იაპონიის კაპიტულაციაში ატომური დაბომბვების როლსა და ორი განხორციელებული თავდასხმის ეთიკურობის შესახებ დებატები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საომარი მდგომარეობა ოფიციალურად დასრულდა, როდესაც სან-ფრანცისკოს ხელშეკრულება 1952 წლის 28 აპრილს ძალაში შევიდა. კიდევ ოთხი წელი გავიდა მანამ, სანამ იაპონიამ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს 1956 წლის საბჭოთა-იაპონიის ერთობლივ დეკლარაციას, რომელმაც ოფიციალურად დაასრულა მათ შორის საომარი მდგომარეობა.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურისტები ძირითადად კ.ჰონშიუზე ჩადიან და ტოკიოს სტუმრობენ, რომელიც თავის თავში რამდენიმე რაიონს აერთიანებს: ოტემაჩი, კაზუმიგაჩი, შიბუია, უენო, იკებუკორო, სადაც უამრავი გასართობი თუ საინტერესო ადგილია თავმოყრილი. აქ არის უამრავი პარკი, მ.შ. დისნეილენდი. აქა არის იმპერატორის სასახლეც. ტოკიოს ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება ძველებური პარკები: „ჰიბია“, „შიბა“, „ასაკუსა“, „მეიძი“. დღესასწაულების დროს პარკი „ასაკუსა“ ტურისტებს იზიდავს თეატრალური წარმოდგენებით, ეროვნული თამაშებითა და ესტრადის მსახიობების ხელოვნებით. ტოკიო მნახველს აოცებს თავისი ცათამბჯენებით, რომლებშიც განთავსებულია სასტუმროები, ბანკები, კომპანიების ოფისები, დიდი მაღაზიები. ტოკიოში 333 მ სიმაღლის ტელეანძაა, რომელიც ეიფელის კოშკს გვაგონებს. ქალაქის მთავარი სავაჭრო ქუჩაა გინზა, რომელიც ფუფუნებითა და საოცარი ფანტაზიით გაფორმებულ უზარმაზარ ულტრათანამედროვე ვიტრინას წააგავს. გინზაზე გასეირნება თავისებურ იაპონურ ტრადიციად ითვლება.

ტოკიოს სტუმრები გულგრილი ვერ რჩებიან ისეთი გასართობი ცენტრების მონახულებისას, როგორიცაა დისნეილენდი და აკვაპარკი. ასევე დიდ ინეტერსს იწვევს ქალაქი კიოტო ქვეყნის მნიშვნელოვანი სამრეწველო, კულტურული, ისტორიული და რელიგიური ცენტრი. აქ გავრცელებულია ძველი ტრადიციული მეწარმეობა: ბრინჯაოს, ფაიფურის, მაქმანების, ნაქარგი ნივთების დამზადება. სტუმრების ყურადღებას იპყრობს ეროვნული მუზეუმი „კიოტო“, ბოტანიკური ბაღი, იაპონური კლასიკური არქიტექტურის მრავალი ძეგლი. ყოველწლიურად კიოტოს 30 მლნ ტურისტი ჰყავს. ერთ-ერთი საინტერესო ობიექტია იმპერატორის ვილა კაცურა რიკიუ. აქ შესვლა საკმაოდ რთულია, რადგან ის დღესაც იმპერატორის ოჯახის საკუთრებაა და ისინი სარგებლობენ მისით, ამიტომ ვილის მოსანახულებლად სპეციალური ნებართვაა საჭირო.

იაპონისს პირველი დედაქალაქი იყო ნარა (710-784 წლები), სადაც ბუდას ყველაზე დიდი ქანდაკება მდებარეობს, რომელიც ტოდაიძის ტაძრის კომპლექსში მდებარეობს. დიადი ბუდას დარბაზი, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ხის ნაგებობას წარმოადგენს, დღეს მისი პირვანდელი სახის მხოლოდ მესამედიღაა, რადგან ბევრჯერ დაიწვა და აღდგა. ქანდაკება 444 ტ ბრინჯაოსგან ჩამოასხეს. მჯდომარე ფიგურის სიმაღლე 16 მ-ია.

კიდევ ერთი იაპონური ქალაქი, რომელიც ტურისტების ყურადღებას იქცევს, ეს არის ჰიროშიმა, სადაც 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკელებმა პირველი ატომური ბომბი ააფეთქეს. 250 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ეს ქალაქი ისტორიაშია შესული. 1949 წლისთვის ჰიროშიმა აღადგინეს და დღეს იგი ერთ-ერთი ცნობილი ქალაქია. მხოლოდ ყოფილი სავაჭრო პალატის შენობის კარკასი დატოვეს ხელუხლებლად, ვინაიდან ის აღმოჩნდა აფეთქების ეპიცენტრში. დღეს ამ ნანგრევებს „ატომური ბომბის ტაძარს“ უწოდებენ. იქვეა მშვიდობის პარკი და მასში აღმართულ მემორიალზე ამოკვეთილია აფეთქების შედეგად დაღუპულთა სახელები.

მოგზაურობის სიყვარულს იაპონელებს პატარაობიდან უღვივებენ, ამიტომ ტურიზმი იაპონიაში არის გართობისა და დასვენების მასობრივი ფორმა. როგორც წესი, ის დაკავშირებულია ბუნებრივი და რელიგიური ღირსშესანიშნაობების მონახულებასთან.

იაპონელებისთვის წმინდა მთაა ფუჯი ან ფუძიამა, სადაც წინაპართა სულები განისვენებენ, ისინი თავიანთ წინაპრებს ძალიან დიდი პატივით მოიხსენიებენ. ფუჯიზე პილიგრიმობას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. მთის დიდი ზომები და სწორი ფორმები ხიბლავენ მნახველს. იაპონელისთვის აუცილებელია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ავიდეს ამ მთაზე. ტოკიოს ივნისის აღლუმი წმინდა მთაზე ასვლის სეზონის მოახლოების მაუწყებელია. ამ პერიოდში, რომელიც მხოლოდ ორი თვე (ივლისი და აგვისტო) გრძელდება, მთის მწვერვალზე, მზის ამოსვლის მოლოდინში, ყოველღამ ათასობით პილიგრიმი-ტურისტი იყრის თავს.

ცეცხლის ზეიმი „ხამაცური“ ასვლის სეზონს ასრულებს. მთელი მთა ძირიდან მწვერვალამდე ათასობით ჩირაღდნის სინათლითაა განათებული, რაც ძალზე ამაღელვებელი და საზეიმო სანახაობაა.

სამოკიტაზე, კ. ჰონშიუს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდებარეობს ყველა იაპონელისთვის ცნობილი მთა „ოსორეძანი“ ანუ საშინელი მთა. ძველებური ლეგენდის თანახმად, აქ არის ჯოჯოხეთში შესასვლელი, რომლითაც ივლისში ოთხი დღე შეუძლიათ ისარგებლონ მიცვალებულთა სულებმა, ისინი ახლობლებთან გასაუბრებას ცდილობენ. ზუსტად ამ დროს აქ მოდის უამრავი ადამიანი, ვისაც სურს, პატივი მიაგოს ახლობელთა სულებს. ადგილობრივი ტურიზმის მთავარ დესტინაციას წარმოადგენს კ. შიკოკუ, სადაც 88 წმინდა ადგილია (ბუდიზმის). ქვეითი მოგზაურობა გათვლილია 40-60 დღეზე, თუმცა თანამედროვე მომლოცველები ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით ამოკლებენ ამ მოგზაურობას. აქვეა ყველაზე ძველი ჩვენამდე მოღწეული იაპონური თეატრი კაბუკი კამარუ-ძა. მთელი წლის განმავლობაში შიკოკუს 9 მილიონამდე ტურისტი ჰყავს.

კ. ჰოკაიდოზე, დედაქალაქ საპოროში, ტურისტების ყურადღებას იქცევს ზამთრის ფესტივალი, რომლის დროსაც ყინულის ბლოკებისგან საოცარ ნაგებობებსა და ფიგურებს კვეთენ. კუნძულის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს „სამშობლოსადმი სევდის სახლი“, რომელიც იმ ადგილზეა აგებული, საიდანაც კურილიის კუნძულებამდე მხოლოდ 4 კმ-ია. აქ ყოველ წელს იმართება აქციები ჩრდილოეთ ტერიტორიების დსაბრუნებისათვის ბრძოლის დღეები.

„ონსენ-რეიკანი“ ტრადიციული იაპონური სასტუმროა, რომელიც ცხელი მინერალური წყლის სიახლოვეს შენდება. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი პოპულარობა. დიდი და მცირე ზომის ფირმები ხშირად იყენებენ დასვენების ასეთ ფორმას თავისი პერსონალისთვის, რაც კორპორატიული კულტურის შემადგენელ ნაწილად იქცა.

იაპონიაში სტუმრობის ერთ-ერთი საუკეთესო დრო გაზაფხულია, როდესაც საკურა ყვავის. ყვავილებით ტკბობას ჰანამი ეწოდება და იგი ტრადიციული დღესასწაულია იაპონელებისთვის, რომელიც სათავეს VIII საუკუნიდან იღებს. საკურას ყვავილობა ერთი კვირა გრძელდება. ეს არის ყველაზე ლამაზი სანახაობა გაზაფხულზე. წარმოიდგინეთ, უამრავი ვარდისფერი ყვავილოვანი ხე, უმშვენიერესი ბაღები. ნებისმიერი ადამიანი დატკბება ამ სილამაზის ყურებით. საკურა მარტო ვარდისფერი არ არის. ის სხვადასხვა დროსა და ადგილას სხვა ფრად ყვავილობს. გვხვდება ასევე თეთრი ფერის საკურა. თუმცა იაპონიის ბაღებში ძირითადად ვარდისფერი საკურაა გავრცელებული. ტურისტები ამ ხეებს უფრო მეტ სურათს უღებენ, ვიდრე თავიანთ თავებს.

ტურისტებისთვის ასევე საინტერესოა იაპონელების ტრადიციული ჩაცმულობის (კიმონო, გეტა-ქოშები), სტუმრის მომსახურების (გეიშა), სამზარეულოს (ზღვის პროდუქტები, სუში, საკე), ყვავილების გაზრდისა (ბონსაი) და გაფორმების (იკებანა) კულტურა, რომელიც ხელოვნებამდეა აყვანილი.

ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ყველა დიდი სიხარულით ელის.თითოეულ ქვეყანას თავისი ტრადიციები აქვს.არც იაპონიაა გამონაკლისი. იაპონიაში ახალ წელს შოგაცუ ჰქვია. 1 იანვრიდან 3 იანვრის ჩათვლით არავინ მუშაობს. ტრადიციაა ტაძარში წასვლა და ლოცვა. 31 დეკემბერის ღამით ბუდისტური ტაძრები ზარის რეკვას იწყებენ, რითაც ხალხს ახალი წლის შემოსვლას ამცნობენ.

ზარს რეკავენ 108-ჯერ. საახალწლო კონცერტებზე ყველასთვის საყვარელი ჯგუფები იკრიბებიან და ყველა დროის პოპულარულ ჰიტებს ასრულებენ. კონცერტი ტარდება ტოკიო-დომში, ოსაკა-დომში და ტოკიო-კიოდოში (თეატრი). ღონისძიება 23:45 იწყება და ერთი საათი გრძელდება. სულ 43 სიმღერა სრულდება და ფუჯი ტვ-ის პირდაპირი ჩართვით ყველას შეუძლია კონცერტის თვალყურის დევნება.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონური კულტურა მნიშვნელოვნად განვითარდა თავისი წარმოშობიდან. თანამედროვე კულტურა აერთიანებს აზიურ, ევროპულ და ჩრდილოეთამერიკულ გავლენას. ტრადიციული იაპონური ხელოვნება მოიცავს ისეთ დარგებს, როგორებიცაა კერამიკის, ტექსტილის, ლაქის, ხმლებისა და თოჯინების დამზადება; ბუნრაკუს, კაბუკის, ნოოს წარმოდგენები, ცეკვა და რაკუგო, ასევე, სხვა ტრადიციები, მაგალითად, ჩაის ცერემონია, იკებანა, საბრძოლო ხელოვნებები, კალიგრაფია, ორიგამი, ონსენი, გეიშა და თამაშები. იაპონიას გააჩნია როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური კულტურული მახასიათებლებისა და ეროვნული საგანძურის დაცვისა და ხელშეწყობის განვითარებული სისტემა.[34] იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის 19 იაპონური ძეგლი, რომელთაგან 15 კულტურული მნიშვნელობისაა.[35]

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონიას ვრცელი გზა აქვს.[36] ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაზე დაგებულია 1.2 მილიონი კილომეტრი (0.75 მილიონი მილი)  გზა[37]. 2012 წლის მდგომარეობით, იაპონიას აქვს დაახლოებით 1 215 000 კილომეტრზე  (755 000 მილი) გადაჭიმული გზა, რომელიც მოიცავს:

1 022 000 კილომეტრი (635 000 მილი) ქალაქის, სოფელსა და ქალაქს შორის დამაკავშირებელი გზა;

129 000 კილომეტრი (80 000 მილი) იდეალური გზა;

55 000 კილომეტრი (34 000 მილი) ეროვნული მაგისტრალი

და 8050 კილომეტრი (5000 მილი) ეროვნული ავტომაგისტრალი.

მაღალსიჩქარიანი, გაყოფილი, შეზღუდულ საგზაო მისადგომზე ფასიანი გზები აკავშირებს დიდ ქალაქებს ჰონშუზე, შიკოკუსა და კიუშუსთან (ჰოკაიდოს აქვს ცალკე ქსელი). აქ, მანქანების ღირებულება საკმაოდ დაბალია; მანქანის საკუთრების საფასური და საწვავის გადასახადი გამოიყენება ენერგოეფექტურობის გასაძლიერებლად. თუმცა, ყველა დისტანციური მოგზაურობის მხოლოდ 50 პროცენტზე, მანქანის გამოყენება ყველაზე დაბალია G8–ის ყველა ქვეყანაში

1987 წლის პრივატიზაციიდან, ათობით იაპონური სარკინიგზო კომპანია კონკურენციას უწევს რეგიონალურ და ადგილობრივ სამგზავრო სატრანსპორტო ბაზრებში; მთავარი კომნაპინები მოიცავს შვიდ JR საწარმოებს, კინტეცუს, სეიბუს რკინიგზას და კეიოს კორპორაციას. დაახლოებით 250 სიჩქარით, შინკანსენის მატარებლები უკავშირდება მთავარ ქალაქებს. ზოგადად, იაპონური მატარებლები ცნობილია მათი უსაფრთხებითა და პუნქტუალობით. ტოკიოსა და ნაგოიას შორის შენდება ახალი მაგნიტური საკიდარის ხაზი სახელად ჩო შინკანსენი, რომელის მშენებლობაც 2027 წლისათვის უნდა დასრულდეს. [38]

იაპონიაში 175 აეროპორტია. ჰანედას აეროპორტი ტოკიოში, უმსხვილეს შიდა აეროპორტს წარმოადგენს, ის აზიის მეორე ყველაზე დაკავებული აეროპორტია[39]. ყველაზე დიდი საერთაშორისო აეროპორტია: ნარიტას საერთაშორისო აეროპორტი, კანსაიის საერთაშორისო აეროპორტი და ჩოუენტ ცენტრაირის საერთაშორისო აეროპორტი. ნაგოიას პორტი ქვეყნის უდიდესი და ყველაზე დატვირთული ნავსადგურია, რომელიც იაპონიის სავაჭრო ღირებულების 10 პროცენტს შეადგენს. [40]

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონიაში მცხოვრები მოსახლეობის 99 %-ზე მეტი იაპონურად საუბრობს, როგორც მათი პირველი ენა. იაპონელები წერის დროს იყენებენ კანჯის (ჩინურ იეროგლიფებს) და კანას ორ კომპლექტს (სილაბური, რომელიც ემყარება კურსურ დამწერლობას და კანჯის რადიკალს), აგრეთვე ლათინურ ანბანს და არაბულ ციფრებს.[41] ზოგადად, კერძო და საჯარო სკოლებში მოსწავლეებს მოეთხოვებათ ისევე, როგორც იაპონური ენის გაკვეთილების გავლა, ასევე ინგლისურენოვანი კურსების აღება.

იაპონურის გარდა, რიუკუას ენები (ამამი, კუნგიამი, ოკინავა, მიაკო, იაეიამა, იონაგუნი), იაპონური ენების ოჯახის ნაწილია, რომელზეც საუბრობენ რიუკის კუნძულებზე. ქვეყანაში, რამდენიმე ბავშვი თუ სწავლობს ამ ენებს[42], ამიტომ ბოლო წლებში ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობდა ტრადიციული ენების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. რეგიონში, ასევე საუბრობენ ოკინავას იაპონურ დიალექტზე. აინუს ენა, უკვე მომაკვდავი ენაა, ვინაიდან ჰოკაიდოში მხოლოდ რამდენიმე მოხუციღა საუბრობს.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი და საშუალო სკოლები და უნივერსიტეტები, 1872 წელს მეიჯის რესტავრაციის შედეგად დაინერგა. 1947 წლიდან, აუცილებელი განათლება იაპონიაში მოიცავს დაწყებით და არასრული საშუალო სკოლას (7, 8, 9 კლასები), რომელიც ერთად ცხრა წელი გრძელდება (6 წლიდან-15 წლამდე). ფაქტობრივად ყველა მოსწავლე განათლებას აგრძელებს სრულ საშუალო სკოლაში (ჩვეულ. მოიცავს 10-12 კლასს) სამი წლით. იაპონიაში, ორ, უმაღლესი რანგის უნივერსიტეტს წარმოადგენს ტოკიოს უნივერსიტეტის და კიოტოს უნივერსიტეტი. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ქვეყანაში ცენტრალურ ნაწილს თამაშობდა ქვეყანაში განათლების სისტემის რეგენერაცია, როდესაც ამოქმედდა განათლების ფუნდამენტური და სასკოლო განათლების კანონი. ამ უკანასკნელმა კანონმა განსაზღვრა სტანდარტული სასკოლო სისტემა. 2016 წლის, აპრილში, სხვადასხვა სკოლამ დაიწყო სასწავლო წელი დაწყებითი სკოლითა და არასრული საშუალო სკოლით, რომელიც ინტეგრირებულია ერთ ცხრა წლიან სავალდებულო სკოლაში. განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების სამინისტრო გეგმავს, ამ სისტემის დანერგვას მთელს ქვეყანაში.

OECD–ის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო სტუდენტური შეფასების პროგრამა ამჟამად იაპონიის 15 წლის ასაკის ბავშვთა ცოდნასა და უნარებს მსოფლიოში საუკეთესოთა შორის მესამე ადგილზე აფასებს.[43] იაპონია OECD– ის ერთ – ერთი ყველაზე სრულყოფილი ქვეყანაა ლიტერატურის კითხვის, მსთემატიკის და მეცნიერების საკითხებში, საშუალო ქულის შეფასებით 529. OECD-ის ქვეყნებს შორის მსოფლიოში ყველაზე განათლეული სამუშაო ძალა იაპონიას ჰყავს. 2015 წელს იაპონიის სახელმწიფო ხარჯებმა განათლებაზე შეადგინა მისი მშპ-ს მხოლოდ 4.1 პროცენტი, OECD-ის საშუალო 5.0 პროცენტიანი მაჩვენებლით.[44] ქვეყნის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პირების დიდი ნაწილი დიდწილად პასუხისმგებელია იაპონიის ომისშემდგომ ეკონომიკურ ზრდას შუწყონ ხელი. 2017 წელს, ქვეყანა მესამე ადგილზე დასახელდა 25-დან 64 წლამდე ასაკის პირთა პროცენტული მაჩვენებელით, რომელთაც საშუალო საფეხურის განათლება 51 პროცენტით მიიღეს. ამის გარდა, 25-დან 34 წლამდე ასაკის იაპონელთა 60,4 პროცენტს აქვს უმაღლესი განათლების კვალიფიკაცია, ხოლო ბაკალავრის ხარისხს ფლობს 25-დან 64 წლამდე ასაკის იაპონელების 30,4 პროცენტი, OECD-ში იგი, მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეის შემდეგ.

ჯანმრთელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამედიცინო მომსახურება, ეროვნული და ადგილობრივი მთავრობის მიერ არის უზრუნველყოფილი. პირადი სამედიცინო მომსახურებისთვის გადახდა შესაძლებელია ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სისტემის მეშვეობით, რომელიც სამთავრობო კომიტეტის მიერ დაწესებულ გადასახადებზე უზრუნველყოფს წვდომის თანაბარ შესაძლებლობას. ადამიანებს, ვისაც დაზღვევა არ აქვთ მეპატრონესთან პირდაპირი დაკავშირების მეშვეობით შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნულ პროგრამაში, რომელსაც ადგილობრივი მთავრობები ახორციელებენ. 1973 წლიდან, მთავრობის დაფინანსებით, ყველა ხანში შესულ ადამიანს აქვს დაზღვევა. იაპონიას თვითმკვლელობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. 30 წლამდე მყოფი ადამიანთათვის სიკვდილის მთავარ გამომწვევ მიზეზს თვითმკვლელობა წარმოადგენს; ასევე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ჯანმრთელობის პრობლემას მოწევა წარმოადგენს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში იაპონიას დაბალი მაჩვენებელი აქვს გულის დაავადებებზე და განვითარებულ მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს დემენციაზე (შეძენილი (და არა თანდაყოლილი) ჭკუასუსტობა).

ხელოვნება და არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონური, უზარმაზარი ხის სკულპტურები და ნახატები, ამ ქვეყნის ხელოვნების ისტორიის ანტიკურობაზე მეტყველებს, ვინაიდან ყველაზე ადრე შესრულებული ფიგურული ნახატები ძვ.წ 300 წლით თარიღდება. იაპონიის ხელოვნების ისტორია სინთეზურად გვაჩვენებს კონკურენციას ადგილობრივ, იაპონურ ესთეთიკასა და იმპორტირებულ იდეებს შორის. ევროპული და იაპონური ხელოვნების ერთმანეთზე ზემოქმედება ძალიან საყურადღებო იყო. მაგალითად ukiyo-e-ს ანაბეჭდები, რომელმაც XIX საუკუნეში ჯაფონიზმის სახელით ცნობილ მოძრაობაში დაიწყო ექსპორტი. ეს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა დასავლეთში თანამედროვე ხელოვნების განვითარებაზე, განსაკუთრებით კი პოსტ-იმპრესიონიზმზე. იაპონური მანგა, XX საუკუნეში განვითარდა და მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული.

იაპონური არქიტექტურა კომბინაციას წარმოადგენს ადგილობრივსა და სხვა ქვეყნის გავლენას შორის. იგი, ტიპურ, ტრადიციულ შენობებს განასახიერებდა ხის კონსტრუქციებით, ოდნავ ამაღლებული ადგილზე, კრამიტით დაფარული სახურავებით. იესეს სალოცავები, იაპონური არქიტექტურის პროტოტიპად არის მიჩნეული. მეტწილად ხისს, ტრადიციულ საცხოვრებლებსა და მრავალი ტაძრის შენობაში ჩანს ტატამისათვის საჭირო ნივთები და მოძრავი კარი, რომელიც არღვევს ოთახებსა და შიდა და გარე სივრცეებს შორის არსებულ განმასხვავებელ ნიშნებს. თუმცა, XIX საუკუნიდან, იაპონიაში კონსტრუქციებსა და დიზაინში გაერთიანდა ძირითადად ვესტერნული, მოდერნისტული და პოსტ-მოდერნისტული არქიტექტურის სტილი. დასავლელ არქიტექტორებთან მიღებული სწავლის შემდეგ დაბრუნებულმა არქიტექტორებამ იაპონიაში შემოიტანეს მოდერნიზმის საერთაშორისო სტილი. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომი არ იყო დასრულებული, რომ იაპონელმა არქიტექტორებმა საერთაშორისო სცენაზე შთაბეჭდილება მოახდინეს, პირველ რიგში, ისეთი დიზაინერების ნამუშევრებით, როგორიცაა კენზი ტანგი, შემდეგ კი მეტაბოლიზმის მსგავსი მოძრაობების მეშვეობით.

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იშინ-დენშინი (以心伝心) არის იაპონური იდიომი, რომელიც აღნიშნავს ინტერპერსონალური კომუნიკაციის ერთგვარ ფორმას, გაუგებარი ურთიერთგაგების საშუალებით. ისაგიოსა (潔さ) არის გარდაცვალების სიმშვიდით მიღების სათნოების უნარი. ალუბლის ყვავილობა არის ისაგიოსის სიმბოლო, სამყაროს წუთიერობის აღქმის თვალსაზრისით. ჰენსეი არის იაპონიის კულტურის ცენტრალური იდეა, რომელიც გულისხმობს საკუთარი შეცდომის აღიარებას და გაუმჯობესების დაპირებას. კოტოდამა (言霊) მიმართულია იაპონელების რწმენისაკენ, სიტყვებსა და სახელებში მისტიური ძალის არსებობის შესახებ. იაპონიაში უამრავი ყოველწლიური ფესტივალია, რომელსაც უწოდებენ იაპონელების მაცურს (祭). ზოგადად, იაპონიისათვის განსაკუთრებული საფესტივალო დღეები არ არსებობს. თარიღები განსხვავდება რეგიონიდან რეგიონამდე ტერიტორიებზე. კონკრეტულ რეგიონშიც კი, ფესტივალის დღეები ტრადიციულ დღესასწაულებს ეხმიანება, როგორიცაა სეცუბუნ ან ობონი.

ოფიციალურად, იაპონიას აქვს 16 ეროვნული, მთავრობის მიერ აღიარებული დღესასწაული. აქ, 1984 წლიდან,  საზოგადოებრივი დღესასწაულები, საჯარო დღესასწაულების სასამართლოს მიერ არის რეგულირებული. 2000 წლის დასაწყსიში, დანერგა ბედნიერი ორშაბათის სისტემა, რომელმაც რიგი ეროვნული დღესასწაულები ორშაბათს გადაიტანა  გრძელი უქმეების მოპოვების მიზნით.

იაპონიაში ეროვნულ დღესასწაულს წარმოადგენს ახალი წელი, პირველ იანვარს.

სრულწლოვნების მიღწევის დღეს აღნიშნავენ იანვრის მეორე ორშაბათს.

  • 11 თებერვალს ერპვნული ფონდის დღე.
  • 23 თებერვალს იმპერატორის დაბადების დღე.
  • 20 ან 21 მარტი გაზაფხულის ბუნიობის დღე.
  • 29 აპრილს - Shōwa-ს დღე.
  • 3 მაისი, კონსტიტუციის დღე.
  • 4 მაისი, მცენარეულობის დღე.
  • 5 მაისს, ბავშების დღე
  • ივლისის მესამე ორშაბათს, საზღვაო ფლოტის დღე
  • 11 აგვისტო, მთების დღე
  • სექტემბრის მესამე ორშაბათ, ასაკის პატივისცემის დღე
  • 23 ან 24 სექტემბერს, შემოდგომის ბუნიობა
  • ოქტომბრის მეორე ორშაბათს, ჯანმრთელოპბის და სპორტის დღე
  • 3 ნოემბერი, კულტურის დღე
  • 23 ნოემბერი, შრომისათვის მადლიერების დღე.

კულინარია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონური სამზარეულოსათვის მთავარ აქცენტს სეზონური საკვები, მაღალი ხარისხის ინგრედიანტები და წარდგენა წარმოადგენს. იაპონურ სამზარეულო სთავაზობს რეგიონალური სპეციალისტების ვრცელ არჩევანს, რომ გამოიყენონ ტრადიციული რეცეპტები და ადგილობრივი ინგრედიანტები. ზღვის პროდუქტები და იაპონური ბრინჯი ან ატრია წარმოადგენს მთავარ პროდუქტებს იაპონურ სამზარეულოში, რა თქმა უნდა ზღვის პროდუქტები კომბინირებული დაშისთან, სოიოს სოუსთან, მირინთან, ძმართან, შაქართან და მარილთან ერთად. კერძიბი უცხოური საჭმელისგან არის ინსპირირებული - ფაქტობრივად ჩინური საჭმელიდან - მაგალითად რამენი და გიოზა, ასევე ისეთი საჭმელები როგორიცაა სპაგეტი,  კერი (თევზის ან ხორცის ცხარე საწებელი) და ჰამბურგერი. გადმოიღეს აღნიშნული საჭმელები, თუმცა შეცვალეს იაპონური გემოებითა და ინგრედიენტებით. იაპონური კერი, იაპონიაში შეიტანეს ბრიტანული ინდოეთიდან, მას ისე ფართოდ მოიხმარენ, რომ შეგვიძლია ტრადიციული კერძიც კი ვუწოდოთ. ტრადიციულ იაპონურ ტკბილეულს წარმოადგენს ვაგაში. ისინი, აქტიურად იყენებენ ისეთ ინგრედიენტებს როგორიცაა წითელი პასტას მარცვლები და მოჩი. უფრო თანამედროვე გემოებში შედის მწვანე ჩაი ნაყინით.

ცნობილ იაპონურ სასმელებში შედის საკეც (იაპონური ალკოჰოლური სასმელი ნიჰონსიუ), რომელიც მოდუღული ბრინჯის სასმელს წარმოადგენს, ის ჩვეულებრივ შეიცავს 14–17 % ალკოჰოლს და მზადდება ბრინჯის მრავალჯერადი დუღილის შედეგად. ლუდის დუღილი იაპაონიაში XVII საუკუნის ბოლოს დაიწყო. მწვანე ჩაის აწარმოებენ იაპონიაში და ამზადებენ სხვადსხვანაირ ფორმით, მაგალითად როგორიცაა მაჩა, რომელიც  გამოიყენება იაპონიის ჩაის ცერემონიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Japan Statistical Yearbook 2010. Statistics Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 22, 2015. ციტირების თარიღი: January 15, 2011.
  2. Population Estimates by Age (5-Year Age Group) and Sex. ციტირების თარიღი: June 2, 2015.
  3. Population Count based on the 2010 Census Released. Statistics Bureau of Japan. ციტირების თარიღი: October 26, 2011.
  4. ქვეყნებისა და ტერიტორიების კოდების კლასიფიკაცია - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. გაეროს სტატისტიკის დეპარტამენტი (2010-04-01). ციტირების თარიღი: 2010-07-16.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 იაპონელის ბლოგი. იაპონელის ბლოგი. ციტირების თარიღი: 2010-23-09.
  6. ფაქტები და ციფრები იაპონიის შესახებ 2007 01: მიწა. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-31. ციტირების თარიღი: 2009-07-04.
  7. 7.0 7.1 ინფორმაცია მსოფლიოს შესახებ; იაპონია. CIA (2007-03-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-20. ციტირების თარიღი: 2007-03-27.
  8. მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაცია: სიცოცხლის ხანგრძლივობის მოლოდინი ისრაელში არის მსოფლიოში მაღლესთა შორის დაარქივებული 2010-01-15 საიტზე Wayback Machine. ჰაარეცი, მაისი, 2009
  9. მ.ფასმერი, რუსული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი = რუსული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი, АСТ, ISBN 5-17-013347-2.
  10. ჯოან რ. პიგოტი, იაპონური მეფობის გაჩენა, სტენფორდის უნივერსიტეტი, ISBN 0-804-72832-1.
  11. McCargo, Duncan (2000). Contemporary Japan. Macmillan, გვ. 8–11. ISBN 0-333-710002. 
  12. CIA Factbook: Japan. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 20, 2015. ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  13. Japan. US Department of State. ციტირების თარიღი: January 16, 2011.
  14. World Population Prospects. UN Department of Economic and Social Affairs. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 21, 2007. ციტირების თარიღი: March 27, 2007.
  15. Barnes, Gina L.. (2003)Origins of the Japanese Islands. University of Durham. ციტირების თარიღი: August 11, 2009.
  16. Tectonics and Volcanoes of Japan. Oregon State University. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 4, 2007. ციტირების თარიღი: March 27, 2007.
  17. James, C.D.. (2002)The 1923 Tokyo Earthquake and Fire. University of California Berkeley. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 7, 2014. ციტირების თარიღი: January 16, 2011.
  18. USGS analysis as of March 12, 2011. Earthquake.usgs.gov (June 23, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 13, 2011. ციტირების თარიღი: November 9, 2011.
  19. Fackler, Martin; Drew, Kevin (March 11, 2011). „Devastation as Tsunami Crashes Into Japan“. The New York Times. ციტირების თარიღი: March 11, 2011.
  20. 2013 World Risk Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-16. ციტირების თარიღი: 2015-07-08.
  21. იაპონიის კონსტიტუცია. იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა საბჭო (1946-11-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-17. ციტირების თარიღი: 2007-03-10.
  22. 22.0 22.1 იაპონელის ბლოგი - იაპონიის პოლიტიკა და კონსტიტუციური მოწყობა. იაპონელის ბლოგი. ციტირების თარიღი: 2010-23-09.
  23. „პარლამენტმა აირჩია კანი პრემიერად“. იაპონიის დროება. 2010-06-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-14. ციტირების თარიღი: 2010-06-04.
  24. იაპონიის სამოქალაქო კოდექსი. ენციკლოპედია ბრიტანიკა (2006). ციტირების თარიღი: 2006-12-28.
  25. იაპონიის იურიდიული სისტემა. იაპონიის პრემიერ-მინისტრის ოფისი. ციტირების თარიღი: 2007-03-27.
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 იაპონიის კონსტიტუცია - iaponeli.wordpress.com-ზე
  27. Japan-Australia Joint Declaration on Security Cooperation. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: August 25, 2010.
  28. Joint Declaration on Security Cooperation between Japan and India. Ministry of Foreign Affairs (October 22, 2008). ციტირების თარიღი: August 25, 2010.
  29. Net Official Development Assistance in 2009. OECD. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 26, 2011. ციტირების თარიღი: January 16, 2011.
  30. Michael Green. Japan Is Back: Why Tokyo's New Assertiveness Is Good for Washington. Real Clear Politics. ციტირების თარიღი: March 28, 2007.
  31. UK backs Japan for UNSC bid. Central Chronicle. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 21, 2007. ციტირების თარიღი: March 28, 2007.
  32. McCargo, Duncan (2000). Contemporary Japan. Macmillan, გვ. 84–85. ISBN 0333710002. 
  33. Mabuchi, Masaru. (May 2001) Municipal Amalgamation in Japan. World Bank. ციტირების თარიღი: December 28, 2006.
  34. Administration of Cultural Affairs in Japan. Agency for Cultural Affairs. ციტირების თარიღი: May 11, 2011.
  35. Japan – Properties Inscribed on the World Heritage List. UNESCO. ციტირების თარიღი: July 5, 2011.
  36. Pollack, Andrew (March 1, 1997). "Japan's Road to Deep Deficit is Paved with Public Works". The New York Times.
  37. "Transport". Statistical Handbook of Japan 2007. Statistics Bureau. Archived from the original on April 27, 2011. Retrieved March 2, 2014.
  38. "Maglev launch to be delayed to 2027". Asahi Shimbun. April 30, 2010.
  39. "Year to Date Passenger Traffic". Airports Council International. November 11, 2010.
  40. "Port Profile". Port of Nagoya
  41. Miyagawa, Shigeru. "The Japanese Language". Massachusetts Institute of Technology. Retrieved January 16, 2011
  42. Heinrich, Patrick (January 2004). "Language Planning and Language Ideology in the Ryūkyū Islands". Language Policy. 3 (2): 153–179. doi:10.1023/B:LPOL.0000036192.53709.fc
  43. "Japan – Student performance (PISA 2015)". OECD.
  44. "Japan" (PDF) დაარქივებული 2020-08-09 საიტზე Wayback Machine. . OECD
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: