ქციის შავი
ქციის შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ნაპოვნია 1960 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდინარე ქციის ხეობაში, სოფელ სამშ-ვილდისტყეში და ამიტომაც ქციის შავი უწოდეს.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, უფორმო და მხრებიანი, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, ტკბილი გემოთი.
ქციის შავი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 165-170 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ერთი ძირი ვაზის მოსავლიანობა 3-3.5 კილოგრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5-8 გ/ლ-ს.
საკმაოდ ხარისხიანი ღვინის მომცემი ჯიშია. გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის მისაღებად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 390