ღვინის წითელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღვინის წითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო-ოვალური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრია, აბლაბუდის ქვეშ მოფენილია თხელი ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ფართო კონუსური ფორმის, ფრთიანი ან ცილინდრულ-კონუსური, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი წითელი. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს. დაფარულია ნაცრისფერი ცვილისებრი ფიფქით. რბილობი წვნიანია, წვენი შეუფერავი. გემო ჰარმონიული.

ღვინის წითელი საშუალოზე ძლიერი ზრდის ვაზია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 185 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 120-130 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი საშუალოდ 8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 396