ასურეთული შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასურეთული შავი, ასურეთული, შალა, შალ იზიუმი, შალის ყურძენი (გერმ. Schaltrauben), შალის შავი (გერმ. Schalschwarz) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ნაპოვნია გარეულ ვაზებს შორის ასურეთის ტყეში გერმანელი კოლონისტის გვარად შალის (გერმ. Schal) მიერ. როგორც უხვმოსავლიანი ჯიში იგი სწრაფად გავრცელდა ქვემო ქართლში და ადგილობრივი გერმანელები მას მპოვნელის სახელით მოიხსენიებდნენ: „შალის ყურძენი“ და „შალის შავი“.

აკადემიკოსმა სოლომონ ჩოლოყაშვილმა „ასურეთული“ უწოდა, იმ სოფლის სახელი, რომელშიც თავიდანვე იყო გავრცელებული. რ. კიკაჩეიშვილის (1963) აზრით, იმ ტყის მიდამოებში, სადაც შალმა ეს ჯიში იპოვა, ვენახები არ არის. ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი ძველქართული ჯიშია, რომელიც დამპყრობთა მიერ განადგურებულ ტერიტორიაზე უპატრონოდ დარჩა და გაგარეულდა“.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთ ნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ძალიან სუსტადაა აბლაბუდისებრად შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდია. ცილინდრულ-კონსური, ხშირად უფორმო, დატოტვილი და მხრიანი, კუმსი ან ძლიერ კუმსი, გვხვდება თხელი მტევნებიც. მტევნის სიკუმსე ყვავილის განაყოფიერების ინტენსივობაზეა დამოკიდებული. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სრულ სიმწიფეში მუქი იისფერი, შავში გარდამავალი. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია, წვენი შეუფერავია, გემო — ტკბილი და სასიამოვნო.

ჯიში საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, ხელოვნურად განაყოფიერების შემთხვევაში უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევრიდან შედის. ასურეთული შავის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 154-160 დღეა. მტევნის საშუალო წონა 200 გრამამდეა, კარგად განაყოფიერების პირობებში კი 500 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 20.0-30.0 ტონაა, ხოლო განაყოფიერების გარეშე 9.0-13.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8.5 გ/ლ-ს.

მიიღება ღია წითელი ფერის სუფრის მშრალი ღვინო, რომელიც ხასიათდება ხალისიანი მჟავიანობითა და კარგი გემოთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 50