მაღრანული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაღრანული, მაღრანული ქისიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

მცირედ გავრცელებულია თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა ნაპირას მდებარე აოფლებში, შერეული სახით გვხვდება რქაწითლისა და მწვანეს ნარგავებში. ადგილობრივები ამ ჯიშს ქისსაც უწოდებენ, მაგრამ მაღრანული არსებითად განსხვავდება იმ ქისისგან, რომელიც იყალთოში, ოჟიოში, რუისპირში, ქისტაურსა და სხვაგანაა გავრცელებული. სწორედ მათი განსხვავების მიზნით ალაზნის მარცხენა ნაპირზე გავრცელებულ ჯიშს მაღრანული უწოდეს.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ მოგრძო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ქეჩისებრია (საშუალო სისქის აბლაბუდისებრი და სქელი ჯაგრისებრი). ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიმკვრივის, ზოგჯერ მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მომწვანო-ყვითელი ელფერიო. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი წვნიანია, გემო — სასიამოვნო, კარგად გამოსახული ჯიშური არომატით.

მაღრანული ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან არულ სიმწიფემდე 164 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 140-160 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-9 გ/ლ-ს.

მაღრანულისგან მიღებული თეთრი ღვინო ნაზია, ჰარმონიული, საშუალო სხეულიანი და კარგად გამოსახული ჯიშური არომატით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 225