ქისტაურული შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქისტაურული შავი, ქისტაურული საღვინე, ქისტაურული ღვინის, ქისტაურული წითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ხუთნაკვთიანი, ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა დაფარული აბლაბუდისებრი და თხელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის, ზოგჯერ თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, იშვიათად მომრგვალო, მუქი ლურჯი შეფერილობის, თითქმის შავი ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. კანი თხელი აქვს, რბილობი ხორციანი და წვნიანი, წვენი ღია-ვარდისფრად შეფერილი. გემო — სასიამოვნო და ჰარმონიული.

ქისტაურული შავი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმ-წიფემდე 138-150 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებიდან შედის. მტევნის წონა 160-180 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.7-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5-7.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის ხარისხიანი წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად და ადგილობრივ წითელყურძნიან ჯიშებთან საკუპაჟედ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 384