ჭუბულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭუბულოქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ლეჩხუმიდან.

გავრცელებული ყოფილა ლეჩხუმში, მაგრამ 1937-1939 წლებში შესწავლის დროს ერთადერთი ვაზი იყო დარჩენილი სოფელ სპათაგორში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ განივოვალური. თითქმის დაუნაკვთავი. ფოთლის ქვედა მხარე სრულიად შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, კონუსური, ხშირად ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ან მუქი წითელი ელფერით. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით შესამჩნევად დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

ჭუბულო საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 156 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 80-100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.4-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8 გ/ლ-ს.

გამოიყენება სხვა ჯიშებთან ერთად სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 502