თეთრა (ვაზის ჯიში)
თეთრა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია, მტევანი — საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, ღია მწვანე, მზის მხარეზე მომწვანო-ქარვისფერი. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანი და ხორციანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
ჯიში ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 195 დღე სჭირდება. ერთი ძირი მაღლარი 50-60 კილოგრამ ყურძენს იძლევა. მტევნის საშუალო წონა 158 გრამამდეა, საჰექტარო მოსავლიანობა კი — 15.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.
მიიღება საკმაოდ ჰარმონიული, ხილის ტონებით გამოხატული თეთრი მშრალი ღვინო. ყურძენი გამოიყენება სასუფრედ, მთელი ზამთრის განმავლობაში ინახება და კარგად იტანს ტრანსპორტირებას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 148