ვაიოს საფერავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაიოს საფერავი, საფერავი ყურძენიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

სახელწოდება ადგილმდებარეობის მიხედვით აქვს მიღებული, რადგანაც გავრცელებული იყო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში.

ოდესღაც აჭარის მოსახლეობა ვაიოს საფერავს სუფრის ღვინის დასამზადებლად იყენებდა, მაგრამ მოგვიანებით რელიგიურ ნიადაგზე მათ ღვინის სმა აეკრძალათ და ვაიოს საფერავისგან ბადაგის დამზადება დაიწყეს.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი, მარცვალი — საშუალო ზომის, მცირედ ოვალური, შავი ფერის, სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. მასში უხვადაა შემფერავი ნივთიერება.

ვაიოს საფერავი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 190-195 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევრში შედის. მტევნის საშუალო წონა 80-100 გრამს აღწევს. ერთი ძირი მაღლარის ვაზიდან 80-100 კილოგრამი ყურძნის მოკრეფა შეიძლება. ხოლო დაბლარად გაზრდილი ვაზის საჰექტარო მოსავლიანობა 7.0-7.5 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.4%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9 გ/ლ-ს.

მიიღება საკმაოდ ჰარმონიული სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 119