შავი ყურძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შავი ყურძენი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

მცირე ნარგავებადაა გავრცელებული კახეთში, ძირითადად გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე ქვემო ქართლში, ბოლნისისა და მარნეულის ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, უფრო ხშირად კი ოვალური ფორმის ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა სქელი ქეჩისმაგვარია. ყვავილი ორსქესიანია მტევანი საშუალო ზომისაა, განივკონუსური, მხრიანი, იშვიათად ძლიერ დატოტვილი, ზოგჯერ უფორმოც. ხშირად მხარის სიგრძე ძირითადი მტევნის ნახევარს აღწევს. უფრო ხშირად მტევნები საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად საშუალოზე უფრო მკვრივი, გვხვდება უფრო თხელმტევნებიც. მარცვალი საშუალოზე მსხვილია, მომრგვალო ან ოვალური. მუქი ლურჯია, თითქმის შავი. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ნაფიფქით თხლად დაფარული. რბილობი ოდნაი მკვრივი და მდნარია, წვენი — შეუფერავი.

შავი ყურძენი საშუალო ზრდისა და მოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 150 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებში შედის მტევნის წონა 120-240 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.6-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 4.9-6.45 გ/ლ-ს.

გამოიყენება სხვა წითელყურძნიან ჯიშებთან ერთად სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. მისგან დამზადებული ჯიშური ღვინო არის მუქი ვარდისფერი, მცირესხეულიანი და სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით. შესაძლებელია ადგილობრივად მისი სასუფრე ყურძნად გამოყენება. აგრეთვე პერსპექტიულია ყურძნის წვენის მისაღებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 414