ქართული თითა №5-4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული თითა №5-4ქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.

გამოყვანილია მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მშობელი წყვილებია რქაწითელი და განჯური.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა აბლაბუდისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა (გრძელი), ცილინდრული და ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მტევანს ახასიათებს ფრთა. მარცვალი მსხვილია, მოგრძო, მოქარვისფრო-ყვითელი, ცვილისებრი ნაფიფქით საშუალოდ დაფარული. კანი საშუალო სისქისაა, ოდნავ კნატუნა. რბილობი ხორციანია. გემო სასიამოვნო და ნაზი აქვს, უფრო მეტად განჯურს წააგავს.

ქართული თითა საშუალოზე ძლიერი ზრდისა და საშუალოზე მაღალმოსავლიანია. მტევნის საშუალო წონა 260 გრამია. ყურძნის სრული სმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.7%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.6 გ/ლ-ს.

ჯიში იძლევა მაღალხარისხიან სასუფრე ყურძენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 561