შინაარსზე გადასვლა

შავშურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შავშურა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

ხალხური გადმოცემისა და ივანე ჯავახიშვილის კვლევის მიხედვით ვაზის ჯიში შავშეთიდან არის ზემო აჭარაში გადატანილი. შავშურა კარგად შეეგუა ზემო აჭარის ეკოლოგიურ პირობებს. XX საუკუნის შუა წლებში მაღლარების სახით ერთეული ძირები იყო შემორჩენილი ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაოს, ფურტიოსა და ალმეს მიდამოებში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრ-ჯაგრისებურად მცირედაა შებუსული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის, ფრთიანი. თხელია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, ღია მწვანე, მოქარვისფრო ელფერით. კანი სქელი და საკმაოდ მკვრივი აქვს ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი უფრო ხორციანია, ვიდრე წვნიანი, ტკბილი გემოთი.

შავშურა საშუალო ზრდა-განვითარებისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 190-195 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. ჯიში მოსავლიანია. მტევნის საშუალო წონა 135 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.5-9.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.9%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.4 გ/ლ-ს.

შავშურა გამოიყენება სასუფრე ყურძნად. მტევანი და მარცვალი ლამაზი გარეგნობისაა და ადვილად იტანს ტრანსპორტირებას.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 418
  • რამიშვილი მ., „გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები“, თბ.: სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1948.  გვ. 171-174.