მტევანდიდი
| მტევანდიდი | |
|---|---|
| ვაზი (Vitis) | |
| ყურძნის ფერი | მუქი ლურჯი |
| სახეობა | Vitis vinifera |
| გავრცელების რეგიონები | გურია |
| საფრთხეები | ფილოქსერა |
მტევანდიდი, აკიდო — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან. მტევანდიდისგან მიიღება ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო. მას შენახვის დიდი უნარი აქვს, ინახება მთელი ზამთრის განმავლობაში და აგრეთვე კარგი ტრანსპორტაბელობა ახასიათებს. სახელწოდების მიუხედავად, ვაზის ამ ჯიშს საშუალო ან საშულოზე მცირე მტევანი უვითარდება.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მტევანდიდი როგორც უხვმოსავლიანი და საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში წარსულში გურიაში ფართოდ იყო გავრცელებული. განსაკუთრებით ფართოდ იყო იგი წარმოდგენილი გურიის აღმოსავლეთ ნაწილში. ვაზები კულტივირებული იყო მაღლარად და მიუხედავად მოუვლელობისა სავსებით ნორმალურად იზრდებოდა, ვითარდებოდა და უხვ მოსავალსაც იძლეოდა. ზემო გურიის ზოგიერთ სოფელში მტევანდიდი ცნობილია აგრეთვე აკიდოს სახელწოდებით, რაც გურიაში ორმტევნიან რქას ნიშნავს. ივანე ჯავახიშვილის შრომაში აკიდო ცალკე ჯიშადაა აღწერილი, თუმცა შემდგომმა შესწავლამ დაადასტურა აკიდოს და მტევანდიდის იდენტურობა.
მტევანდიდის მაღლარები ფართო მასივების სახით იყო წარმოდგენილი აგრეთვე გურიის მოსაზღვრე აჭარაშიაც, განსაკუთრებით აჭარისწყლის ხეობის მარჯვენა ზოლში. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან გავრცელებულ სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად მტევანდიდის მაღლარები გურიაში, მსგავსად სხვა აბორიგენული ჯიშებისა, მასობრივად განადგურდა და აქაიქ მხოლოდ თითო-ოროლა ძირი გადარჩა. 1905-1906 წლებში მტევანდიდი დაბლარის სახით გაშენდა საჭამიასერში, დაბლაციხესა და ბაღდადში მცირე ნაკვეთებად.
მტევანდიდის გავრცელების თანამედროვე არეალი მიუხედავად კარგი მოსავლიანობისა და პროდუქციის საკმაოდ მაღალი ღირსებისა მნიშვნელოვნად შეზღუდულია. XX საუკუნის შუა წლებისთვის ის მოიპოვებოდა მხოლოდ ბაღდადში, ბახვის საბჭოთა მეურნეობაში, დაბლაციხეში, ზემო ფარცხმასა და კალაგონში.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მტევანდიდის ზრდასრული ფოთოლი ღია მწვანეა, მოყვითალო ელფერით, სამნაკვთიანია, ბრტელი. ყვავილი ორსქესიანია. ვაზს უვითარდება საშუალო ან საშუალოზე ოდნავ დიდი მტევნები. მტევანი თხელია და ფორმით არასწორი, განიერ-კონუსისებრი და განტოტვილი. მტევნის საშუალო წონა 207 გრამია. მარცვალი მუქი ლურჯი (თითქმის შავი) ფერისა და საშუალო სიდიდისაა ― სიგრძე 15,3 მმ და სიგანე 13,4 მმ უდრის. მარცვალი სქელკანიანია, საკმაოდ ხორციანი და უფრო წვნიანი. მარცვლის კანი სქლად არის დაფარული ცვილით.
აგრობიოლოგიური დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავეგეტაციო პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა 216 დღეა. ვაზი გამოღვიძებას იწყებს მარტის ბოლოს. კვირტების გაფურჩქვნა მიმდინარეობს აპრილის პირველ რიცხვებში. ყვავილობა იწყება მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში და 14-15 დღეში მთავრდება. ყურძენი შეთვალებას იწყებს 26-28 აგვისტოდან და მწიფდება ოქტომბრის დამლევს ან ნოემბრის პირველ დეკადაში. ფოთოლცვენას მტევანდიდი ჩვეულებრივ იწყებს ნოემბრის მეორე ნახევარში და ამთავრებს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის პირველ რიცხვებში. ვაზზე დაუკრეფავი ყურძენი ძლებს დეკემბრის ბოლომდე, ხოლო დაკრეფილი ინახება გაზაფხულამდე.
ვაზის ზრდა-განვითარება საშუალო ან საშუალოზე ძლიერია. მტევანდიდი მოსავლის პირველ ნიშანს იძლევა დარგვიდან მესამე წელს. სრულ მსხმოიარობაში შედის მეხუთე წლიდან. მაღლარად ფორმირებული მტევანდიდის მოსავლიანობა მეტად ცვალებადია; დაბლარად აღზრდილი ვაზების მოსავალი ქართული წესით ფორმირების შემთხვევაში ერთი ძირიდან საშუალოდ 3 კგ არ აღემატება. მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,7-2 აღწევს. რქაზე ხშირად ორი მტევანია. საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-9.5 გ/ლ-ს.
მტევანდიდი ფილოქსერასადმი და სოკოვანი დაავადებებისადმი სუსტი გამძლეობით ხასიათდება. მტევანდიდს აზიანებს ყურძნის ჭია. უფრო მეტად ეს მავნებელი ვითარდება ყვავილობისა და ყურძნის მწიფობის პერიოდში და იწვევს მოსავლის მნიშვნელოვნად შემცირებას და პროდუქციის ხარისხის გაუარესებას. სოკოვან დაავადებებს, განსაკუთრებით კი ნაცარს მტევანდიდი ჩხავერთან და სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით უკეთ უძლებს. ჯიში მაღალი ღირსებისაა და საღ ყურძენს იძლევა მზით უხვად განათებულ სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაქანებულ ნაკვეთებზე, სადაც ნიადაგი ნოყიერია და კალციუმის კარბონატების საკმაო რაოდენობას შეიცავს, დაბლობ და ნოყიერ ადგილებში მტევანდიდი უხვ მოსავალს იძლევა, მაგრამ პროდუქციის ხარისხი მნიშვნელოვნად დაბალია. ჯიში ადვილად ეგუება როგორც მოკლე, ისე გრძელ გასხვლას.
მამალი მტევანდიდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მტევანდიდის ვარიაციებიდან გურიაში გავრცელებული იყო ე.წ. მამალი მტევანდიდი, რომელიც როგორც ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური და სამეურნეო თვისებებით მნიშვნელოვნად განსხვავდება ნამდვილ მტევანდიდისაგან.
მამალი მტევანდიდი ნამდვილი მტევანდიდის მცირემოსავლიანი ვარიაციაა. ვაზს ახასიათებს ძლიერი ზრდა ცალკეული რქების სიგრძე სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ხშირად 4-5 მ აღწევს. საშუალოზე მცირე სიდიდისა და ღრმად დანაკვთული ფოთლები აქვს. მტევანი საშუალოზე მცირეა, დატოტვილია, მეჩხერი და თითქმის უფორმო. მარცვალი საშუალოზე მცირეა და ჩვეულებრივ ტკბილი გემო აქვს. რქაზე ხშირად ერთი მტევანია, როგორც მცირემოსავლიანი ვარიაცია, იგი ინტერესს მოკლებულია.
მტევანდიდის ღვინო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მტედავნდიდის ღვინო მუქი ვარდისფერია, არის სკამაოდ მრგვალი და ჰარმონიული, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით. მტევანდიდის ღვინო კარგად ინახება და უძლებს ტრანსპორტირებას.
მტევანდიდი წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული აგრეთვე ძირითად საკუპაჟე მასალად. მტევანდიდისა და სხილათუბანის შერევით მიიღება წითელ სუფრის ღვინო „საჯავახოს ღვინო“. მტევანდიდის და ჯანის შერევით მიიღება აგრეთვე სუფრის წითელი ღვინო. ბახვის, ბაღდადის და ასკანის მიკროზონაში მოყვანილი მტევანდიდისგან დგება მუქი წითელი, მაგარი ღვინო, რომელიც ახლოს დგას კახურ წითელ ღვინოებთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 250
- რამიშვილი მ., „გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები“, თბ.: სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1948. — გვ. 82-86.
- ნაკაშიძე ე., მევენახეობა-მეღვინეობა, თბ: სახელგამი, 1929. — გვ. 24, 42.
- შარაშიძე გ., ექვსი საუკეთესო გურული ყურძნის ჯიშის ამპეოლოგია // „გურიის წარსულიდან“, თბილისი, 2006 [1930]. — გვ. 177-178, ISBN 99940-62-66-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული ვაზის ჯიშების მიმოხილვა-მტევანდიდი
- ყურძნის ჯიშები ასოციაცია „ქართული ღვინო“